რუსეთს ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ჩაშლის მცდელობაში ედება ბრალი

ბრიტანელმა და ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა რუსეთის სამხედრო დაზვერვის იმ ქვედანაყოფის ნომერი დაასახელეს, რომელიც სხვადასხვა მიზნებით კიბერთავდასხმებს ახორციელებდა, მათ შორის, ერთ-ერთი სამიზნე ტოკიოს ოლიმპიური და პარალიმპური თამაშების ჩაშლა იყო.

აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს საბრალდებო დასკვნაში ნათქვამია, რომ დანაყოფის ექვსმა წევრმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს სამიზნეებზე თავდასხმაში, დაწყებული 2017 წლის საფრანგეთის არჩევნებით და დასრულებული 2018 წლის პიონჩანგის ზამთრის ოლიმპიური თამაშებით. ბრალდებულებს ბრალი უკვე წარედგინათ.

ბრიტანეთის ოფიციალური პირების განცხადებით, რუსეთის სპეცსამსახურები, კიბერშეტევებით, ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების ერთი წლით გადავადებამდე მის ჩაშლას გეგმავდნენ.

“ოლიმპიური და პარალიმპური თამაშების წინააღმდეგ რუსეთის სახელმწიფო სადაზვერვო სამსახურის ქმედება ცინიკური და უგუნურია. ჩვენ მათ ვგმობთ მთელი სიმკაცრით”, – განაცხადა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დომინიკ რააბმა.

თავის მხრივ, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების ფონზე საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) პრესსამსახური განმარტავს, რომ კიბერუსაფრთხოება IOC-ის საქმიანობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა: „IOC-მა და ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტმა კიბერუსაფრთხოება პრიორიტეტულ სფეროდ განსაზღვრეს და დიდ ინვესტიციებსაც ვახორციელებთ, რათა ოლიმპიურ თამაშებზე კიბერუსაფრთხოების საუკეთესო გარემო შევქმნათ.”

დოპინგსკანდალების გამო, რუსეთის დელეგაცია 2018 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში ოლიმპიური დროშის ქვეშ, ნეიტრალური სტატუსით მონაწილეობდა. რუს სპორტსმენებს იგივე სტატუსით მოუწევთ გამოსვლა ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზეც.

  • 45
  •  
  •  
  •  
  •