მომღერალი თემურ წიკლაური გარდაიცვალა

მომღერალი თემურ წიკლაური, კორონავირუსით, 75 წლის ასაკში დღეს გარდაიცვალა.

ინფორმაციას მისი ოჯახის წევრები ადასტურებენ. ანსამბლ “ივერიას” სოლისტი, COVID 19-ის დიაგნოზით გორის სამხედრო ჰოსპიტალში მკურნალობდა.

თემურ წიკლაური 1967–1972 წლებში იყო ანსამბლ „ციცინათელას“ წევრი, 1972 წლიდან ანსამბლ „ივერიას“ სოლისტი. მისი რეპერტუარი მოიცავს ქართველ კომპოზიტორთა სიმღერებს, მათ შორის: ნოდარ გიგაურის „ჩემი თბილისი და ფიროსმანი“, გიორგი ცაბაძის „საქართველოს მანანებო“, ალექსანდრე ბასილაიას „იყიდება საქართველო“, ვაჟა აზარაშვილის „დინამო“, ალექსანდრე ბასილაიას მიუზიკლები: არწივი (1980, „ჩხიკვთა ქორწილი“), მეფე აიეტი (1983, „არგონავტები“), გერვასი (1986, „თოვლის ბებოს ზღაპარი“), ნიკო ფიროსმანი (1995, „ფიროსმანი“).

თემურ წიკლაურს მონაწილეობა აქვს მიღებული რამდენიმე ფილმში, მათ შორის: „სინათლე ჩვენს ფანჯრებში“ (1968), „ივერია, სიყვარული და…“(1974), „უმცროსი და“ (1977), „არგონავტები“ (1985). თემურ წიკლაური იყო საქართველოს სახალხო არტისტი (1990), ღირსების ორდენის კავალერი (1997), თბილისის საპატიო მოქალაქე (2010).

2014 წელს, თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ თეიმურაზ წიკლაურის ვარსკვლავი გაიხსნა.

  •  
  •  
  •  
  •  
  •