ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებს კიევის ტურნირზე 5 ფინალისტი ჰყავს, თავისუფლებს – არცერთი

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებს, კიევის საერთაშორისო ტურნირზე, პირველივე საშეჯიბრო დღეს 5 ფინალისტი და ოქროს მედლის პრეტენდენტი ჰყავს, რასაც ვერ ვიტყვით თავისუფალი სტილით მოჭიდავეებზე.

კიევის საერთაშორისო ტურნირმა სტარტი დღეს აიღო, ხალიჩაზე კი, ორივე სტილით ჭიდაობაში 5-5- წონითი კატეგორია გამოვიდა.

ვლადიმერ გეგეშიძის გუნდი აშკარად იმედისმომცემად გამოიყურება, რადგან ხუთივე წონაში შეძლეს ქართველმა მოჭიდავეებმა ფინალში გასვლა და ხვალ ჩემპიონის ტიტულისთვის იბრძოლებენ.

55 კგ წონით კატეგორიაში, ნუგზარ წურწუმიამ შესანიშნავად იასპარეზა, ნახევარფინალში გასასვლელად რამაზ სილაგავას სძლია, შემდეგ კი ყირგიზი კონკურენტი 8:1 დაამარცხა და ფინალის საგზურიც მოიპოვა. შესაბამისად, სილაგავა ბრძოლას ბრინჯაოს მედლისთვის გააგრძელებს.

ლერი აბულაძემ, (63 კგ) ნახევარფინალში უკრაინელი, ალექსანდრ ჰრუშინი 7-5 დაამარცხა და ხვალინდელ ფინალში ჩემპიონის ტიტულის ვინაობას თურქ კამალთან ბრძოლაში გაარკვევს.

ხანგრძლივი ჩავარდნის შემდეგ, დამაჯერებლი გამოსვლები ჰქონდა შმაგი ბოლქვაძეს (72 კგ), რომელმაც ნახევარფინშლი ბელარუსი კორბაუ 0:4 დაამარცხა და ხვალ ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლაში სომეხი ამოიანის დამარცხება მოუწევს. ვინაიდან ეს წონა ოლიმპიურია,

აივენგო რიკაძემაც (82 კგ) ურიგოდ არ იასპარეზა და შესაბამისად, დამსახურებულად იბრძოლებს ხვალ ოქროს მედლისთვის. ნახევარფინალში, მან ბელარუს შაფარენკას მოუგო და ფინალში სომეხ, კარაპეტ ჩალიანს შეხვდება.

გიორგი მელიამ (97კგ) აშკარა უპირატესობით – 9-0 მოუგო ირანელ ბალიჰამზედენს და ფინალში ყირგიზ ძუძუპბეკოვს დაეჭიდება, რომელმაც, მოულოდნელად სომხების ოლიმპიური ჩემპიონი ალექსანიანი დაამარცხა. ნახევარფინალამდე მელიამ რევაზ ნადარეიშვილს სძლია და ნადარეიშვილიც ბრინჯაოსთვის იჭიდავებს.

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებიდან, მედლის შანსი, პირველ საშეჯიბრო დღეს მხოლოდ დემურ ქავთარაძემ დაკარგა, ჯამში კი, გეგეშიძის შეგირდები 7 მედლისთვის იბრძოლებენ პირველ საფინალო დღეს.

გიორგი იანტბელიძის გუნდს კი აშკარად ცუდი სტარტი ჰქონდა. ყველაზე შორს მხოლოდ გიორგი სულავა (74 კგ) და ელიზბარ ოდიკაძე (97კგ) გავიდნენ, რომლებიც ნახევარფინალში დამარცხდნენ და ხვალ ბრინჯაოს შანსი აქვთ. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სულავამ იმ თურქ დემირტაშთან წააგო, რომელსაც ავთანდილ კენჭაძე ამ წონაში მუდმივად ამარცხებს.

კიევის ტურნირზე დაფიქსირებული შედეგებით, ბუდაპეშტის სალიცენზიო ტურნირზე, ორივე გუნდის შემადგენლობა დაკომპლექტდება, რომლებიც 18-21 მარტს ტოკიოს საგზურებისთვის იბძროლებს.

  •  
  •  
  •  
  •  
  •