ზედიზედ მეოთხე გამარჯვება: ბორჯღალოსნებმა რუმინეთის ნაკრები 28:17 დაამარცხეს

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა, რაგბი ევროპის მიმდინარე გათამაშებაზე, ზედიზედ მეოთხე გამარჯვება მოიპოვეს.

ლევან მაისაშვილის გუნდმა, “მიხეილ მესხზე” რუმინეთის ნაკრებს უმასპინძლა და ანგარიშით – 28:17 დაამარცხა და ანთიმოზ ივერიელის თასს დაეუფლა.

აღსანიშნავია, რომ კოვიდპანდემიის პირობებში, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, დღევანდელ შეხვედრას პირველად დაუბრუნდა მაყურებელი, თუმცა შეზღუდული რაოდენობით. თუმცა, ქართველი ქომაგი, როგორც ყოველთვის, ახლაც მთელი გულით ამხნევებდა ეროვნულ გუნდს.

ანგარიში, შეხვედრაში მე-10 წუთზე, ქართველების ლელოთი გაიხსნა, რასაც 21-ე წუთზე, თედო აბჟანდაძის საჯარიმო დარტყმა მოჰყვა. ზუსტად ერთ წუთში, რუმინელებმა ლელო დაგვიდეს და გარდასახეს კიდეც, პირველი ტაიმის დამატებულ ბოლო წუთზე, ისევ თედო აბჟანდაძემ საჯარიმო დარტყმა ზუსტად შეასრულა და პირველი ტაიმი 13:7 მოვიგეთ.

მეორე ნახევარი ახალი განახლებული იყო, როდესაც რუმინელებმა საჯარიმო დარტყმით სხვაობა ისევ შეამცირეს, რასაც 6 წუთში, გიგაშვილის ლელო და აბჟანდაძის გარდასხვა მოჰყვა.

თამაში საკმაოდ დინამიური გამოდგა, რაც შერკინებების ნაკლებობაშიც აისახა. უკვე 61-ე წუთზე, რუმინელებმა ისევ ლელო დაგვიდეს და ზუსტად გარდასახეს, რამაც სხვაობა უკვე არაკომფორტული გახადა. 70-ე წუთზე თავისი ლელო ტაბუცაძემ დადო, ხოლო შეხვედრის ბოლო წუთზე, რუმინელების ნახევარზე ბურთი ბაბუნაშვილმა დაამიწა – 28:17.

ბორჯღალოსნები ჯგუფს 18 ქულით ლიდერობენ.

ფოტო: რაგბის კავშირი

  • 1.1K
  •  
  •  
  •  
  •