თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა სოფიაში ლიცენზია ვერ მოიპოვეს

ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ბოლო სალიცენზიო ტურნირზე, საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ვერცერთი ლიცენზიის მოპოვება ვერ შეძლო.

57 კგ წონით კატეგორიაში, ოთარ გოგავამ პირველივე შეხვედრა აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე გიორგი ედიშერაშვილთან წააგო. სანდრო ამინაშვილმა (86კგ) ერთი ეტაპი გაიარა და შემდეგ აზერბაიჯანელ მეტოქესთან დამარცხდა.

“last chance”-ის ტურნირზე ყველაზე კარგად 65 კილოგრამი წონითი კატეგორიის დებიუტანტი ბექა ლომთაძე გამოიყურებოდა, რომელმაც, ვლადიმერ ხინჩეგაშვილის არყოფნაში (კორონავირუსი დაუდასტურდა) 1/4 ფინალური დაპირისპირება პოლონელ გაჯიევთან 2:1 დათმო და ამ წონაშიც ლიცენზია დაკარგა საქართველომ.

ამრიგად, გიორგი იანტბელიძის ნაკრებს ტოკიოში მხოლოდ სამი წარმომადგენელი ეყოლება. ნურ სულთანის მსოფლიო ჩემპიონატზე, 2019 წელს ლიცენზიები გენო პეტრიაშვილმა (125კგ) და ელიზბარ ოდიკაძემ (97კგ) მოიპოვეს, ხოლო 74 კილოში, ბუდაპეშტში, ტოკიოს საგზური ავთანდილ კენჭაძემ აიღო.

8 მაისიდან დარჩენილ ორ წონაში საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ორი წევრი იჭიდავებს. 60 კგ-ში – დავით ჩხარტიშვილი, ხოლო 77-ში – ბაკურ გოგოლი.

  •  
  •  
  •  
  •  
  •