საფრანგეთში Amoulette de montées, საქართველოში კი დავიწყებული ფეხბურთელი, ამირან სანაია

Amoulette de montées – ასე უწოდებენ 31 წლის ქართველ ფეხბურთელს, ამირან სანაიას საფრანგეთში. წარმატების თილისმა – ასე ითარგმნება ფრანგულიდან ეს ფრაზა ქართულად, თუ რატომ, ამაზე პასუხი მარტივი გასაცემია. ყველა კლუბში, რომელშიც ქართველი ფეხბურთელი მივიდა, მეორე ლიგამდე შეძლო აღზევება, სანაია კი მეორე ლიგაში ამოსვლის თილისმად მოინათლა.

პატარა ბიჭმა, რომელმაც დიდი ბიჭების ლიგაში პატარა ასაკში შეაბიჯა, ბევრი ტრავმა გადაიტანა, რამდენიმე რთული ოპერაცია გაიკეთა და იყო ზღვარზე, თავი დაენებებინა ფეხბურთისთვის, თუმცა ბოლომდე იბრძოლა და დღეს კვლავ ორივე ფეხით მყარად დგას მინდორზე. როგორც ის “რეკორდერთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში ამბობს, მისმა ოჯახმა ამაში უდიდესი როლი ითამაშა.

ფეხბურთელმა, რომელმაც 11 წელი საფრანგეთის პროფესიულ ლიგებში გაატარა, დღეს საქართველოს ნაკრებში დავიწყებული ჰყავთ. მაშინ, როდესაც მარცხენა მცველის პოზიცია მუდმივად პრობლემურია და ამ პოზიციაზე ფაქტობრივად შერჩევა პირდაპირ უმნიშვნელოვანეს სანაკრებო მატჩებზე მიმდინარეობს, საფრანგეთში, ერთ პატარა ქალაქ როდესში უკვე მეხუთე წელია თამაშობს ბიჭი, რომელსაც კაპიტნის სამკლაურიც კი ანდეს. “როდესმა” დაბალი ლიგიდან დაიწყო, მესამე ლიგაში სანაიამ ამ გუნდთან ერთად ითამაშა და ლიგა 2-მდე აღზევდა, კაპიტნის სამკლაურიც მოირგო და ახლა საფრანგეთში წაუგებელი სერია აქვს.

როდესში მეუღლესთან და ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს. როგორც ფეხბურთელი ამბობს, დღეში ორჯერადი ვარჯიშები აქვს, დანარჩენ დროს კი ოჯახს უთმობს, ამის გამო, სოციალურ ქსელებში საერთოდ არ აქტიურობს. ხშირმა ტრავმებმა კი აფიქრებინა, რომ მეტი უნდა ეშრომა, ამიტომ პირდაპირი ურთიერთობა გულშემატკივარსა და მედიასთან მცირე დოზით აქვს.

ნაკრების ყველა თამაშს უყურა. “რეკორდერთან” საუბარში ემოციურად განიხილავს გუნდის სათამაშო ტაქტიკას, სად, რა შეცდომა იქნა დაშვებული. აშკარაა, რომ კარიერის დასრულების შემდეგ, ამირან სანაია მწვრთნელობის გზას შეუდგება. უკვე იკვეთება კონტურები, რომ ეს კარგად გამოუვა.

რატომ არ იძახებენ ნაკრებში, არის თუ არა ნაწყენი ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ყოფილ მთავარ მწვრთნელზე, ვლადიმირ ვაისზე და რას ფიქრობს ახალ სპეციალისტზე, რომლის ვინაობაც ჯერ კიდევ არ გარკვეულა. აქვს თუ არა იმედი, რომ 10-წლიანი პაუზის შემდეგ კვლავ შეძლებს ეროვნულ გუნდში თამაშს – “რეკორდერის” ექსკლუზიური ინტერვიუ ამირან სანაიასთან.

მაგდა კლდიაშვილი

– მე-11 წელი დაიწყო, რაც საფრანგეთის ჩემპიონატში წახვედი, თუმცა, ამის პარალელურად, ეროვნული ნაკრების კარი თითქოს დაიხურა შენთვის. რამდენად ლოგიკურად გეჩვენება ეს ამბავი?

– რამდენიმე თამაში ჩავატარე ეროვნულ გუნდში, შემდეგ, ქეცბაიას დროს უკვე, მუხლის მძიმე ტრავმა მაწუხებდა, თუმცა “ბასტიაში” მაინც მიწევდა თამაში ასე თუ ისე. საფრანგეთის ლიგა 2-ში ვთამაშობდი და მაინც არ გამოვუძახებივარ. წინა წელსაც ლიგა 2-ში ვთამაშობდი, მაგრამ არავის მოხვედრია ეს თვალში. საფრანგეთის მეორე ლიგა ხელწამოსაკრავი არ არის ნამდვილად. ვფიქრობ, ვაისმა ერთა ლიგა რა ფეხბურთელებითაც დაიწყო, იმავე შემადგენლობით გააგრძელა და ესეც მესმოდა, რომ არ უნდოდა მათი შეცვლა. თანაც, ერთა ლიგაზე დივიზიონში ჯგუფი მოიგეს, პირველ ადგილზე გავიდნენ და მესმოდა, რატომაც არ ცვლიდა შემადგენლობას.

– თუმცა, ჩვენ მუდმივად გვესმოდა ის, რომ გვყავდა პრაქტიკულად უთამაშებელი ფეხბურთელები, ლეგიონერები. კონკრეტულად შენს პოზიციაზე, მარცხენა ფლანგზე, ნაკრებს მუდმივად პრობლემა ჰქონდა და ფაქტობრივად, სანაკრებო თამაშებზე მიდიოდა სინჯები, თუ ვინ დაიკავებდა ამ ადგილს ნავალოვსკის არყოფნაში, მაშინ, როდესაც საფრანგეთის ლიგა 2-ში გვყავდა ფეხბურთელი, რომელსაც მუდმივი სათამაშო პრაქტიკა ჰქონდა. როგორ გგონია, ვაისმა საერთოდ იცოდა შენი არსებობის შესახებ?

– არ ვიცი, მგონი – არა. წინა სეზონში, ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი ვიყავი. შემდეგ, გადღლილობის ფონზე საზარდულის ტრავმა მივიღე და 2 თვე გამიცდა. შემდეგ, 14-დან, 11 მატჩი ვითამაშე. რამდენიმე ჟურნალისტი წერდა ჩემზე, ამასაც ვერ ვაბრალებ, ვფიქრობ, ვაისს არ სურდა შემადგენლობის შეცვლა. ჰყავდა 22-23 მოთამაშე, კი, იყო მარცხენა მცველის პოზიციაზე პრობლემა, მაგრამ მაინც ამ ფეხბურთელებიდან ეძებდა შემცვლელს, ხან ჯიმი ტაბიძე ათამაშა, ხან ლაშა დვალი, სხვებიც მოსინჯა. ჩემი აზრით, ბიჭებმა წარმატებას მიაღწიეს, ფინალში გავიდნენ და ეს დასაფასებელია. სამწუხაროა, რომ იქ ვერ მოიგეს. ფეხბურთში ხდება ასეთი რაღაცეები. გამოცდილებად მივიღოთ ფინალში მარცხი.

– სანამ სანაკრებო მატჩებს შევეხებით – “ლე მანიდან” “როდსამდე”, როგორი იყო შენი გზა საფრანგეთში, მიაღიწე იმ მიზანს, რაც კარიერის დასაწყისში ჩაიფიქრე, როდესაც ჯერ კიდევ პატარა ბიჭი იყავი?

– ძალიან გამოუცდელი ჩამოვედი აქ და დიდი შეცდომა დავუშვი არჩევანში. ისე ვერ წარიმართა, როგორც მინდოდა. რამდენიმე ოპერაცია გავიკეთე მუხლზე მაშინ, როდესაც კარგ ფორმაშ ვიყავი და ამან შემიშალა ხელი. მესამე ლიგაში ყველა მატჩი ვითამაშე და ტრამპლინი უნდა ყოფილიყო, გადმოვედი ლიგა 2-ში და ჯანმრთელობის პრობლემები შემექმნა და ამან ინტენსიური ხასიათი მიიღო. მიუხედავად ამისა, ვითამაშე “ლე მანში”, შემდეგ “ბასტიაში”, საიდანაც უმაღლეს ლიგაში ამოვედით. შემდეგ იყო “ლუზნაკი”, სადაც სპორტულ დირექტორად ბარტეზი მუშაობდა. იქიდანაც ლიგა 2-ში ამოვედით, მაგრამ პრობლემები შეექმნა გუნდს და არ დაგვიშვეს მეორე ლიგაში. “ლუზნაკიდან” წავედი “პარიზში”, და აქედან დაიწყო მუხლის ტრავმა. წელიწად ნახევარი ასე ვიხეტიალე მესამე ლიგის გუნდებში, სადაც არც კი მითამაშია. ჰაერში ვიყავი, ვერ ვასწრებდი თამაშს ოპერაციიდან ოპერაციამდე. როდესაც “როდესში” ჩამოვედი, ლიგა 3-ში იყო გუნდი. მიზანი და პროექტი მეორე ლიგამდე აღზევება იყო. აქ მენდნენ. პრეზიდენტმა მითხრა, რომ დავრჩენილიყავი, მიუხედავად იმისა, რომ მქონდა სხვა წინადადებებიც. ორჯერ ამოვედით ლიგა 2-ში. ამოსვლის თილისმასაც მეძახდნენ მესამე ლიგიდან ხუმრობით. აქ ძალიან ვუყვარვარ ყველას, მწვრთნელს “ლე მანიდან” ვიცნობ, მან ჩამომიყვანა, დავრჩი ლიგა 3-ში და ზედა ლიგაში გადმოვედით. ახლა ვიცე კაპიტანი ვარ. სითბოს და სიყვარულს ვგრძნობ გუნდში, პრეზიდენტისგან, სტაფისგან, ქალაქში. ასეთი მომენტიც მქონდა, “როდესის” კაპიტანი დამტვრეული იყო და როდესაც დაბრუნდა, 3 თამაში იყო დარჩენილი ტიტულამდე, აღარ მომხსნეს სამკლაური კაპიტნის. როცა ტიტული მოვიგე და თასი უნდა ამეწია, ავდექი და ისიც გავიყვანე მოედანზე. ვუთხარი, პირველი კაპიტანი ის იყო და ჩემთან ერთად უნდა აეწია თასი, ძალიან გაეხარდა. ძალიან შეკრული გუნდია ”როდესი”. ამას ყველა აღნიშნავს ლიგა 2-ში, თანაც ყველაზე მცირე ბიუჯეტი გვაქვს. ოჯახური სიტუაციაა, მებძოლი ხასიათი ჩამოგვიყალიბდა. ლიგა 2-ში გუნდებს 3-4 უმაღლესი დონის ფეხბურთელი მაინც ჰყავთ და ძალიან რთულია ადგილის შენარჩუნება. ბევრი ფერადკანიანი ფეხბურთელია. საფრანგეთის მეორე ლიგა ფიზიკურად ძალიან ძნელი სათამაშოა, სისწრაფეებით გამოირჩევა, ტექნიკაზე იმდენად არ არის აქცენტი გაკეთებული, უფრო ფიზიკურ დატვირთვაზე, ბევრი ორთაბრძოლაა, ბევრი სირბილი გვიწევს. ამოვედით ლიგა 2-ში, ზედიზედ ცხრა თამაში არ წაგვიგია, წარმატებულია სერია გვაქვს, თასთან ერთად – 10 თამაში დაუმარცხებლები ვართ. სეზონის დაწყებამდე მუხლზე ნემსები გავიკეთე, რამდენიმე თამაში გამოვტოვე, შეკრების მთავარ პერიოდში თამაშები ვერ ითამაშე და შემდეგ, გამიჭირდა ფორმაში ჩადგომა. როდესაც დავბრუნდი, სეზონი უკვე დაწყებული იყო და მერვე ტურიდან მომიწია და უკვე მე-12 ტურია, სტაბილურად ვთამაშობ. გადატვირთული ჩემპიონატია. 38 ტურია და ყოველ მესამე დღეს გვიწევს თამაში, ამას დაემატა თასიც. პანდემიის გამო გვიან დაიწყო ჩემპიონატი, რთულია ძალიან. მწვრთნელი ხშირად ცვლის შემადგენლობას, ზოგს გვასვენებს, ის უფრთხილდება მოთამაშეების ჯანმრთელობას.

– სოციალურ ქსელებში არ ჩანხარ, გაქრი. დღევანდელ დღეს ასეთი საკომუნიკაციო არხების არსებობა მნიშვნელოვან როლს თამაშობს იმაში, რომ ადამიანებმა დაგინახონ. ამით მსოფლიო დონის ვარსკვლავებიც კი სარგებლობენ, რატომ მოწყდი გულშემატკივარს, მედიას?

– დიახ, სოციალურ ქსელში არ ვარ აქტიური. თან, წარუმატებელი პერიოდის შემდეგ ვფიქრობდი, რომ მეტი დრო ვარჯიშისთვის, ოჯახისა და დასვენებისთვის დამეთმო. ორი შვილი გვყავს, მე და ჩემი მეუღლე აქ მარტო ვცხოვრობთ. ამიტომ, მოვწყდი ყველაფერს. არ ვაქტიურობ, თუმცა ჩემს თამაშებს ადევნებენ ქართველი ჟურნალისტები ასე თუ ისე თვალს და მიდის ხალხის ყურამდეც. თუ ვინმე ფიქრობს, რომ ნაწყენი ვარ, რადგან ნაკრებში არ მიძახებენ, არ ვარ. ეროვნული გუნდის ყველა თამაშს ვუყურე, ვგულშემატკივრობდი ნაკრებს. წარმატებული პერიოდი ჰქონდათ. ეს მწვრთნელის სპორტული არჩევანი იყო, ფეხბურთელმა ბევრი უნდა იშრომო და ამის გამო, გული არ უნდა დაგწყდეს. თუ სტაბილური იქნები და გექნება მუდმივი სათამაშო პრაქტიკა, უყურადღებოდ არ დარჩები.

– მესმის, რომ ფეხბურთელი ხარ და ბევრი შენი მეგობარი თამაშობს ეროვნულ ნაკრებში, მაგრამ გულწრფელად მინდა, რომ მიპასუხო, იმ ერთ მატჩში, რომელიც შესაძლოა მთელი ქვეყნისთვის ისტორიული მომენტი იყო, მე, როგორც ჟურნალისტი, ვფიქრობ, რომ ფეხბურთელებს მოტივაცია არ გააჩნდათ, ვერ დარბოდნენ და ა.შ. როგორც ფეხბურთელი, როგორ შეფასებას მისცემ ჩრდილოეთ მაკედონიასთან საქართველოს თამაშს?

– ფეხბურთელებზე ვერ ვიტყვი, რომ არ მოინდომეს.

– თუმცა, ადვილია ყველაფერი მხოლოდ მწვრთნელს დააბრალო;

– გულწრფელად გეტყვით, ყველა თამაშს ვუყურე ერთა ლიგიდან. ჩაკვეტაძის და კვარაცხელიას არყოფნის ფაქტორი, დიდი იყო. კვარაცხელია ისეთ ფორმაში იყო, ყველა შეტევა მასზე აიგო. ამ თამაშის წაგებასა და უდისციპლინობაში ყველაზე დიდი როლი მიუძღვის მწვრთნელს. ის წავიდა და ადვილია ამაზე საუბარი. თუმცა, ჩემთვის გაუგებარია, რა ტაქტიკით ათამაშებდა ის გუნდს. ალბათ, თავადაც არ იცის. ჩრდ. მაკედონიამ შემოგვთავაზა 5 მცველიანი თამაში, ვაისმა კი არ იცოდა, როგორ ეთამაშა ტაქტიკურად, რა შემადგენლობა დაეყენებინა. მან ყველაფერი აურია, შეცვლებიც, შემადგენლობაც. ასეთ თამაშებში დიდი როლი ეკისრება მწვრთნელს.

– გურამ კაშიას, ჯაბა კანკავას, ნიკა კვეკვესკირს და კიდევ ბევრ სხვა მოთამაშეს, რომლებიც ამდენი წელია ეროვნულ ნაკრებში თამაშობენ, მატჩის მოსაგებად და განწყობისთვის ჩაკვეტაძე და კვარაცხელია უნდა სჭირდებოდეთ? ანდაც, ვაისი სჭირდებოდა ნაკრებს ამ ისტორიული მნიშვნელობის თამაშის მოსაგებად?

– ვნახე, სოციალურ ქსელში ბევრი აკრიტიკებდა ფეხბურთელებს. დამიჯერეთ, ასეთ თამაშებში, ისევე როგორც ჩვეულებრივ შეხვედრებში, დიდი მნიშვნელობა ენიჭება ტაქტიკას, როგორ განაწყობ ფეხბურთელებს, როგორ შეისწავლი მეტოქეს. იგივე კანკავა, კაშია, ჩემთვის სამაგალითოები არიან, უამრავი მატჩი ჩაატარეს ნაკრებში და ის, რომ აქამდე მოვიდა გუნდი, მეტწილად მათი დამსახურებაა, რომლებიც მოედანზე წყვეტდნენ, კარნახობდნენ და ყველაფეს აკეთებდნენ, თანაგუნდელების ასაყოლიებლად, ფეხბურთის სათამაშოდ. ბევრი რამ გააკეთეს ამ პერიოდში, ერთა ლიგაზეც და აქამდე რომ მივიდნენ, მათი დამსახურებაა. მაგრამ, როდესაც შენ მწვრთნელი ხარ, მნიშვნელოვანი როლი გეკისრება, თუ ვის დააყენებ შემადგენლობაში, ასეთ დროს, 4-5 კაცი ვერ გადაწყვეტს შეხვედრის ბედს, როდესაც იქიდან 11 კაცი გეთამაშება. გუნდი, რომელიც შეკრულია, დისციპლინირებულია და ყველამ ვნახეთ, თუ როგორი დისციპლინა ჰქონდა ჩრდ. მაკედონიას დაცვით ფაზაში, როგორ ტაქტიკურად გამართული გუნდი იყო და ამით მოგვიგეს თამაში. ეს ყველაფერი გააკეთეს იმის ხარჯზე, რომ მწვრთნელმა სწორად მიაწოდა ინფორმაცია მეტოქეზე. ხუთი მცველი აირჩია, ამ ტაქტიკასთან კი ჩვენ სათამაშო გამოცდილება არ გვქონდა. მომენტიც კი არ შეგვიქმნია. ფინალამდე ორჯერ შევხვდით და 10 კაცით დარჩენილებს ვერ მოვუგეთ. ფინალამდე რომ გუნდი ვერ შეისწავლე, რამხელა შეცდომაა. 5 ცვლილების უფლება ჰქონდა და ესეც ვერ გააკეთა, ნავალოვსკის არდაყენებაც როგორ შეიძლებოდა. ტრავმა ჰქონდა ახალი მორჩენილიო, ითამაშებდა იმ ერთ შეხვედრას. 5-3-2 სქემით გვეთამაშნენ და ასეთ დროს, წარმოიდგინეთ, უდიდესი მნიშვნელობა ეკისრებათ ფლანგის მცველებს, რომ წინ წაიღონ ბურთი და გაგრძელება იპოვნონ.

– ახლა საერთოდ სხვა რეალობის წინაშე ვდგავართ. მწვრთნელი საერთოდ არ გვყავს. არის გუნდი, რომელმაც წააგო ჩრდ. მაკედონიასთან, სომხეთთან, ესტონეთთან, სრულიად დემორალიზებული, წინ მალე საკვალიფიკაციო ეტაპი და ურთულესი ჯგუფი მოგველის. ვინ უნდა ჩაიბაროს ნაკრები, ქართველმა თუ უცხოელმა სპეციალისტმა?

– უნდა იყოს მწვრთნელი თუ არა ქართველი? ჩემი აზრით, დიახ, ქართველი უნდა იყოს, უკეთესი იქნება და ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. ყველა ქვეყნისგან განსხვავებული მენტალიტელი გვაქვს და კიდევ უფრო განსხვავებული, ევროპული ქვეყნებისგან. კარგად ვიცით, ეს რასაც ნიშნავს მოედანზეც და მის გარეთაც. ამიტომ აქვს მნიშვნელობა იმას, რომ მთავარი მწვრთნელი სწორედ ქართველი იყოს. მჯერა, რომ კობიაშვილსა და მთელს ფედერაციას ძალიან უნდა, უკვე დანიშნული იყოს ახალი სპეციალისტი, მაგრამ რთულია. პანდემიის გამო მხოლოდ საქართველოს ეკონომიკას კი არა, მსოფლიოს უჭირს, საფრანგეთში ეს კიდევ უფრო ნაკლებად იგრძნობა, მაგრამ რეალურად ფინანსების პრობლემაც არის.

– ვერ დაგეთანხმებით, სფფ-მ სახელმწიფოს რამდენიმე მილიონიან დაფინანსებაზე უარი თქვა, რაც ნიშნავს იმას, რომ მათ ფინანსური პრობლემები არ აქვთ.

– ვიცი, ვადევნებ თვალყურს. ფეხბურთში გენიოსი მწვრთნელი, ბიელსა ამბობდა, ამ თამაშს რომ წააგებ, 24 საათში უნდა დაივიწყო, წამოდგე ფეხზე და პროგრესი გააგრძელო. თუ იმას მივტირით, რომ ფინალი წავაგეთ, დავმარცხდით სომხეთსა და ესტონეთთან, ეს წარსულში დარჩა. ვეღარ შევცვლით, გამოცდილებად ჩავთვალოთ. რა თქმა უნდა, ძალიან ცუდია, მაგრამ ფეხბურთელებმა ახლა ახალ ციკლზე უნდა იფიქროს. მწვრთნელი, ვინც მოვა და იმედია, ქართველი იქნება, დროც ცოტა ექნება. რთული ვითარებაა, დრო ცოტა, ფეხბურთელების უდიდესი ნაწილი სათამაშო პრაქტიკის არქონას განიცდის. ადვილი არ არის. როგორც მუჯირმა თქვა, მწვრთნელებიც უფრთხილდებიან თავიანთ რეპუტაციას, შეიძლება, კარგი სპეციალისტი მოძებნო, მაგრამ უარი თქვას. ჯგუფი რთულია, მაგრამ კობიაშვილი, იაშვილი, მუჯირი არიან იმ გამოცდილების მქონეები, რომ სიტუაციის დალაგება მოახერხონ. ჩემი აზრით, იმ მწვრთნელს მოძებნიან, რომელიც ნაკრებს დღეს ყველაზე მეტად სჭირდება. ჯანსაღი კრიტიკა კარგია, მაგრამ ქართველებს ერთი დიდი პრობლემა გვაქვს, ერთმანეთის გვერდით დგომა ძალიან გვიჭირს. ზოგს ჰგონია, რომ კობიაშვილი მოვიდა და ჯადოსნურ ჯოხს მოიქნევს.

– ეს არავის არ ჰგონია. კობიაშვილი თავად აცხადებს, რომ ნაკრებს და ქართულ ფეხბურთს, ზოგადად, პროგრესი აქვს, თუმცა, სამწუხარო რეალობის წინაშე დავდექით. ფიქრობ, რომ ამ შესარჩევ ციკლში გამოგიძახებენ ეროვნულ გუნდში?

– თუ ასე სტაბილურად გავაგრძელე, არ მგონია, უყურადღებოდ დავრჩე. საფრანგეთის ლიგა 2 ნამდვილად არ არის ხელწამოსაკრავი. ჯაბა კანკავაც ჩამოვიდა. ძლიერი ჩემპიონატია, კარგი, თან, როცა სისტემატურად თამაშობ, ეს ნაკრებსაც გამოადგება. მთავარია, ვითამაშო, დანარჩენი მწვრთნელზეა დამოკიდებული. მითამაშია ნაკრებშიც, ჩემს მატჩებსაც დააკვირდებიან აქ. არ მგონია, ისე დავრჩე. მთავარია გუნდს გამოვადგე.

– როგორც თქვი, მეუღლესთან და ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობ საფრანგეთში. როგორია თქვენი ცხოვრება?

– ასეთია ოჯახური ცხოვრება, მე და ჩემი მეუღლე გადარბენაზე ვართ. ბავშვები, ორივენი აქ დაიბადნენ. გიორგი უფროსია, დანიელი წლინახევრის არის. ორივე საუბრობს ქართულ ენაზე, დანიელი უფრო ნაკლებად. გიორგი კი ორივე ენაზე, თუმცა, უფრო ხშირად – ფრანგულად უწევს. იშვიათად გვიწევს საქართველოში ჩამოსვლა. ამ პანდემიის პირობებში, საერთოდ ვერ ვახერხებთ. მეუღლე ძალიან მიდგას გვერდით. ადამიანია, რომელმაც მომცა მოტივაცია და ფეხბურთში დამაბრუნა. ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ვარჯიშიდან ვარჯიშამდე, თამაშიდან თამაშამდე დასვენებული და მზად ვიყო. აქ მარტო ვართ და მისი მხარდაჭერა ჩემთვის უმნიშვნელოვანესია. ოპერაციის შემდეგ იყო ვარაუდები, რომ საერთოდ ფეხბურთს ვერ ვითამაშებდი და ამის გარანტიას ვერ მაძლევდნენ. არც კი გამივლია თავში ფიქრი, რომ ამას ვერ შევძლებდი. ფარხმალი არ დამიყრია. სულ ვცდილობდი, მომერჩინა ფეხი, სწრაფად გამევლო რეაბილიტაცია. ბევრჯერ დავიწყე ნოლიდან. აქაც, რომელიმე გუნდიდან დარეკავდა აგენტი და კითხულობდნენ, მაგას ხომ სულ ფეხის პრობლემა აქვ და ტრავმით არისო. ეშინოდათ ჩემი გუნდში აყვანა. ყველას ეშინოა გარისკვის. ღმერთის წყალობით, შრომით, მოთმინებით, ჩემი ოჯახის მხარდაჭერით, გამოვძვერი და ფეხზე წამოვდექი. ძალიან რთული პერიოდი გამოვიარეთ, ფინანსებზე საუბარიც ზედმეტია, უფასოდ ვირბენდი და ვითამაშებდი, იმის შანსი მქონოდა, ფეხბურთში მაღალ დონეზე დავბრუნებულიყავი. მესამე ლიგაც არ არის ცუდი, მაგრამ ნაკლებად პროფესიონალურია. დავბრუნდი, ყველაფერი დალაგდა და ძალიან ბედნიერი ვარ. იმედია, ასე გაგრძელდება ყველაფერი. მთავარია, ისეთ ფორმაში ვარ, თუნდაც ამხანაგურ მატჩში რომ მომცენ შანსი 45 წუთითაც კი, არ გამიჭირდება. ფეხბურთელისთვის მთავარი ბედნიერება ისაა, რომ გულშემატკივარს უყვარხარ. ამ ქალაქში ბედნიერი ვარ, მენდობიან, პატივს მცემენ და დიდ სიყვარულს ვგრძნობ.

  •  
  •  
  •  
  •  
  •