თბილისი აღმოსავლეთ ევროპის რეგიონული ანტიდოპინგური ორგანიზაციის საბჭოს სხდომას მასპინძლობს

საქართველოში აღმოსავლეთ ევროპის რეგიონული ანტიდოპინგური ორგანიზაციის (აერადო) საბჭოს სხდომა და შედეგების მართვის ტრენინგი იმართება. ორდღიანი ღონისძიება სასტუმრო „მოქსი“-ში გაიხსნა. კონფერენციაზე დასასწრებად თბილისს ორგანიზაციის წევრი ქვეყნებისა და მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს წარმომადგენლები ეწვივნენ. მათ შორის, მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს ევროპის რეგიონული ოფისის დირექტორი სებასტიან ჟილო და ამავე სააგენტოს ანტიდოპინგური პროგრამების განვითარების დეპარტამენტის დირექტორი ტომ მეი.

გახსნის ცერემონიაზე სტუმრებს სიტყვით მიმართა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველმა მოადგილემ, მიხეილ გიორგაძემ. ღონისძიებას ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი.

კონფერენციის ფარგლებში განიხილება დოპინგის წინააღმდეგ ბრძოლა, პრევენცია და სხვადასხვა სამართლებრივი საკითხი. კონფერენციის მონაწილეები ასევე განიხილავენ ანტიდოპინგურ კოდექსსა და საერთაშორისო სტანდარტებს. გარდა ამისა, ისაუბრებენ სპორტსმენების წინააღმდეგ სანქციების ამოქმედებასა და მათ ეფექტიანობაზე.

ამჟამად, საქართველო აღმოსავლეთ ევროპის რეგიონული ანტიდოპინგური ორგანიზაციის თავმჯდომარე ქვეყანაა. მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს ასეთი მაღალი დონის წარმომადგენლობითი დელეგაცია ჩვენს ქვეყანას პირველად ესტუმრა.

  •  
  •  
  •  
  •  
  •