საქართველო-ესპანეთი 1:2 – თამაში, რომელიც არ უნდა წაგვეგო

ეროვნული საფეხბურთო ნაკრები, მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-2 ტურში, “დინამო არენაზე” ესპანეთთან 1:2 დამარცხდა, თუმცა, ეს იყო დასანანი მარცხი, რადგან საქართველომ მეტოქეს ღირსეული კონკურენცია გაუწია და უფრო მეტიც, 56-ე წუთამდე, სტუმრები მდევრის როლში აღმოჩნდნენ.

თამაშის გარჩევას სანამ დავიწყებთ, აუცილებლად უნდა აღინიშნოს ვილი სანიოლის რისკიანი გადაწყვეტილებები, ის სათამაშო დისციპლინა და ხასიათი, რასაც ეროვნული ნაკრები ამ ორ შეხვედრაში ავლენს.

როგორც ჩანს, მარცხენა მცველის პოზიციაზე პრობლემა აღარ გვაქვს, რადგან ახალგაზრდა გიორბელიძემ შვედეთისა და ესპანეთის წინააღმდეგ ძალიან დამაჯერებლად ითამაშა. ამავე ფლანგზე შესანიშნავად გამოიყურება ხვიჩა კვარაცხელია, რომლის თამაშიც, ესპანეთის წინააღმდეგ გამორჩეული აღნიშვნის ღირსია.

ბევრი წელია უკვე, ქართველ გულშემატკივარს არ უნახავს, თუ როგორ მწვავედ ერთვებოდნენ ფლანგები შეტევაში, თუმცა, სანიოლის არჩევანმა, ძირითად შემადგენლობაში, ესპანეთის წინააღმდეგ ბუდუ ზივზივაძეს ეთამაშა, აშკარად არ გაამართლა. ზივზივაძეს უჭირდა შეტევებში ჩართვა, ბურთის მიღება, მაღალ ბურთზე ბრძოლა და აშკარა იყო, რომ მთლიანობაში ამოვარდნილი იყო სათამაშო სქემიდან.

ესპანელები საქართველოს ძირითადად მარჯვენა ფლანგიდან უტევდნენ, სადაც, დღეს, შვედეთისგან განსხვავებით, ოთარ კაკაბაძე თამაშობდა. მარჯვენა მცველს თავის კლუბში პრაქტიკულად სათამაშო დრო არ ეძლევა და ორი შეხვედრის ჯამში, ჩაბრაძემ გაცილებით კარგი შთაბეჭდილება დატოვა, ვიდრე კაკაბაძემ და მოსალოდნელია, რომ სწორედ ჩაბრაძე ჩაიბარებს ამ ფლანგს.

დაცვის ცენტრში, სანიოლი აუცილებლად დაეყრდნობა გურამ კაშიას, რადგან გამოცდილმა ფეხბურთელმა, ორივე შეხვედრა ძალიან მაღალ დონეზე ჩაატარა და დღეს, ესპანეთის კარში ბურთსაც გაიტანდა, რომ არა ესპანელთა კარის კიპერის ძალიან დამაჯერებელი თამაში. მე-18 წუთზე, საბა ლობჟანიძის კუთხურს სწორედ კაშიამ დაახვედრა თავი და მეტოქის კართან პირველი სახიფათო ეპიზოდიც შეიქმნა.

კაშიას, სანიოლიმ ამჯერად დვალი შეუწყვილა. როგორც ჩანს, ფრანგი სპეციალისტი ჯერ კიდევ ძიებაშია. როგორც მარჯვენა ფლანგზე, ისე ნახევარდაცვის ცენტრში, საყრდენად კანკავას გვერდით გვილია გაამწესა, თუმცა, აქაც სავარაუდოა, რომ ამ პოზიციაზე სანიოლი უფრო ბურთის დამჭერ მოთამაშეს ეძებს და ჯერ კიდევ ძიების პროცესშია.

ძალიან კარგი იყო ესპანელთა წინააღმდეგ ოთარ კიტეიშვილიც, რომლის უზუსტესი და ჭკვიანური გადაცემით გაიტანა ხვიჩა კვარაცხელიამ ბურთი ესპანელთა კარში.

რაც შეეხება ხვიჩას, მატჩის სტარტზევე, მოახერხა ის, რომ მეტოქე გუნდის ორი ფეხბურთელი გააფრთხილებინა, ისე აწიოკებდა ესპანელ მცველებს, თავბრუს ახვევდა, რომ მისი შეჩერება ძალიან უჭირდათ. სწორედ ამიტომ თქვა ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე, რომ ეს ახალგაზრდა მოთამაშე ძალიან მაღალი კლასის ფეხბურთს აჩვენებს და თუ ასე გააგრძელებს პროგრესს, მას უდიდესი კარიერა მოელის წინ.

საქართველომ ესპანეთს ბურთი, როგორც იტყვიან, გასახდელში გააყოლა, ამიტომ, მოულოდნელი არ ყოფილა მეორე ნახევარში სტუმრების შტურმი. ლუის ენრიკეს გუნდმა ინიციატივა თავზე აიღო და საქართველო თავის ნახევარს მიაჯაჭვა, რასაც 56-ე წუთზე, ფერან ტორესის გოლი მოჰყვა. მიუხედავად ამისა, ქართველი ფეხბურთელები თავს იცავდნენ. ვილი სანიოლიმ შეცვლებიც დროული განახორციელა. დაცვის გამაგრება არ დაუწყია და კონტრშეტევებზე აგებული თამაშით ცდილობდა მის გუნდს შანსი მიეღო.

თითქოს, ყველაფერი ლოგიკური ფრისკენ მიდიოდა, თუმცა, მსაჯის მიერ კომპენირებულ მეორე დამატებულ წუთზე, ოლმომ შორიდან გაისროლა. ლორია წინ იყო გამოსული, ბურთს შეწვდა კიდეც, მაგრამ ბურთი ძელს მოხვდა და კარში შევარდა. დარჩენილ დროში, რუმინელმა არბიტრმა ლევან შენგელიას ეპიზოდი საკმაოდ მკაცრად შეაფასა და ის მოედნიდან გააძევა. დარჩენილ 1 წუთში კი, ბუნებრივია, სურათის შეცვლა ძალიან რთული მისია იყო.

ორი მატჩის რეზიუმე რომ გავაკეთოთ, ვილი სანიოლი არსებულ რესურსს სინჯავს , რომ დაინახოს, ვის რა შესაძლებლობა აქვს და რამდენ ხანს შეუძლია მოედანზე სრულყოფილი თამაში. ნაკრებს აქვს სათამაშო დისციპლინა, კარგად ესმით, რას ითხოვს მწვრთნელი მათგან, აშკარაა, რომ ადგილი არავის ექნება გარანტირებული, რადგან თუ არ აჩვენებს მაქსიმუმს, მას შეცვლის სხვა და ეს, გარკვეულწილად კონკურენციას ზრდის თითოეულ პოზიციაზე. რაც მთავარია, ფრანგი სპეციალისტი ეროვნულ ნაკრებში გამოძახებულ ყველა ფეხბურთელს უცხადებს ნდობას და ეს მნიშვნელოვანია მათი თავდაჯერებისთვის.

რაც მთავარია, ჩვენ დავინახეთ, რომ სანიოლის აქვს გამბედაობა და უყვარს გარისკვა. დიდი ხანია, საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელებისგან არ მოგვისმენია, რომ გაცილებით მაღალი კლასის გუნდებთან, გასვლით თამაშებზე ქულების აღებას გეგმავენ. ფრანგმა კი განაცხადა, რომ ის საბერძნეთში არა თავის დასაცავად, არამედ ქულების ასაღებად მიდის.

ფოტო: გიორგი ჯიქია

  • 178
  •  
  •  
  •  
  •