შოკა მოდებაძე: რაგბი და ნაკრები მთელი ქვეყნისაა და არა მხოლოდ მორაგბეების!

ლეგანდარული ქართველი მწვრთნელის, საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელის, გურამ მოდებაძის (ბურძგლა) შვილი, ბორჯღალოსანი შოკა მოდებაძე, რომელიც საქართველოს ნაკრების ღირსებას 1993-2002 წლებში იცავდა, მიიჩნევს, რომ აუცილებელი არაა რაგბის, ფარიკაობის და სხვა სახეობის ფედერაციას მორაგბე, ან მოფარიკავე მართავდეს.

ის მიიჩნევს, რომ რაგბი და ნაკრები მთელ ქვეყანას ეკუთვნის, მორაგბეები კი რიგითი ჯარისკაცები არიან.

“ვერ გავიზიარებ ირაკლი აბუსერიძის და მისი მომხრეების ხედვას, რომ რაგბი მხოლოდ მორაგბეებისაა და მის მართვაში არავინ უნდა ჩაერიოს. რაგბი და საქართველოს ნაკრები მთელი ქვეყნისაა და ჩვენ ვართ ჯარისკაცები, რომლებმაც ჩვენი საქმე უნდა ვაკეთოთ. სირცხვილია იმის თქმა, რომ არამორაგბე, მაგრამ პროფესიონალ მენეჯერს მის მართვაში მონაწილეობის უფლება არ აქვს. რატომ, ეს თამაში მამა-პაპისგან მემკვიდრეობით გვერგო? არალოგიკურია, რაგბის კავშირის პრეზიდენტად მხოლოდ რაგბის დახვეწილი უნარების მქონე ადამიანს ვირჩევდეთ. თუ გადახედავთ მსოფლიოს წამყვან სარაგბო ქვეყნებს, ვერსად მოისმენთ, რომ რაგბი მხოლოდ ჩვენია და მის მართვაში არავინ უნდა ჩაერიოს.

მეც მითამაშია ნაკრებში, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ნაკრები და რაგბი მხოლოდ ჩემია. მე ვიყავი მისი რიგითი წევრი, მქონდა პატივი მეთამაშა ქვეყნის სახელით, რაც უდიდესი ბედნიერებაა და მეტი არაფერი. როგორც არის გამონათქვამი ერი და ხალხი, ზუსტად ასეა ამ შემთხვევაში – ჯერ არის რაგბი და მერე ვართ მორაგბეები!

არამორაგბეს შეუძლია იყოს კარგი მენეჯერი და წარმატებით მართოს ფედერაცია. ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტი აუცილებლად მოფარიკავე უნდა იყოს? ვთვლი, რომ ყველამ თავისი საქმე უნდა აკეთოს – მენეჯერმა მართოს, მორაგბემ ითამაშოს და ყველამ ერთად შევიტანოთ საკუთარი წვლილი რაგბის წარმატებაში. მნიშვნელოვანია, რომ ეს გაუსაძლისი სიტუაცია დროზე დასრულდეს, რადგან უკვე ძალიან შეილახა რაგბის სახელი. ახლა დროა გავერთიანდეთ და ყველამ ერთად ვაკეთოთ საერთო საქმე, რადგან რაგბია მთავარი და არა კონკრეტული პიროვნებები”, – აცხადებს მოდებაძე.

ვეტერანი მორაგბე მიიჩნევს, რომ არსებულ სიტუაციაში სოსო ტყემალაძის კანდიდატურა საუკეთესო გამოსავალია.

“ტყემალაძეს პირადად არ ვიცნობ, თუმცა არ უნდა დავივიწყოთ, რამდენი სიკეთე გაკეთდა ქართული რაგბისთვის ბოლო 15 წლის განმავლობაში და როგორც ვიცი, ამ პროცესებში ეს კაციც იყო ჩართული. მე და ჩემი თაობის მორაგბეებს ასფალტზე გვიწევდა ვარჯიში და თამაში, ახლა კი ლამის ყველა კლუბს საკუთარი ბაზა აქვს. ამის არდანახვა უმადურობა იქნება. ჩემი აზრით, ნაკლებად უნდა გვადარდებდეს თამაშობდა თუ არა სოსო ტყემალაძე რაგბს, მთავარია, რა გაუკეთებია და რას გააკეთებს ჩვენთვის საყვარელი სპორტისთვის. მიმაჩნია, რომ რაგბის კავშირის სათავეში მისი მოსვლით, გაგრძელდება ყველა ის პროექტი, რომელმაც ქართული რაგბი ბოლო წლებში ასე წინ წაიყვანა”. – ღიად უჭერს მხარს შოკა მოდებაძე სოსო ტყემალაძის კანდიდატურას.

საქართველოს ნაკრების ყოფილი მორაგბე და უმცროსი ბორჯღალოსნების (U 20) მთავარი მწვრთნელი, ილია მაისურაძეც მიიჩნევს, რომ რაგბის კავშირის პრეზიდენტობის კანდიდატი სოსო ტყემალაძე, ქართულ რაგბს რთული სიტუაციიდან გამოიყვანს.

“მე მას დიდი ხანია ვიცნობ წესიერ, პროფესიონალ ადამიანად. სოსო ძლიერი მენეჯერია, რომელსაც რთული სიტუაციიდან გამოსვლა ეხერხება და ეს არაერთხელ დაუმტკიცებია”, – აცხადებს 20-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი.

  • 2
  •  
  •  
  •  
  •