ირაკლი გეგენავა: ასეთი ფონი ქართულ რაგბს აზიანებს

საქართველოს 7-კაცა ნაკრების ყოფილი მორაგბე, ირაკლი გეგენავა გულდაწყვეტილია იმ ფონით, რომელიც რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნების გარშემო შეიქმნა.

ის იმედოვნებს, რომ დაპირისპირება დასრულდება და ყველაფერი კანონის ფარგლებში მოექცევა.

“არჩევნების პროცესი ძალიან გაიწელა და მას თან ახლავს ცუდი ფონი, რაც ძალიან საწყენია. დიდი ხანია რაგბს ვთამაშობ და ორივე მხარეს უამრავი მეგობარი მყავს. გული მტკივა, როდესაც ვუყურებ აგრესიას და შეურაცხმყოფელ შეძახილებს ვეტერანი მორაგბეების მიმართ. ეს ჩემთვის მიუღებელია და ვიმედოვნებ, უახლოეს პერიოდში ყველა დამშვიდდება და მოხდება გაერთიანება.

პირადად ვიცნობ იმ სამივე კანდიდატს, რომლებიც პირველ არჩევნებზე დარეგისტრირდნენ და რაგბისთვის სამივეს ბევრი კარგი აქვს გაკეთებული. რომელიმე მათგანის მხარდაჭერა იმას არ ნიშნავს, რომ დანარჩენებს ვუპირისპირდები და მნიშვნელოვანია ეს ყველამ გაიაზროს.

სოსო ტყემალაძე ახლახანს გავიცანი და ძალიან კარგი მესიჯით მოდის. ის ცდილობს არეული სიტუაციის დალაგებას, რისი წინააღმდეგიც არავინ უნდა იყოს”, – აცხადებს გეგენავა.

ვეტერანი ბორჯღალოსანი რეზო ბელქანიაც, რაგბის კავშირის პრეზიდენტობის კანდიდატს, სოსო ტყემალაძეს დადებითად ახასიათებს და არსებული მდგომარეობიდან საუკეთესო გამასავალს, მის გარშემო გაერთიანებაში ხედავს.

“სოსო ტყემალაძეს 20 წელზე მეტია ვიცნობ და რაგბისთვის კარგის მეტი არაფერი უკეთებია. თამაში რომ დავიწყე, არანაირი სავარჯიშო პირობები არ გვქონდა, ელემენტარულად გზის ფულიც არ იყო. ამ დროს გამოჩნდა კლუბ “ლელოში” სოსო ტყემალაძე, რომელიც უანგაროდ გვეხმარებოდა, თითოეული მოთამაშის სატკივარი გულთან ახლოს მიქონდა. მას ძალიან ბევრი აქვს რაგბისთვის გაკეთებული და ზუსტად ვიცი, რომ მისი პრეზიდენტობა და მის გარშემო გაერთიანები, არსებული სიტუაციიდან რაგბისთვის საუკეთესოს მომტანი იქნება. მით უმეტეს, ის აპირებს, რომ გამგეობაში ყველა კლუბის წარმომადგენელი შეიყვანოს და მართვის სადავეები სწორედ კლუბების ხელში იქნება.

როგორც ყველა კარგი მოთამაშე კარგი მწვრთნელი ვერ ხდება, ასეა ამ შემთხვევაშიც და მნიშვნელოვანია ამ საკითხს ცივი გონებით მივუდგეთ. ძლიერ მენეჯერს გვერდით რაგბში სახელმოხვეჭილი ადამიანები თუ დაუდგებიან, საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ, ეს საერთო საქმეს წაადგება და ამგვარი გაერთიანებით საუკეთესო ნაზავს მივიღებთ. შუღლს და დაპირისპირებას კარგი არაფერი მოაქვს. მით უმეტეს ახლა, როდესაც ჩვენი ნაკრები უმნიშვნელოვანესი თამაშებისთვის ემზადება. ასეთი სიტუაცია ნაკრების ბიჭების განწყობაზეც უარყოფითად ისახება და წნეხში არიან, რაც მზადებაზე შესაძლოა უარყოფითად აისახოს. სწორედ ამიტომ, რაც უფრო მალე დასრულდება გაურკვევლობა, მით უფრო მალე დაიწყება მშენებლობა”. – ამბობს ბელქანია, რომელიც ბორჯღალოსნების კვართით 2004-2013 წლებში თამაშობდა.

  • 5
  •  
  •  
  •  
  •