3 ოქრო, 2 ვერცხლი, 1 ბრინჯაო – ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეების შესანიშნავი სტარტი კიევში

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა, კიევის საერთაშორისო ტურნირის პირველი საფინალო დღე 3 ოქროს, 2 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედლით დაასრულა.

ვლადიმერ გეგეშიძის გუნდის ხუთივე წევრმა შეძლო პირველ საშეჯიბრო დღეს ფინალში გასვლა და ეს შედეგი მართლაც შესანიშნავია, რასაც ვერ. ვიტყვით თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებზე. რომელიც მხოლოდ ერთ ბრინჯაოს მედალს დასჯერდა დღეს და ისიც გიორგი სულავას (74კგ) ანგარიშზეა.

55 კგ წონით კატეგორიაში, ნუგზარ წურწუმიამ ირანელი აბასპურაჯი, დაძაბულ შეხვედრაში, 3:3-ზე დაამარცხა და ეროვნულ გუნდს პირველი ოქრო მოუტანა. ლერი აბულაძემ (63) მხარი აუბა თანაგუნდელს და თურქ კამალს 3:4 სძლია. შმაგი ბოლქვაძე (72კგ) 9:1 დამარცხდა სომეხ ამოიანთან, აივენგო რიკაძემ (82კგ) სომეხ ჩალიანს არაფერი დაუთმო (5:3) და მესამე ოქრო ჩააგდო ყულაბაში. რაც შეეხება 97 კგ წონით კატეგორიას, გიორგი მელიამ, სავარაუდოდ, ტრავმის გამო, ბრძოლაზე უარი თქვა, თუმცა, პატივისცემის ნიშნად, ყირგიზ მეტოქეს გამოუცხადდა.

კიდევ ერთი მედალი რამაზ სილაგავას (55კგ) ანგარიშზეა, რომელმაც ყირგიზ კონკურენტს მესამე ადგილისთვის ბრძოლაში აჯობა.

თავისუფალი სტილით მოჭიდავე, ელიზბარ ოდიკაძემ  (97კგ) მესამე ადგილისთვის შეხვედრა დათმო.  გიორგი იანტბელიძის გუნდიდან, კიევის საერთაშორისო ტურნირზე მხოლოდ ნიკა კენჭაძე (79კგ) და ირაკლი მწითური (92კგ) გავიდნენ. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ორივე მათგანი გიორგი გოგშელიძის პირადი მოსწავლეა. თავისუფლებიდან ბრინჯაოსთვის ხვალ ზურა იაკობიშვილი (70კგ) და გივი მაჭარაშვილი (125კგ) იჭიდავებენ.

რაც შეეხება ბერძენ-რომაელებს, ლადო გეგეშიძის გუნდი მართლაც შესანიშნავად ასპარეზობს კიევში. ტურნირის ბოლო დღეს, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებს უკვე გარანტირებულად აქვს ყულაბაში 2 ოქროსა და 2 ვერცხლის მედალი, ვინაიდან 67 და 130 კილოგრამ წონით კატეგორიებში ქართული ფინალი შედგება. 67 კგ-ში რამაზ ზოიძე ჯონი ხეცურიანს დაეჭიდება, მძიმე წონაში კი – ზვიად პატარიძე – იაკობ ქაჯაიას. ოქროს მედლისთვის იბრძოლებს ლაშა გობაძეც 87 კილოგრამ წონით კატეგორიაში.

 

 

  • 103
  •  
  •  
  •  
  •