4 ოქრო, 2 ვერცხლი, 3 ბრინჯაო თავისუფალი სტილით მოჭიდავეებისგან

ერთ წლიანი პაუზის შემდეგ, საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები საერთაშორისო ტურნირს ნიცაში დაუბრუნდა და საკმაოდ მაღალი რეზულტატიც დააფიქსირა.

ტურნირი სულ სამ დღეს ტარდება და ათივე წონით კატეგორიაში გამარჯვებულები და პრიზიორები ერთ დღეს გამოვლინდნენ.

ჩემპიონის ტიტული საფრანგეთის გრან პრიზე ბექა ლომთაძემ (61 კგ), ზურა იაკობიშვილმა (70 კგ), ნიკა კენჭაძემ (79 კგ) და გენო პეტრიაშვილმა (125კგ) მოიპოვეს.

ძალიან საინტერესო გამოსვლა ჰქონდა 57 კგ წონით კატეგორიაში ბექა ბუჯიაშვილს, რომელმაც საქართველოს მოგებით შემადგენლობიდან ოთო გოგავა ამოაგდო და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

გივი მაჭარაშვილი (97კგ) კი ფინალში ოლიმპიურ ჩემპიონს, კაილ სნაიდერს დაუპირისპირდა და შეხვედრის სტარტზე 1:3 ამარცხებდა კიდეც, თუმცა, საბოლოოდ 14:3 დათმო შეხვედრა და ვერცხს დასჯერდა.

ავთანდილ კენჭაძის არყოფნაში, მწვრთნელებმა 74 კგ კატეგორიაში, 70 კილოში, საქართველოს ჩემპიონი დავით ტლაშაძე დააყენეს, რომელმაც ნახევარფინალში მუხლი დაიზიანა და მიუხედავად ტრავმისა, მაინც შეძლო აზერბაიჯანელი მეტოქის დამარცხება და ფინალში გასვლა, სადაც ამერიკელ კაილ დეიკს უნდა შერკინებოდა, თუმცა, ტლაშაძე ხალიჩაზე არ გამოჩენილა და უნდა ვივარაუდოთ, რომ ამის მიზეზი სწორედ ტრავმირებული მუხლია.

უნდა აღინიშნოს ნიკა კენჭაძის შესანიშნავი ასპარეზობა ნიცის საერთაშორისო ტურნირზე. ფინალურ შეხვედრაში, კენჭაძეს 1 წუთიც კი არ დასჭირდა, რომ აშკარა უპირატესობით, 11:0 დაემარცხებინა საფრანგეთის სახელით მოასპარეზე ალეკმა.

ძალიან იღბლიანი გამოდგა ტურნირი ირაკლი მწითურისთვის (92კგ), რომელმაც ზედიზედ ორი მარცხის შემდეგ, ბრინჯაოს შანსი შეინარჩუნა და მოიგო კიდეც. აი, მარსაგიშვილი კი აღმოჩნდა 10 მოჭიდავიდან ერთადერთი, რომელიც ნიციდან შინ უმედლოდ დაბრუნდება, არადა, ნახევარფინალში გამსვლელ დაპირისპირებაში, ქართველი ფალავანი რუს მეტოქეს 5:0 ამარცხებდა და 5:6 წააგო.

ჯამში, თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ანგარიშზე 4 ოქრო, 2 ვერცხლი და 3 ბრინჯაოს მედალია. ხვალიდან კი ასპარეზობაში ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები ჩაერთვებიან, თუმცა, ამ ტურნირზე, საქართველო ძალიან მცირე და გადახალისებული შემადგენლობით გამოვა.

  •  
  •  
  •  
  •  
  •