ოფიციალურად: ფუტსალის ეროვნული ნაკრები ევრო2022-ზე ითამაშებს

ისტორიაში პირველად, საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ევროპის 2022 წლის ჩემპიონატზე ითამაშებს.

ავთანდილ ასათიანის გუნდმა, დღეს ურთულესი და ძალიან დაძაბული შეხვედრა ჩაატარა საფრანგეთის წინააღმდეგ და ანგარიშით – 3:2 გაიმარჯვა.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრის ხუთივე გოლი მატჩის პირველ ნახევარში გავიდა, ხოლო მეორე ტაიმში, არაერთი საგოლე მომენტისა, ორივე ნაკრების მხრიდან, ტაბლოზე ანგარიში აღარ შეცვლილა.

ფრანგები მალევე დაწინაურდნენ და მესამე წუთზე ანგარიში გახსნეს. წონასწორობა სამ წუთში თალესმა ყუმბარისებური საჯარიმო დარტყმით აღადგინა, ერთ წუთში კი საქართველო წინ გავიდა. შაგინიას გადაცემით რონინიომ გაიტანა – 2:1.

მე-12 წუთზე ფრანგებმა ანგარიში გაათანაბრეს და თითქოს ყველაფერი ფრისკენ მიდიოდა, პირველი ტაიმის დასრულებამდე 6 წამით ადრე, რონის პასით, თალესმა ისევ ყუმბარისებურად გაისროლა – 3:2.

როგორც აღვნიშნეთ, მეორე ტაიმში, უხვი საგოლე მომენტები იყო, მაგრამ ქართველმა ფეხბურთელებმა ყველაფერი ლოგიკური შედეგით დაასრულეს.

მოგვიანებით, სერბეთსა და რუმინეთს შორის გამართული შეხვედრა ფრედ – 4:4 დასრულდა, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ნაკრებმა ევრო2022-ზე თამაში გაინაღდა.

ფოტო: სფფ

  • 472
  •  
  •  
  •  
  •