ნონო ანდღულაძე: წინსვლისთვის სიმშვიდე და ძლიერი მენეჯერი გვჭირდება

ყოფილი ბორჯღალოსანი, ნოდარ ანდღულაძე საქართველოს რაგბის კავშირის სოციალური პროექტების მენეჯერია, რომელსაც კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით არა ერთი წარმატებული პროექტი აქვს განხორციელებული.

“ქართულ რაგბს განვითარებისთვის პირველ რიგში სიმშვიდე, ხოლო მმართველ გუნდს მეტი პროფესიონალი სჭირდება. მენეჯმენტი მოითხოვს სპეციფიურ უნარებს და შესაბამის ცოდნას, რომელსაც მოედანზე ვერ შეიძენ. მიმაჩნია, რომ ქართულ რაგბს დღეს სწორედ გამოცდილი, პროფესიონალი მენეჯერი სჭირდება, რომელსაც ამ სპორტთან დიდი ხნის სიყვარული და ურთიერთობა აკავშირებს.

“როდესაც „ლელოს“ მოთამაშე ვიყავი, მაშინ გავიცანი სოსო ტყემალაძე. ის ჩართული იყო კლუბის მენეჯმენტში, უანგაროდ გვეხმარებოდა და ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის კლუბის წარმატებების სერიაში. პირადად მე კი მოგვიანებით, არაერთხელ დამხმარებია ამა თუ იმ პროექტის წარმატებით განხორციელებაში. სწორედ მასში ვხედავ კომუნიკაციის იმ უნარებს, რომელსაც შეუძლია ქართული რაგბის რთული სიტუაციიდან გამოყვანა და ახალ სიმაღლეზე აყვანა.

დისკუსიის თემა გახდა ის ფაქტი, რომ სოსოს რაგბი არასდროს უთამაშია, თუმცა სხვა წარმატებული სარაგბო ქვეყნების მაგალითზე ნათლად ჩანს, რომ ეს არ არის ის აუცილებელი პირობა, რაც რაგბის კავშირის პრეზიდენტობისთვის არის საჭირო. სამხრეთ აფრიკის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, თუმცა ამ ქვეყნის რაგბის კავშირის პრეზიდენტ მარკ ალექსანდერს (Mark Alexander) და აღმასრულებელ დირექტორი ჟური რუს (Jurie Roux) რაგბი არასდროს უთამაშიათ. ანალოგიური სიტუაციაა ავსტრალიის, ირლანდიის, უელსის და სხვა ქვეყნების პრეზიდენტების თუ აღმასრულებელი დირექტორების შემთხვევაშიც. ზოგი მათგანი სატელევიზიო არხის აღმასრულებელი დირექტორი იყო, ზოგი ფინანსისტი, თუმცა დღეს წარმატებით მოღვაწეობენ ამ ქვეყნების რაგბის კავშირებში”, – აცხადებს ანდღულაძე.

ვეტერანი ბორჯღალოსანი და საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი მწვრთნელი, ბესიკ ხამაშურიძე ასევე ეხმაურება კავშირის გარშემო მიმდინარე პროცესებს და მიიჩნევს, რომ ქართული რაგბის მომავლისთვის, მნიშვნელოვანია, საარჩევნო პროცესი უმოკლეს ვადებში დასრულდეს და რაგბის კავშირის ნორმალურ სამუშაო გარემოს დაუბრუნდეს.

ხამაშურიძე ერთ-ერთია იმ ვეტერან მორაგბეებს შორის, რომლებმაც ცოტა ხნის წინ სოსო ტყემალაძის მხარდამჭერი წერილი გამოაქვეყნეს.

“მნიშვნელოვანია დროზე დასრულდეს საარჩევნო პროცესი, რათა ეროვნულ ნაკრებს, ასევე კლუბებს, ნორმალურად ფუნქციონირების შესაძლებლობა მიეცეთ. ვისაც რაგბი უყვარს, ეს უნდა გაითვალისწინოს. შესაძლოა 100%-ით ყველა საკითხში შეთანხმება ვერ მოხერხდეს, მაგრამ ვისაც ქართულ რაგბზე გული შეგვტკივა, ამისათვის მაქსიმუმი უნდა გავიღოთ, რათა ქართული რაგბი წინ წავიდეს. ასეთი გაურკვევლობა კარგს არაფერს მოიტანს, კარგი მენეჯერი კი ამ პროცესს სწორ მიმართულებას მისცემს”, – განაცხადა ხამაშურიძემ.

  • 3
  •  
  •  
  •  
  •