სპორტი და პანდემია: როგორი იყო 2020 წელი საქართველოსთვის

2020 წელი ქართული სპორტისთვის და არა მხოლოდ, გამორჩეული უნდა ყოფილიყო, რადგან იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში, ოლიმპიური თამაშებისთვის ემზადებოდნენ, თუმცა, წლის დასაწყისში ბევრი ვერ იფიქრებდა იმ მოვლენების განვითარებას, რაც ამ დრომდე გრძელდება და პასუხი კითხვაზე – როდის დასრულდება პანდემია, არავის აქვს.

COVID 19-მა გავლენა, ბუნებრივია სპორტზეც იქონია. გაუქმდა ოლიმპიური თამაშები, ჩაიშალა შეჯიბრები, ტურნირები და მნიშვნელოვანი ფორუმები. გარკვეული პერიოდით, შეჩერდა მსოფლიოს მასშტაბით საფეხბურთო ჩემპიონატები და ტურნირები, თუმცა, უეფამ და ცალკეული ქვეყნების ფედერაციებმა, შეძლეს და ეროვნული ჩემპიონატები განაახლეს. ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ ქვეყნებს საშუალება მისცა, მისი ეგიდით გასამართ ტურნირებზე, მაყურებელთა გარკვეული რაოდენობაც დაეშვათ, თუმცა, ჯერ კიდევ, თამაშები უმაყურებლოდ ტარდება.

მიუხედავად მწირი სპორტული ღონისძიებებისა, “რეკორდერი” ტრადიციას არ არღვევს და ზუსტად 31 დეკემბერს, წლის სპორტულ შედეგებსა და მნიშვნელოვან მოვლენებს აჯამებს.

2020 წლის დასაწყისში, ქართველმა მოჭიდავეებმა მოასწრეს და რომის ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზეს. თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები, მარადიული ქალქიდან 1 ოქროს, 1 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედლით დაბრუნდა საქართველოში. გენო პეტრიაშვილს კონკურენცია ამჯერადაც ვერავინ გაუწია და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ფინალში დამარცხდა მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, ბექა ლომთაძე და ვერცხლის მედალს დასჯერდა. ავთანდილ კენჭაძისა და ელიზბარ ოდიკაძის ანგარიშზე კი ბრინჯაოს მედლებია. გიორგი იანტბელიძის ნაკრებმა ევროპირველობა გუნდური მესამე ადგილით დაასრულა.

რაც შეეხება ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებს, მთავარი მწვრთნელის რანგში, რომის ევროპის ჩემპიონატი სადებიუტო იყო ვლადიმერ გეგეშიძისთვის, რომლის ნაკრებსაც ორი ოქროს მოპოვების შანსი ჰქონდა, თუმცა ირაკლი (იური) ლომაძე და ლევან არაბული ფინალში დამარცხდნენ და ვიცე ჩემპიონის ტიტულს დასჯერდნენ. მესამე ადგილები ამირან შავაძეს და ნუგზარ წურწუმიას ერგოთ. ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები, გუნდურ ჩათვლაში მეხუთე ადგილზე გავიდა.

წლის დასაწყისში, რომში, საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზეს ქართველმა ძალოსნებმაც. გიორგი ასანიძის გუნდმა იტალიის დედაქალაქში ასეთი შედეგი დააფიქსირა:

შოთა მიშველიძე (61 კგ)
ატაცში 131 კგ ვერცხლი
აკვრაში 155 კგ. ვერცხლი
ორჭიდი 286 კგ. ვერცხლი

გოგა ჩხეიძე (67 კგ)
აკვრაში 158 კგ. ბრინჯაო
ორჭიდი 291 კგ. ბრინჯაოს

ანტონ პლესნოი (96 კგ)
ატაცში 176 კგ. ოქრო
აკვრაში 210 კგ. ოქრო
ორჭიდი 386 კგ. ოქრო

ლაშა ტალახაძე
ატაცში 215 კგ. ოქრო
აკვრაში 255 კგ. ოქრო
ორჭიდი 470 კგ. ოქრო

თებერვლის ბოლოდან იყო სრული ლოქდაუნი, შერჩერდა რეგულარული ფრენები. სპორტსმენებსაც, მხოლოდ სახლის პირობებში უწევდათ ფიზიკური კონდინციების შენარჩუნება.

მაისის ბოლოდან ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატი განახლდა. კარს უკვე ევროტურნირები იყო მომდგარი. ყველაზე საშინელ კოშმარშიც კი ვერ წარმოიდგენდა ქართველი გულშემატკივარი იმას, რომ ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანი გუნდი, “დინამო თბილისი” ფარერებზე, მასწავლებლებისა და მეთევზეებისგან დაკომპლექტებულ გუნდთან 6:1 განადგურდებოდა და ასეთი სირცხვილნაჭამი დაბრუნდებოდა სამშობლოში.

პირველ ეტაპზე დაემშვიდობენნ ევროსარბიელს ბათუმის “დინამო” და “საბურთალოც”.

თუ წელს გამონათება იყო ქართულ ფეხბურთში, ეს გიორგი ჭიაბრიშვილისა და “ლოკომოტივის” დამსახურებაა. დედაქალაქურმა გუნდმა ჯერ რუმინული “კრაიოვა” დაამარცხა, შემდეგ კი, ძალიან პრინციპულ დაპირისპირებაში, მოსკოვის “დინამოს” აჯობა და მესამე ადგილზე გავიდა, სადაც ესპანური ლა ლიგის ბინადარ “გრანადას” და მაშინდელ ცხრილის ლიდერს, “გრანადას” შეერკინა ესპანეთში. ძალთა თანაფარდობა, ნათელი იყო, რომ არათანაბარი იყო, თუმცა, ჭიაბრიშვილის გუნდმა ძალიან ღირსეულად იბრძოლა და 2:0 დამარცხდა.

კიდევ ერთი სენსაცია ლანჩხუთის ქალთა საფეხბურთო კლუბ “ლანჩხუთს” ეკუთვნის. გიორგი ჩხაიძის გოგონებმა მართლაც ქართული ფეხბურთის ისტორია დაწერეს და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, პირდაპირ 1/16 ფინალში შევიდნენ, სადაც, ორ რაუნდიან ბრძოლაში, რეიტინგის ათეულში მყოფ შვედურ “როსენგარდთან” დამარცხდნენ და ელიტურ ტურნირს გამოეთიშნენ, თუმცა, ლანჩხუთელი გოგონების შედეგი დასაფასებელი და სამაგალითოა.

წლის ყველაზე დიდი სპორტული იმედგაცრუება ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ანგარიშზეა. ქართველმა ფეხბურთელებმა ბელარუსთან, ერთა ლიგის ნახევარფინალში 1:0 მოიგეს და ფინალში გავიდნენ, სადაც ჩრდილოეთ მაკედონიას უნდა შერკინებოდნენ. გამარჯვებული ევროპის ჩემპიონატის საგზურს მიიღებდა. ბუნებრივია, მთელი ერი დიდი მოლოდინით ელოდა ამ დღეს და სჯეროდა, რომ ნანატრი დღე დადგებოდა, თუმცა, უეფას ნებართვა, სტადიონზე მაყურებლის 30% დაშვებულიყო, არც საქართველოს მთავრობამ მიიღო ყურად, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას კი, საერთოდ, ამ მატჩის მნიშვნელობისა და პრომოციისთვის, თითიც არ გაუნძრევია. გარდა ამისა, თამაშს, “დინამო არენაზე” ქვეყანაში გამოცხადებული კომენდანტის საათიც დაემთხვა და სტადიონის სიახლოვეს 9 საათის შემდეგ დარჩენილი ქომაგები საერთოდ დააჯარიმეს კიდეც. ამის გარდა, ეროვნულმა გუნდმა შანსი გაუშვა C დივიზიონში აღზევებულიყო და ბოლო თამაში, სომხეთის ნაკრებთან “დინამო არენაზე” სულაც წააგო. ნაკრების თავკაცმა, ვლადიმირ ვაისმა, ჩრდილოეთ მაკედონიასთან შეხვედრის შემდეგ, სულაც დატოვა პოსტი და ახლა, ფედერაცია ახალი მთავარი მწვრთნელის ძიებაშია.

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ კი, წლის მიწურულს რამდენიმე ტურნირი ჩაატარა – ბუდაპეშტის გრან სლემი, 23-წლამდელთა შორის და უფროსებში, ევროპის ჩემპიონატი ხორვატიაში.

უნგრეთის გრან სლემზე ეროვნული გუნდი გადახალისებული შემადგენლობით გამოვიდა და ტურნირი ორი მედლით დაასრულა. მძიმე წონაში, გელა ზაალიშვილმა და ლევან მატიაშვილმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

შემდეგ იყო 23-წლამდელთა ევროპა, სადაც ეროვნულმა გუნდმა, ყველა წონაში შეძლო მედლის მოპოვება და საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილიც დაიკავა.

ევროპის ჩემპიონები გახდნენ ტატო გრიგალაშვილი (-81კგ) და ლუკა მაისურაძე (-90კგ), რომელმაც პირველად იასპარეზა -90კგ წონით კატეგორიაში. ვერცხლის მედლებს დაეუფლნენ თემურ ნოზაძე (-60კგ) და გელა ზაალიშვილი (+100კგ), ხოლო ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს ჯაბა პაპინაშვილმა (-60კგ), ბაგრატ ნინიაშვილმა (-66კგ), ვლადიმერ ახალკაცმა (-81კგ) და ონისე სანებლიძემ(-100კგ). აღსანიშნავია, რომ ევროპის ჩემპიონატზე სულ საქართველოს ნაკრების 9 ძიუდოისტმა იასპარეზა და 8 მათგანმა მედალი მოიპოვა.

ევროპის ჩემპიონი უფროსებში კი 20 წლის ტატო გრიგალაშვილი გახდა. მისი ოქრო საქართველოს ნაკრებისთვის ერთადერთი აღმოჩნდა. ვერცხლის მედლის მფლობელი ლაშა შავდათუაშვილი გახდა, ბრინჯაოს მედლებს კი ლუკა მაისურაძე, ბექა ღვინიაშვილი, გურამ თუშიშვილი და ლევან მატიაშვილი დაეუფლნენ.

 

ქართული რაგბისთვის იყო 2020 წელი ძალიან მნიშვნელოვანი იმით, რომ ბორჯღალოსნებმა “რვა ერში” ითამაშეს, თუმცა შემოდგომის ერთა თასზე საქართველოს ერთი შეხვედრაც არ მოუგია.

ნოემბრის ბოლოს, კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა, ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ორი უმნიშვნელოვანესი დაპირისპირება მოიგო. ილიას ზუროსის გუნდს ზედიზედ 4 წაუგებელი მატჩი აქვს.

 

 

ბოლო მედალი, რომელიც საქართველოს აქტივში ჩაიწერა, ფიგურული მოციგურავის, მორის ყვითელაშვილის ანგარიშზეა, რომელმაც, მოსკოვში გამართულ გრან პრის სერიების ეტაპზე ძალიან მაღალი დონის გამოსვლა აჩვენა, აჯობა ძლიერ კონკურენტებს და მეორე ადგილზე დაასრულა გამოსვლა.

წლის მიწურულს, ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა მიიღო თანხმობა, რომ 2025 წლის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს საქართველო უმასპინძლებს.

  •  
  •  
  •  
  •  
  •