BBC – სინგაპურში ლაბორატორიაში შექმნილი ქათმის ხორცი გაიყიდება

BBC – ის ცნობით, სინგაპური მსოფლიოში პირველი ქვეყანაა, სადაც ლაბორატორიაში შექმნილი ქათმის ხორცის გაყიდვის ნებართვა გაიცა.  სინგაპურის მთავრობის ეს გადაწყვეტილება ამერიკულ სტარტაპ კომპანია Eat Just-ს ლაბორატორიაში დამზადებული ქათმის ხორცის სინგაპურში გაყიდვის საშუალებას აძლევს.

კომპანიაში აცხადებენ, რომ ე.წ. ლაბორატორიაში შექმნილი ქათმის ხორცი, პირველად „ნაგეთსების“ სახით გაიყიდება, თუმცა არ აკონკრეტებენ, როდის გახდება ცხოველების კუნთების უჯრედებისგან ლაბორატორიაში დამზადებული ხორცი მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი.

BBC-ის ცნობით,  მთავარი გამოწვევა, რაც ლაბორატორიაში შექმნილ ქათმის ხორცს ბაზარზე დახვდება, მისი ფასია. ლაბორატორიაში წარმოებული ქათმის „ნაგეთსების“ ფასი თავდაპირველად 50 აშშ დოლარი იყო, მოგვიანებით ფასი შემცირდა, თუმცა ის მაღალი ხარისხის ქათმის ხორცის ფასს არც ამჟამად ჩამოუვარდება. კომპანიისთვის კიდევ ერთი გამოწვევა მომხმარებელთა რეაქცია იქნება. თუმცა, ვარაუდობენ, რომ სინგაპურის მიერ ლაბორატორიაში წარმოებული ხორცის გაყიდვის ნებართვის გაცემა Eat Just-ის კონკურენტებისთვის სტიმულის მიმცემი გახდება, გარდა ამისა, არ არის გამორიცხული სინგაპურს სხვა ქვეყნებმაც მიბაძონ.

 

წყარო: BBC

  • 19
  •  
  •  
  •  
  •