გია ჭიაბრიშვილი: ეს რუსეთ-საქართველოს ომი არაა, “ლოკომოტივისა” და მოსკოვის “დინამოს” დაპირისპირებაა

თბილისის “ლოკომოტივი”, ხვალ, მიხეილ მესხის სახელობის სათადარიგო მოედანზე, ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე მოსკოვის “დინამოს” დაუპირისპირდება.

შეხვედრამდე, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, გია ჭიაბრიშვილმა მედიასთან ვრცლად ისაუბრა და აღნიშნა, რომ ფეხბურთელები მომავალ მატჩს ოპტიმალურ ფორმაში და კარგი განწყობით ხვდებიან.

სპეციალისტმა აღნიშნა, რომ ეს დაპირისპირება პოლიტიკა არაა და შესაბამისად, არც რუსეთ-საქართველოს ომი. მისი გუნდი კი ამ შეხვედრისთვის ემზადება ისე, როგორც ნებისმიერი სხვა მოწინააღმდეგისთვის მოემზადებოდა.

“მზადება ჩვეული იყო. მაქსიმალურად კონცენტრირებულები ვიყავით, როგორც ნებისმიერი მატჩისთვის. ტრავმირებული ფეხბურთელები არ გვყავს. ძალიან კარგი განწყობით ვხვდებით ამ თამაშს, გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყნის ჩემპიონატშიც და წინა ტურშიც გავიმარჯვეთ. მე ვფიქრობ, რომ კონკრეტულად ამ მატჩს კარგ ხასიათზე ვხვდებით”, – ამბობს ჭიაბრიშვილი.

გია ჭიაბრიშვილის განცხადებით, რუმინული “კრაიოვასგან” განსხვავებით, მოსკოვის “დინამოსთან” თამაშის დაგეგმვა უფრო რთული იყო, რადგან რუსული კლუბი ხშირად ცვლის სათამაშო სქემას და შემადგენლობას და ამასთან, გუნდის მოთამაშეების 80% სხვადასხვა ქვეყნის ნაკრებებში თამაშობენ და ძალიან გამოცდილი ფეხბურთელები არიან.

“მათთვის ეს უნდა იყოს სპორტი, ფეხბურთი და ასპარეზი, გავიდეთ მინდორზე და ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ გავიდეთ შემდეგ ეტაპზე, რომელი ქვეყნის გუნდიც არ უნდა იყოს ეს.

რაც შეეხება კონკრეტულად ამ თამაშს, მსაჯის მომენტი მახარებს, რომელიც ფრანგია და საფრანგეთის უმაღლეს ლიგაში მსაჯობს და ევროსარბიელზეც აქვს გამოცდილება. ჩემმა ფეხბურთელებმა იციან, რომ არანაირ პროვოკაციას არ უნდა აყვნენ. არც მსაჯთან უნდა ილაპარაკონ, არც მომენტები გააფორმონ და ა.შ. მოწინააღმდეგეს თუ ექნება პროვოკაციის მცდელობა, მე არ ვისაუბრებ ამაზე. ჩვენ ჩვენი სახე უნდა შევინარჩუნოთ. თავდადებით უნდა გამოვიდეთ მინდორზე და ჩვენი საქმე გავაკეთოთ. არ იქნება კარგი სხვა რაღაცეებზე ყურადღების გადატანა. ჩემი გუნდი მთლიანად იქნება კონცენტრირებული თამაშზე”.

გია ჭიაბრიშვილმა მოსკოვის “დინამოს” ხელმძღვანელი პირის განცხადებას, რომ ეს არა ორი კლუბის თამაში, არამედ რუსეთ-საქართველოს დაპირისპირება იქნება, არასერიოზული უწოდა და აღნიშნა, რომ რუსულმა პრესამ და იმ ადამიანებმა, ვისაც საღი აზრი აქვს რუსეთში, კრიტიკული შეფასება მისცეს ამ განცხადებას და განმარტა, რომ მათი საქმე არა პოლიტიკა, არამედ მხოლოდ ფეხბურთია.

“რა თქვა რუსული კლუბის პრეზიდენტმა, თუ რა პასუხი გასცა რუსეთის იმ საზოგადოებამ, რომელიც საღად აზროვნებს, ვნახეთ. მე არ ვერევი პოლიტიკაში და ეს განცხადება არასერიოზულია ჩემთვის. რუსეთსა და საქართველოს ძალიან ბევრი რაღაც აქვს, რაზე შეიძლება ვილაპარაკოთ, ეს არის სპორტი და ფეხბურთი და ეს არის მარტო გასაკეთებელი მინდორზე. მოწინააღმდეგე უნდა იყოს ასე. ძალიან ცუდი შეფასება მისცა პრესამ და იმ ადამიანებმა, ვინც საღად აზროვნებს. არ შეიძლება ამ კუთხით წავიყვანოთ ეს საუბარი. თამაშობს თბილისის “ლოკომოტივი” და მოსკოვის “დინამო”, ეს არის ჩემი პასუხი. ვისაც სხვა რაღაც აინტერესებს, მათი პრობლემაა. ჩვენ ჩვენი საქმე გვაქვს გასაკეთებელი მინდორზე. ეს პროვოკაციები არ მაინტერესებს ერთი კვირით ადრე. ჩემს ფეხბურთელებსაც ვუთხარი ეს, რომ ჩვენი არის მხოლოდ ფეხბურთი და გინდა კიევის “დინამო” ყოფილიყო და გინდა “მანჩესტერი”. ჩვენ ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ და ეს არის ხალხის გახარება. ხალხი გაიხარებს, თუ მოვიგებთ და ვეცდებით ეს გავაკეთოთ, დანარჩენი ჩვენი საქმე არ არის.

ყველას თავისი ბრძოლის ველი აქვს და ჩვენი ველი არის ეს. ჩვენ ბევრი გმირი გვყავს, რომლებმაც თავი გასწირეს, ზოგი გადარჩა. თქვენ თქვენი საქმე გაქვთ, ჩვენ ჩვენი, ომი არაფერ შუაშია. არც წარსული და არც დაკარგული ტერიტორიები. ეს ყველამ ვიცით და ყველას გულისტკივილია. რუმინეთთან თამაშის წინ მქონდა გახსენება 2008 წლის ომის, ის ადამიანები იბრძვიან იმიტომ, რომ ჩვენ ჩვენი საქმე კარგად გავაკეთოთ. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენ სხვა საქმე არ გვექნება, თორემ ეს ბიჭები იარაღსაც აიღებენ ხელში, იმედია, ეს დრო არასოდეს დადგება საქართველოში. გავმიჯნოთ ეს ამბავი. ჩვენ ვეთამაშებით მოსკოვის “დინამოს” და მაქსიმუმს გავაკეთებთ”, – განაცხადა გია ჭიაბრიშვილმა.

ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი, “მიხეილ მესხი 2”-ზე, ხვალ, 21:00 საათზე დაიწყება. უეფას გადაწყვეტილებით, მატჩს გულშემატკივარი არც ამჯერად დაესწრება.

  • 65
  •  
  •  
  •  
  •