ყველაფერი დასრულებულია – ლადო ხინჩეგაშვილი სალიცენზიო ტურნირს ვერ იჭიდავებს

თავისუფალი სტილით მოჭიდავე ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ბოლო სალიცენზიო ტურნირს, რომელიც 6-9 მაისს სოფიაში გაიმართება, ვერ იჭიდავებს.

ოლიმპიურ ჩემპიონს კორონავირუსი დაუდასტურდა, რომლის შესახებაც ინფორმაცია ფეისბუქის “სთორიში” თავად გაავრცელა.

“ყველაზე უადგილო მომენტი და ყველაფერი დასრულებულია”, – წერს ოლიმპიური ჩემპიონი.

ხინჩეგაშვილმა ევროპის ჩემპიონატი იმიტომ გამოტოვა, რომ სწორედ ამ სალიცენზიო ტურნირისთვის მომზადებულიყო,თუმცა, ის წერს, რომ მისთვის ახლა ყველაფერი დასრულდა.

თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მთავარ მწვრთნელს, გიორგი იანტბელიძეს სოფიას ტურნირზე შემადგენლობის შერჩევა აშკარად გაუჭირდება, რადგან ევროპირველობიდან COVID-19-ით დაბრუნდა სამშობლოში ბექა ბუჯიაშვილი, რომელსაც 57 კილოგრამში უნდა ეჭიდავა სწორედ ლიცენზიისთვის, კორონავირუსი აქვს ზურაბ იაკობიშვილსაც, ამიტომ სავარაუდოა, რომ ან 57 ან 65 კილოში იანტბელიძე ბექა ლომთაძეს მისცემს შანსს.

ამ დროისთვის, თავისუფლებიდან ოლიმპიური ლიცენზია გენო პეტრიაშვილს, ელიზბარ ოდიკაძეს და ავთანდილ კენჭაძეს აქვთ. დარჩენილ წონებში იანტბელიძის გუნდი ლიცენზიების მოპოვებას სწორედ “ბოლო შანსის” ტურნირზე გეგმავდა.

  • 102
  •  
  •  
  •  
  •