ქართველი მოჭიდავეები საფრანგეთის გრან პრიზე გამოვლენ

საფრანგეთის ქალაქ ნიცაში ხვალ სტარტს აიღებს საფრანგეთის გრან პრი, რომელშიც მონაწილეობას ქართველი მოჭიდავეებიც მიიღებენ.

ტურნირის ოფიციალურ გვერდზე ვკითხულობთ, რომ საფრანგეთის გრან პრიზე იჭიდავებენ ქართველი მსოფლიო ჩემპიონები, გენო პეტრიაშვილი, ნუგზარ წურწუმია, ასევე ამერიკელები კაილ დეიკი და კაილ სნაიდერი.

2020 წლის თებერვლის შემდეგ, ეს საქართველოს თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებებისთვის პირველი ტურნირია და ფაქტიურად, 1 წლიანი პაუზის შემდეგ, ქართველი მოჭიდავეები ხალიჩას უბრუნდებიან.

თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები საბრძოლო შემადგენლობით იქნება ნიცაში წარმოდგენილი, სადაც გიორგი იანტბელიძეს ყველა წონაში ჰყავს სპორტსმენი, გარდა 97 კილოგრამისა, თუმცა საქართველოს ჭიდაობის ფედერაციას, ჯერ არ დაუანონსებია არც ამ ტურნირის შესახებ და არც დანაკლისის, ამიტომ, უცნობია, თუ რატომ არ იჭიდავებს ჰენრი დელანის სახელობის გრან პრის ნიცაში ელიზბარ ოდიკაძე, ან გივი მაჭარაშვილი.

ხალიჩას უბრუნდება ვლადიმერ ხინჩეგაშვილიც, რომელმაც საქართველოს პირველობა, როგორც ჩანს ტრავმის გამო გამოტოვა. 86 კგ წონით კატეგორიაში კი, ნიცაში გამარჯვებას არა საქართველოს ჩემპიონიო სანდრო ამინაშვილი, არამედ დათო მარსაგიშვილი ეცდება.

თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა შემადგენლობა საფრანგეთის გრან პრიზე ასეთია:

ბექა ბუჯიაშვილი 57 კგ
ბექა ლომთაძე 61 კგ
ვლადიმერ ხინჩეგაშვილი 65 კგ
ზურა იაკობიაშვილი 70 კგ
ავთანდილ კენჭაძე 74 კგ
ნიკა კენჭაძე 79 კგ
დათო მარსაგიშვილი 86 კგ
ირაკლი მწითური 92 კგ
გენო პეტრიაშვილი 125 კგ

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებიდან კი ნიცაში ისინი იჭიდავებენ, ვისაც საქართველოს ჩემპიონატზე მონაწილეობა არ მიუღია, ანდაც, სამეულს მიღმა აღმოჩნდა. მათ შორის არიან მსოფლიო ჩემპიონი, ნუგზარ წურწუმია, ოლიმპიური თამაშების ლიცენზიის მომპოვებლები, გიორგი მელია და იაკობ ქაჯაია.

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების შემადგენლობა ასეთია:

ნუგზარ წურწუმია 55 კგ
ბექა მამუკაშვილი 77 კგ
გურამ ხეცურიანი 87 კგ
გიორგი მელია 97 კგ
სულხან ბუიძე 130 კგ
იაკობ ქაჯაია 130 კგ

ტურნირი ნიცაში 17 თებერვალს დასრულდება.

  • 246
  •  
  •  
  •  
  •