როდის იქნება ქვეყანაში გრიპის ვაქცინის სრული მარაგი და ვისთვის იქნება ის უფასო

თბილისის 46 სხვადასხვა კლინიკაში უფასო ვაქცინაციის პროგრამისთვის დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა სულ 25 000 ვაქცინა დაარიგა, რომელიც ქვეყანაში 13 ოქტომბერს შემოვიდა. ამ დროისთვის როგორც ფასიანი, ისე უფასო ვაქცინაც დეფიციტშია.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი დარჩენილ შეკვეთას ოქტომბრის ბოლოს ელოდება. ვაქცინაციის მეორე ეტაპი პირველ ნოემბერს დაიწყება.  სულ საქართველო 2020-2021 წლის სეზონისთვის 135 000 გრიპის ვაქცინის ყიდვას აპირებს.

გრიპის ვაქცინა განსაკუთრებით ეფექტიანია ოქტომბრის დასაწყისში, გრიპის აქტიური სეზონის დაწყებამდე, იმის გათვალისწინებით, რომ ორგანიზმს იმუნიტეტის გამოსამუშავებლად 2-3 კვირა სჭირდება.

ამ დროისთვის საქართველოში არსებული მარაგი, 25 000 ვაქცინა, განკუთვნილია მხოლოდ რისკჯგუფების გარკვეული ნაწილისთვის.

პირველ ეტაპზე უფასო ვაქცინაცია გავრცელდება:

  • ორსულებზე
  • დიალიზზე მყოფ პირებზე
  • C ჰეპატიტის მქონე პირებზე, ვინც მკურნალობის კურსს გადის
  • აივ ინფექცია/შიდსის მქონე პირებზე
  • ბავშვთა, მათ შორის, მცირე საოჯახო ტიპის და მოხუცთა თავშესაფრების ბენეფიციარებსა და მათ მომვლელ პერსონალზე
  • ადრეული სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების მომსახურე პერსონალზე

1 ნოემბრის შემდეგ უფასო ვაქცინაციის პროგრამით ისარგებლებენ:

  • ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების მქონე პირები 65 წლიდან ზემოთ
  • გულ-სისხლძარღვთა სისტემის ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტები 65 წლის ზემოთ
  • დიაბეტის მქონე პირები
  • ექიმები
  • ექთნები
  • ვეტერინარები
  • თავდაცვის, უსაფრთხოებისა და საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამსახურის თანამშრომლები
  • პენიტენციურ და საპატიმრო დაწესებულებებში მომუშავე პერსონალი

 

 

  • 140
  •  
  •  
  •  
  •