ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრებში პირველი მატჩი მოიგო

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა, ისტორიაში პირველად რუმინეთის ეროვნული გუნდი მისსავე მოედანზე დაამარცხა.

ვილი სანიოლისთვის, რუმინეთთან დაპირისპირება რიგით მეოთხე იყო და სწორედ მეოთხე შეხვედრაში მოიპოვა ფრანგმა გამარჯვება.

მიუხედავად იმისა, რომ მატჩი ამხანაგური იყო და არაოფიციალური შეხვედრა, ნავსი გატეხილია და ამ გუნდების რვა დაპირისპირების ისტორიაში, მოგება საქართველომ პირველად მოახერხა.

პირველი ტაიმი მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა. პირველი ტაიმის ბოლოს, გრიგოლ ჩაბრაძის აქტიურობას მოჰყვა ის, რომ ბერძენმა არბიტრმა მოედნიდან რუმინელი ფეხბურთელი გააძევა და მასპინძლები კაცნაკლულები დარჩნენ მოედანზე. მეორე ნახევრის სტარტზე, სანიოლმა ცვლილება განახორციელა, მოედანზე ოთარ კიტეიშვილი გამოიყვანა, რამაც შეტევები უფრო აქტიურო და მრავალფეროვანი გახადა. სწორედ მის გადაცემას მოჰყვა გიორგი მიქაუტაძის სადებიუტო გოლი საქართველოს ნაკრების მაისურით რუმინელთა კარში.

64-ე წუთზე 10 კაცით დარჩა მოედანზე საქართველოც. საბა კვირკველია საჯარიმოში წესების დარღვევისთვის დაჯარიმდა, მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედანი დატოვა.  რუმინელებს 11-მეტრიანიდან შეეძლოთ წონასწორობის აღდგენა, თუმცა, მარინმა პენალტი ძალიან ცუდად შეასრულა და ბურთი დიდი მანძილით ააცილა კარს.

სანიოლმა მეორე შეცვლაც გამოიცნო. შენგელიას ნაცვლად, მოედანზე გამოსულმა საბა ლობჟანიძემ გიორგი აბურჯანიასთან ძალიან კარგი კომბინაცია გაითამაშა, რაც აბურჯანიას ასევე სადებიუტო გოლით დასრულდა – 0:2. საქართველოს ნაკრების უპირატესობა, ერთი შეხედვით, ძალიან კომფორტული გახდა, თუმცა, რუმინელები ძალიან გააქტიურდნენ დარჩენილ დროში.

78-ე წუთზე, საქართველოს ნაკრების დაცვის ხაზის ჩავარდნის შემდეგ, ივანმა კუპატაძის კარი აიღო, რომელსაც ამ ბურთის მოსაგერიებლად პრაქტიკულად, შანსიც არ ჰქონია.

მიუხედავად იმისა, რომ მომენტები ჰქონდათ მატჩის მიწურულს რუმინელებს, ანგარიში აღარ შეცვლილა.

4 ივლისს, საქართველო ჰოლანდიას დაუპირისპირდება.

 

  •  
  •  
  •  
  •  
  •