სტუდენტის ბლოგი – როგორ დავძლიოთ მარტოობის შიში

ამ ქვეყნად არავინ არ მყავს, საკუთარი თავის გარდა – ეს წინადადება იქამდე უნდა ვატრიალო გონებაში, სანამ ღრმად არ გაიდგამს ფესვებს სხეულის ყველა წერტილში…

ეს არის დიდი ძალისხმევის საკითხი, თუმცა თუ მყარად დავდგები ფეხზე და თუ მექნება საკუთარი თავის იმედი, არ წავიქცევი. თუ წავიქეცი, ადგომასაც შევძლებ, რადგან მეცოდინება, რომ საკუთარი თავის გარდა არავინ მყავს და ეს არაა ცუდი. მარტომ უნდა ვაკეთო ის, რაც ჩემი გასაკეთებელია. ამას არავინ იტვირთავს თავის თავზე, რადგან ყველას ერთი სიცოცხლე აქვს და, შესაბამისად, დროს არავინ დახარჯავს ჩემი გასაკეთებელი საქმეებისთვის, თუნდაც სოლიდარობის მიზნით. იაპონელებს ტოტალური შიში აქვთ მარტოობის, თემიდან გამოკვეთის, ბავშვების აღზრდის პერიოდში მუდმივად ჩააგონებენ მათ, რომ მარტო ყოფნა მძიმეა. არადა სინამდვილეში ეს არაა ტრაგედია, რადგან მარტო ყოფნის დროს ვაანალიზებთ ბევრ ისეთ საკითხს, რომელთა განხილვა საჯაროდ ან მეგობრების წრეში აზრთა სხვადასხვაობას გამოიწვევდა, მარტო ყოფნისას კი უფრო მეტად ვკონცენტრირდებით პრობლემის მიმართ.
ასე და ამგვარად, ამ ქვეყნად მხოლოდ მე შემიძლია ჩემს თავს ვუპატრონო, მივცე რჩევები, მივიღო ჩემთვის სასურველი და სასიკეთო გადაწყვეტილებები, ვისწავლო საკუთარი თავის ფასი და სიყვარული, ავიხდინო დიდად მნიშვნელოვანი, გრძელვადიანი და სანუკვარი სურვილები/ოცნებები, მოვუარო საკუთარ თავს, რადგან მხოლოდ მე ვაძლიერებ მეს. ამას არავინ გააკეთებს, ჩემ გარდა.
ასევე, ამ ქვეყნად ჭირშიც მარტო ვარ და ლხინშიც, რადგან ჭირში ჩემი პრობლემების მოგვარებას არავინ დაიწყებს, არავინ დამიწერს გამოცდებს, არავინ იმუშავებს ჩემს დაშვებულ შეცდომებზე, არავინ აიღებს ჩემს ტკივილს საკუთარ თავზე, არავინ გაიაზრებს ჩემს ჭირს სათანადოდ. ეს ნორმალური მოვლენაა, რადგან ჩვენს პოზიციას ჩვენ ვფლობთ და სხვა ვერ ჩაგვანაცვლებს, ამ ყველაფრით ხომ ვიზრდებით პიროვნულად, ვიძენთ ახალ გამოცდილებასა და ცოდნას სხვადასხვა კუთხით, უბრალოდ აღქმის საკითხია ეს ყოველივე, რომელიც თავს უსუსურად გვაგრძნობინებს, არადა ყველაზე ძლიერები სწორედ მარტო როცა ვართ, მაშინ ვხდებით.
რა ხდება ლხინის დროს? აქაც მარტო ვარ, რადგან ბედნიერება არ უნდა გაავრცელო, არ უნდა აფრქვიო ან თავს მოახვიო ვინმეს, რადგან ამასაც გამოუძებნიან საქილიკოს და აქაც ჩავარდება მოტივაცია შემდეგი ბედნიერებისაკენ. ხალხი განსხვავებული ადამიანების ერთიანობაა, რომლებიც ხშირად ჩვენსავით არ ფიქრობენ, არ გრძნობენ და ლოგიკურად- არც უხარიათ. ლხინიც მარტომ უნდა გადავიტანო ჭირივით, რადგან ის ჩემია, მე მეკუთვნის და სხვები ვერანაირად ვერ იგრძნობენ ჩემსავით, თუ რას ნიშნავს ჩემი შრომის შემდეგ მიღწეული შედეგი და მისგან გამოწვეული სიხარული.
ამ ქვეყნად მარტო ვარ, მარტო იმიტომ, რომ მხოლოდ მე ვარ საკუთარი თავის წამალიც და საწამლავიც. თუ შემეძლება იმის განსაზღვრა, რომ ჭირშიც შემიძლია წამლად გადაქცევა და ლხინშიც, მაშინ შედარებით მარტივად შევძლებდი ცხოვრების გატარებას. ადამიანის ცუდად ყოფნის მიზეზი მეტწილად მისივე ნეგატიური ფიქრებია. ზედმეტი არაფერი ვარგა, ისევე როგორც ფიქრი, რადგან გადაჭარბებული უარყოფითი აზრებით ისევ ჩვენს თავს ვაზიანებთ. ჭარბი ფიქრი კი საწამლავია, რომელიც ხელს გვიშლის ყველგან, სადაც არ უნდა წავიდეთ.
სწორედ ამ ყველაფრის გამო ღირს სწავლა, თვითგანვითარება, მუდმივი მცდელობა მიზნის მისაღწევად, სხვებისთვისაც კეთილი სურვილების გამეტება, რადგან ამის შემდეგ იქნება ჩემი გრავიტაციის ველი უფრო ძლიერი და სასიამოვნო. ამ ქვეყნად მარტო ვარ და იმას მოვიზიდავ, რასაც გავცემ. თუმცა ისიც უნდა მახსოვდეს, რომ მარტოობას არ უნდა მივცე იმის უფლება, არასწორ ადამიანებთან დამაკავშიროს.
ცხოვრებაში ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ფუჭად გაფლანგულ დროსა და ენერგიას უკან ვეღარ დავუბრუნებთ. ამის გამო არც გულწრფელად მოიბოდიშებს ვინმე, რადგან ამქვეყნად ყველა მიღებაზეა ორიენტირებული. უნდა ვეცადოთ, რომ გვერდი ავუაროთ ერთჯერად, არაგულწრფელ ადამიანებს, ხოლო ის რესურსი საკუთარ თავს მოვახმაროთ, ვეცადოთ უფრო განვვითარდეთ, კარგად დავახარისხოთ, თუ რომელ ცხოვრებისეულ ოთახში რამდენის გაცემა გვიწევს, არის თუ არა საჭირო საერთოდ რაიმის გაცემა, ღირს თუ არა დროის დათმობა სხვადასხვა საქმიანობისათვის, კარგად დავფიქრდეთ, გვიყვარს თუ არა ის, რასაც ვაკეთებთ, გვსიამოვნებს თუ არა ის ურთიერთობები, რომლებთანაც ხშირად გვაქვს შეხება, ვკარგავთ თუ არა დროს არასასურველ საქმიანობაში, ან ვუთმობთ თუ არა საკუთარ თავს საკმარის დროს, რამდენად ხშირად ვგრძნობთ თავს ბედნიერად და რა იწვევს მას.
არავინაა დედამიწაზე ისეთი ადამიანი, რომელსაც უკეთ ეცოდინება, თუ როგორ უნდა ავაშენოთ კომფრტული და საინტერესო ცხოვრება, რადგან ჩვენი ცხოვრების საინტერესოობას ჩვენი სურვილები და მისწრაფებები განაპირობებს. თუ კარგად დავფიქრდებით, სად იმალება ამ ყველაფრის გასაღები, მარტოც იდეალურად შევასრულებთ ამ დავალებას. მარტოობა არ ნიშნავს უსუსურებას, მარტოობა სიძლიერის უპირობო დასაწყისია.

 

ქეთა ხაჩიძე 

საქართველოს უნივერსიტეტის სამართლალმცოდნეობის ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტი

  • 451
  •  
  •  
  •  
  •