ახალგაზრდა ქართველმა მოჭიდავეებმა ოლიმპიურ ფესტივალზე 6 მედალი მოიპოვეს

ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე საქართველოს ბერძნულ-რომაული და თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებებმა, ორი დღის განმავლობაში 6 მედალი მოიპოვეს.

დღეს, მათი მონაგარი 4 მედლით გაიზარდა.

თავისუფალი სტილით მოჭიდავეთაგან ხალიჩაზე ლუკა გუგეშაშვილი (48 კგ) და დავით აბდალაძე (60 კგ) გავიდნენ და შესაბამისად ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები აიღეს.

ასეთივე შედეგი აქვთ ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ხვიჩა აბულაძესა (48 კგ) და ნიკა ბროლაძეს (60 კგ). აბულაძეს ვერცხლის მედალი ერგო, ბროლაძეს – ბრინჯაოსი.

ფესტივალის პირველ დღეს ვერცხლის მედლები მოიპოვეს თავისუფალი სტილით მოჭიდავე ნიკოლოზ სანთელაძემ (45 კგ) და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე რომეო ბერიძემ (55 კგ).

დღესვე, ქართველმა ჩოგბურთელებმა – კატრინ ესაძემ და ლიზი დოლიძემ 2:6, 6:2 (11:9) დაამარცხეს ავსტრიელთა დუეტი და წყვილთა შეჯიბრების მეორე წრეში გავიდნენ.

22 ივლისის მონაცემებით, საქართველოს ნაკრები საერთო ჩათვლაში 6 მედლით (4 ვერცხლი, 2 ბრინჯაო) მე-9 ადგილზეა.

ფოტო: ოლიმპიური კომიტეტი

  •  
  •  
  •  
  •  
  •