ირაკლი კობახიძე:”რეგისტრაცია გაუუქმდება პარტიას, რომლის ლიდერიც კონსტიტუციურ საარჩევნო ცენზს არ აკმაყოფილებს”

“მიხეილ სააკაშვილი არ აკმაყოფილებს ერთდროულად ორ კონსტიტუციურ საარჩევნო ცენზს – ახალი მოწვევის პარლამენტში ჩვენ დავაინიცირებთ კანონპროექტს, რომლის საფუძველზეც საარჩევნო რეგისტრაცია გაუუქმდება იმ პოლიტიკურ პარტიას, რომლის ლიდერიც კონსტიტუციურ საარჩევნო ცენზს არ აკმაყოფილებს”,- ამის შესახებ განცხადება „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

კობახიძის განცხადებით, უკრაინელმა მეგობრებმა ვერ უზრუნველყვეს მიხეილ სააკაშვილის საარჩევნო პროცესებში მონაწილეობის პრევენცია, თუმცა, ამისთვის ახალი მოწვევის პარლამენტში ცვლილება დაინიცირდება, რომელიც „მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქართული დემოკრატიის შეუფერხებელ განვითარებაში“.

„ყველას კარგად ესმის, რომ საქართველოში პოლარიზაციის მთავარი წყარო მიხეილ სააკაშვილია, რომელიც ხალხისგან მოპარული ფულით და ამავე ფულით შექმნილი სამი ტელევიზიით ჯერ კიდევ ახერხებს ქვეყნისთვის პრობლემების შექმნას. მიხეილ სააკაშვილი არ აკმაყოფილებს ერთდროულად ორ კონსტიტუციურ საარჩევნო ცენზს. ის არ არის საქართველოს მოქალაქე და მას შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა, რაც აღსრულებას ექვემდებარება. მიუხედავად ამ გარემოებისა, სამწუხაროდ, ჩვენმა უკრაინელმა კოლეგებმა ვერ მოახერხეს საარჩევნო პროცესებში სააკაშვილის მონაწილეობის პრევენცია, თუმცა, ამისათვის უკრაინელ მეგობრებს, რომლებიც თავადაც უამრავი სირთულის წინაშე დგანან, ჩვენ ვერ გავაკრიტიკებთ. საკითხის მოგვარება და კონსტიტუციის აღსრულების უზრუნველყოფა პირველ რიგში ჩვენი ვალია. ამისათვის ახალი მოწვევის პარლამენტში ჩვენ დავაინიცირებთ კანონპროექტს, რომლის საფუძველზეც საარჩევნო რეგისტრაცია გაუუქმდება იმ პოლიტიკურ პარტიას, რომლის ლიდერიც კონსტიტუციურ საარჩევნო ცენზს არ აკმაყოფილებს. აღნიშნული ცვლილება უზრუნველყოფს არამხოლოდ კონსტიტუციური მოთხოვნის სათანადო აღსრულებას, არამედ მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქართული დემოკრატიის შეუფერხებელ განვითარებაში,“- განაცხადა კობახიძემ.

  •  
  •  
  •  
  •  
  •