ბიზნესმენს “ქურდებისთვის” 10 000$-ის გადახდა მოსთხოვეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაკავებულია 2 ადამიანი, რომლებმაც თეთრიწყაროში მომუშავე ბიზნესმენს .ე.წ კანონიერი ქურდის, ბორია აფაქელას სახელით, ქურდული სამყაროს სასარგებლოდ 10 000 აშშ დოლარის გადახდას სთხოვდნენ.

დაკავებულების, 1974 წელს დაბადებულ, წარსულში ნასამართლევ დ.ხ.-სა და 1997 წელს დაბადებულ ნ.ბ.-ს ბრალად ედებათ „ქურდული სამყაროს“ წევრობა და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარება, ჩადენილი ჯგუფურად.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ბიზნესმენს – კ.მ.-ს, რომელიც თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში საქმიანობდა, ე.წ. „კანონიერი ქურდის“ – ბორია აფაქელას სახელით, „ქურდული სამყაროს“ სასარგებლოდ, 10 000 აშშ დოლარის გადახდა მოსთხოვეს. დ.ხ. და ნ.ბ. ბიზნესმენს იარაღის დემონსტრირებით დაემუქრნენ, რომ მოთხოვნილი თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, მას ძალის გამოყენებით გადაიყვანდნენ თურქეთის რესპუბლიკაში, ე.წ. „კანონიერ ქურდთან“ საქმის გარჩევის მიზნით.

სამართალდამცველებმა ორივე ბრალდებული თბილისის ერთ-ერთ ცენტრალურ უბანში მას შემდეგ დააკავეს, როდესაც მსხვერპლმა მათ მოთხოვნილი თანხის ნაწილი – 5 000 აშშ დოლარი გადასცა.

პოლიციამ, დაკავებულების ავტომანქანის ჩხრეკისას, 5 000 აშშ დოლარი, ხოლო ბრალდებულების დროებითი საცხოვრებელი სახლიდან – 2 ცეცხლსასროლი პისტოლეტი, 2 მჭიდი და 13 საბრძოლო ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღო. სამართალდამცველებმა, ასევე, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს დაკავებულების მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ „კანონიერ ქურდს“ უკავშირდებოდნენ.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით და 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს „ქურდული სამყაროს“ წევრობას, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას, ჩადენილს ჯგუფურად.

დანაშაული 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

  • 25
  •  
  •  
  •  
  •