NASA-ს ვებგვერდს ახალი ფუნქცია დაემატა – გაიგე რა ხდებოდა კოსმოსში, როცა დაიბადე

ამერიკის შეერთებული შტატების აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნულმა სააგენტომ (NASA), ჰაბლის ტელესკოპის დედამიწის ორბიტაზე გაშვების 30 წლის იუბილეს აღსანიშნად, საკუთარ ვებგვერდს ახალი ფუნქცია დაამატა, რომლის საშუალებითაც ტელესკოპის მიერ თქვენს დაბადების დღეს გადაღებული ფოტოს ნახვას შეძლებთ.

“ჰაბლი სამყაროს კვირაში 7 დღეს 24 საათის განმავლობაში იკვლევს, რაც იმას ნიშნავს, რომ ის კოსმოსის თვალწარმტაც საოცრებებს მთელი წელი, მათ შორის შენს დაბადების დღესაც აკვირდებოდა”, – ვკითხულობთ NASA-ს საიტზე.

ვებგვერდზე თქვენი დაბადების თვისა და რიცხვის არჩევაა საჭირო, რის შემდეგაც ამ დღით დათარიღებული შთამბეჭდავი კადრი გამოჩნდება, რომელსაც თან შესაბამისი აღწერაც ახლავს. მომხმარებლებს ფოტოსურათის მაღალი გარჩევადობით ნახვა და მის შესახებ დეტალური ინფორმაციის გაცნობაც შეუძლიათ. მსურველებს მიღებული შედეგის სოციალური ქსელებში გაზიარების შესაძლებლობაც აქვთ. სხვათა მონაცემებით დაინტერესების შემთხვევაში კი, საკმარისია ჰეშთეგს #Hubble30 მივყვეთ.

იმის გათვალისწინებით, რომ ვებგვერდზე მხოლოდ თვესა და რიცხვს უთითებთ, შესაძლოა, უშუალოდ თქვენს დაბადების წელს გადაღებული ფოტო ვერ ნახოთ. თუმცა, გაიგებთ რა დააფიქსირა ჰაბლმა მაშინ, როდესაც 5, 10 ან 15 წელი შეგისრულდათ.

NASA-მ ჰაბლის ტელესკოპი დედამიწის ორბიტაზე 1990 წლის 24 აპრილს კენედის სახელობის კოსმოსური ცენტრიდან გაუშვა. მან ამ დრომდე 1,4 მილიონზე მეტი ვარსკვლავი შეისწავლა და დღემდე წარმატებით განაგრძობს ფუნქციონირებას. მსოფლიოში პირველ კოსმოსურ ტელესკოპს, რომელიც ჩვენი პლანეტის ორბიტაზე 27 ათასი კმ/სთ სიჩქარით გადაადგილდება, 13 მილიარდი სინათლის წლით დაშორებული ობიექტის დაფიქსირებაც შეუძლია, რაც ასტრონომებს კოსმოსის შორეულ წარსულზე დაკვირვების შესაძლებლობას აძლევს.

  • 14
  •  
  •  
  •  
  •