დაკავებულია პირი, რომელმაც ქობულეთში ინკასატორს 55 000 ლარი გასტაცა

ქობულეთში, „საქართველოს ბანკთან“ 22 ოქტომბერს მომხდარი ძარცვა გახსნილია. დაკავებულია 1986 წელს დაბადებული გ.მ. – ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

შსს-ს ცნობით, ბრალდებული „საქართველოს ბანკის“ სერვისცენტრის მიმდებარედ, თავს დაესხა შპს „დაირექტ დებიტ ჯორჯიას“ ინკასატორს, რომელსაც ამავე კომპანიის კუთვნილი ფული – 55 000-მდე ლარი ძალადობის გამოყენებით გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. „პოლიციამ, მის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნაძარცვი თანხა ნივთმტკიცების სახით ამოიღო“, – აცხადებენ უწყებაში.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ძარცვას, რომელიც ჩადენილია ძალადობით და სხვისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით. დანაშაული 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

  • 22
  •  
  •  
  •  
  •