“შეხვედრა ჩემპიონთან” – ახალი სოციალური პროექტი სკოლის მოსწავლეებისთვის

პანდემია ბავშვების ფსიქიკურ კეთილდღეობაზე ნეგატიურად მოქმედებს და რადგან მოსწავლეებს, რომლებიც მეტ-ნაკლებად მაინც მოწყვეტილი არიან გარე სამყაროს, ღლით ერთფეროვნება და სიახლის მოთხოვნილება უჩნდებათ.

ონლაინ გაკვეთილების პარალელურად, ძალიან მნიშვნელოვანია მათ მივცეთ შესაძლებლობა, ასევე ონლაინ სივრცეში პირადად გაიცნონ ის ადამიანები, ვინც მხოლოდ ტელეეთერით უნახავთ, ამ შემთხვევაში – ცნობილი სპორტსმენები, რომლებიც ბავშვებთან უშუალო კომუნიკაციაში შევლენ, მათთვის მნიშვნელოვანი თემებით, სახალისო კითხვებით და ისტორიებით.

ონლაინ ჩართვებში, ქართველი ჩემპიონების, იგივე კამპანიის კეთილი ნების ელჩების საუბრის ძირითადი თემა, არაძალადობრივი ცხოვრება, ადამიანის უფლებები, ურთიერთპატივისცემა, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია იქნება.  თითოეული ასეთი შეხვედრა ბავშვებისთვის გახდება პოზიტიური მუხტის მატარებელი, რაც მათ ფსიქოემოციურ მდგომარეობაზეც დადებითად აისახება.

პროექტში ჩაერთვებიან საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეები. ონლაინ შეხვედრებზე მოწვეული იქნებიან ჩემპიონები სპორტის სხვადასხვა სახეობიდან.  ონლაინ შეხვედრას მოდერაციას გაუწევს პროექტის მენეჯერი
და ფსიქოლოგი.

პროექტს ახორციელებს კომპანია PRMC და ორგანიზაცია სამოქალაქო საზოგადოება მომავლისთვის”, სოციალური კამპანიის  “ძლიერები არ ძალადობენ – სპორტი ბულინგის წინააღმდეგ” ფარგლებში, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციასთან ერთად.

პროექტში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ სკოლას, ქალაქსა თუ რეგიონში. ამისათვის საჭიროა დაეკონტაქტოთ სოციალური კამპანიის ორგანიზატორებს და გამოთქვათ თქვენი მოსწავლეების ჩემპიონთან შეხვედრის სურვილი.

კონტაქტი შესაძლებელია ამ ბმულის საშუალებით – “ძლიერები არ ძალადობენ”.

  • 92
  •  
  •  
  •  
  •