კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ხვალ საბერძნეთს დაუპირისპირდება

საბერძნეთთან მატჩში საქართველოს ნაკრებს წამყვანი მოთამაშეები დააკლდება

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ირაკლიონის Dyo Aorakia არენაზე ივარჯიშა. ნაკრების თავკაცმა, ილიას ზუროსმა, დაახლოებით საათნახევრის განმავლობაში,  კალათბურთელები არაერთ კომპონენტში ავარჯიშა.

დარბაზში მისულ ნაკრების წევრებს ამერიკელი თად მაკფადენი დახვდათ. ეროვნული გუნდის ნატურალიზებული კალათბურთელი კრეტაზე 8 711 კილომეტრი სიშორიდან, ქალაქ დეტროიტიდან ჩამოვიდა და აეროპორტიდან პირდაპირ დარბაზში, სავარჯიშოდ მივიდა. მაკფადენი მყისიერად ჩაჯდა იმ სათამაშო ტაქტიკაში, რომლითაც ზუროსი ეროვნულ გუნდს ავარჯიშებს და მოთელვების შემდეგ, ქართველ კალათბურთელებთან სხვადასხვა კომბინაციის დამუშავებაში მიიღო მონაწილეობა.

როგორც თამაშის წინა დღეებში ხდება, აქცენტი კონკრეტულ კომბინაციებს დაეთმო. ზუროსმა და მისმა ბერძენმა ასისტენტმა, გიორგიოს ლიმნიატისმა კარგად იციან თითოეული ოპონენტის შესაძლებლობა და მათთან სათამაშოდ შესაბამისი ტაქტიკაც შემუშავებული აქვთ. საქართველოს ნაკრებმა, ძირითადად, ერთ ფარში, შეტევით და დაცვით კომბინაციებზე იმუშავა, თუმცა მეტი ყურადღება, როგორც ყოველთვის, მეორე კომპონენტს დაეთმო.

ეროვნულ ნაკრებს, ტრავმის გამო, კაპიტანი, თორნიკე შენგელია ვერ დაეხმარება. ტექნიკური პრობლემების გამო, გუნდს ვერც გოგა ბითაძე დაეხმარება.

ჯგუფიდან გასასვლელად, ეროვნულ ნაკრებს მხოლოდ თეორიული შანსი აქვს დარჩენილი. მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპში საქართველოს ნაკრებს გამართული 4 მატჩიდან 3 მოგება აქვს, თუმცა პირველ და მეორე ეტაპების გაერთიანებულ ცხრილში 5-5 მოგებ-წაგება გააჩნია და მუნდიალზე გასვლის შანსი გაცილებით ნაკლები აქვს, ვიდრე კონკურენტ სერბეთს. მსოფლიო ჩემპიონატზე რომ გავიდეს, საქართველოს ნაკრებმა დარჩენილი ორივე შეხვედრა უნდა მოიგოს, ხოლო სერბეთმა – ესტონეთთან და ისრაელთან – წააგოს.

ირაკლიონში, 21 თებერვალს, თბილისის დროით 21:30 საათზე, მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის ბოლოსწინა ტურში საბერძნეთი საქართველოს ნაკრებს უმასპინძლებს.

ფოტო: GBF

  •  
  •  
  •  
  •  
  •