ზურაბ გურული: “არავინ იცის როდის არის ბედისწერა ხუმრობის ხასიათზე”

ქართულ ამერიკული სამედიცინო ასოციაციის პრეზიდენტი, მისისიპის უნივერსიტეტის პროფესორი ზურაბ გურული სოციალურ ქსელში აშშ-ს პრეზიდენტის კოვიდინფიცირების ფონზე ვირუსის “შეუცნობელ” ხასიათზე საუბრობს და ამბობს, რომ “მსოფლიოს სამედიცინო ელიტამ ჯერ კიდევ ვერ გამოთვალა ვირუსის მოქმედების ლოგიკა” როგორც გურული წერს დონალდ ტრამპს “ძალიან სწრაფად პროგრესირებადი ფორმა აქვს. მაღალ ტოქსიკურობაზე მიუთითებს. ცუდია”

ზურაბ გურული: “პლანეტის ყველაზე ძლიერი ქვეყნის პრეზიდენტი ავად არის ვირუსით. 48 საათი გავიდა და პლანეტის წამყვანი ექიმების გუნდს არ შეუძლია გადაჭრით განაცხადოს რა პროგნოზი ექნება დაავადების განვითარებას. რა ლოგიკური დასკვნა შეიძლება გამოიტანოს ამ ფაქტიდან მოაზროვნე ადამიანმა?
ფრიად მარტივი. 9 თვე გავიდა და მსოფლიოს სამედიცინო ელიტამ ჯერ კიდევ ვერ გამოთვალა ვირუსის მოქმედების ლოგიკა.
ანუ, ვირუსი კვლავ შეუცნობელია და შეუცნობელმა კი იცის შიში. სწორედ ეს არის მსოფლიო პანიკის საფუძველი და არა ნაირნაირი შეთქმულების თეორიები.
მახსენდება ჩემი მეგობარისა და კოლეგის,ბრწყინვალე პროფესიონალის, ნანა გეგეჭკორის მონათხრობი. მისი პროგრამის დირექტორი, მსოფლიოში ცნობილი პროფესორი, პულმონოლოგი, არაერთი ცნობილი ექიმის აღმზრდელი, შეიწირა ვირუსმა, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს წამყვან სპეციალისტთა მოვლა-მკურნალობა არ დაკლებია.
ამავე დროს, დავირუსებულთა აბსოლუტურ უმრავლესობას უმტკივნეულოდ გადააქვს ეს ავადმყოფობა.
ძალიან ბევრი რამ ასწავლა და კიდევ ბევრს ასწავლის კორონა მსოფლიოს. უპირველეს ყოვლისა ალბათ თავმდაბლობას სამყაროს წინაშე.
საოცრად გონებაშეზღუდული რომ არის ადამიანთა პლანეტა, საოცარ გონებაგახსნილობასთან ერთად, ესეც ძალიან საცნაური გახდა.
ჩემმა ფავორიტმა მენტორმა, პროფესორმა ფოქსმა მითხრა ერთელ: – სანამ საოპერაციოში შეხვალ, თავმოყვარეობა შეიხსენი, კართან ჩამოკიდე და ოპერაციაზე პირველყოფილი თავმდაბლობით შედი, რადგან შესაძლოა მაინცდამაინც იმ დღეს მოუნდეს განგებას შენთან გახუმრებაო-.
მართლაც არავინ იცის როდის არის ბედისწერა ხუმრობის ხასიათზე და ამიტომ … “

  • 65
  •  
  •  
  •  
  •