ბაჩო ტატალაშვილი თელ ავივის გრან სლემის ბრინჯაოს მედალოსანია

თელ ავივის გრან სლემის მეორე საშეჯიბრო დღეს, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა მხოლოდ 1 ბრინჯაოს მედლის მოპოვება მოახერხა.

-73 კგ წონით კატეგორიაში, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ დაბრუნებულმა ბაჩო (ნუგზარ) ტატალაშვილმა ნახევარფინალი რუმინელ მეტოქესთან დათმო, ბრინჯაოსა და მესამე ადგილისთვის კი შვედ ტომი მაკიასს მოუგო.

შვედი ვაზარით დაწინაურდა, ტატალაშვილმა გათანაბრება მოახერხა, შეხვედრის დასრულებამდე 17 წამით ადრე კი მოწინააღმდეგე დააიპონა და მესამე ადგილს დაეუფლა.

ამავე წონაში, მსაჯების დაუსაბუთებელი და გაურკვეველი გადაწყვეტილებებით, ბრინჯაოს მედალი ლაშა შავდათუაშვილმა დაკარგა, რომელმაც მასპინძელ ბუტბულთან მესამე გაფრთხილების გამო წააგო.

ამ დროისთვის, ქართველი ძიუდოისტების ანგარიშზე 1 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალია. ოქროს ფინალი გუშინ თემურ ნოზაძემ აზერბაიჯანელ მამასადოვთან დათმო, ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) კი მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ფრანგ კონკურენტს სძლია.

თელ ავივში მიმდინარე ძიუდოს გრან სლემის მესამე საშეჯიბრო დღეს, ხვალ, ტატამზე დარჩენილი წონითი კატეგორიები გამოვლენ.

  • 36
  •  
  •  
  •  
  •