ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს საბერძნეთიდან ქულა მოაქვს

ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა, მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველი ქულა მოიპოვა.

ვილი სანიოლის გუნდმა გასვლაზე, საბერძნეთს ტოლი არაფერში დაუდო და შეხვედრა ფრედ – 1:1 დაასრულა. სამწუხაროა, რომ ორივე გოლი, ამ დაპირისპირებაში ქართველმა ფეხბურთელებმა გაიტანეს.

საწყის წუთებში, ბერძნები გარკვეულ უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ 20-25 წუთის გასვლის შემდეგ, ქართველმა ფეხბურთელებმა სათამაშო ხარისხი ყველა კომპონენტში გააუმჯობესეს და ეს სტატისტიკაშიც აისახა.

ჩვენ ბერძნების კარში იმაზე მეტჯერ დავარტყით, მათ კი ეს მხოლოდ ერთხელ მოახერხეს.

მატჩის პირველი ნახევარი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა. 76-ე წუთზე, როდესაც ბერძნები შეტევაში იყვნენ და ამას შტურმის სახე არ ჰქონდა, ოთარ კაკაბაძემ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა და ბერძნები დაწინაურდნენ, თუმცა ეს მხოლოდ 2 წუთს გაგრძელდა. ზუსტად ორ წუთში, ხვიჩა კვარაცხელიამ მეტოქის კარში ამჯერადაც გაიტანა და როგორც ჩანს, საბოლოო შედეგიც დააფიქსირა.

შეხვედრის მიწურულს, ქართველებს მასირებული შეტევა ჰქონდათ ბერძნების კართან, თუმცა, გოლი არ გავიდა. გატანის რეალური შანსი ჰქონდა ჯაბა კანკავას, თუმცა, მასპინძელთა მეკარემ გაშვებული გოლისგან იხსნა საკუთარი გუნდი.

ეროვნული გუნდი მომდევნო ოფიციალურ მატჩს, 2 სექტემბერს, თბილისში, კოსოვოს წინააღმდეგ გამართავს.

ფოტო: სფფ

  • 56
  •  
  •  
  •  
  •