COVID19 / 196 ახალი შემთხვევა დღეს – სულ ინფიცირებულია 2758 ადამიანი

„დაგვემატა 196 შემთხვევა და გვაქვს 2758 დადასტურებული შემთხვევა. 196-დან აჭარა-ბათუმში არის – 144, ქობულეთში – 1 შემთხვევა, თბილისში – 29 დადასტურებული შემთხვევა, იმერეთი-ქუთაისი არის – 7 შემთხვევა, საჩხერე -1, შიდა ქართლი-გორი – 4 შემთხვევა, ქვემო-ქართლი-გარდაბანი – 3, გურია-ოზურგეთი – 4 , ზემო სვანეთი-სამეგრელო-ზუგდიდი – 2, ფოთი – 1, მცხეთა- 1 შემთხვევა“, – განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა,მარინა ეზუგბაიამ დღეს დილით გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე.

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველო კვლავ „მწვანე ზონაში“ რჩება.
მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ინფიცირების შემთხვევების მატება პროგნოზირებული იყო, რასაც ზაფხულში მობილობის გაზრდამ შეუწყო ხელი.
„საქართველო ჯერჯერობით „მწვანე ზონად“ რჩება. ამაზე განცხადება გააკეთა როგორც ამირან გამყრელიძემ, ისე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.
ჩვენ ვსაუბრობდით, რომ შემოდგომაზე შემთხვევების მატებას ველოდებოდით. ზაფხულში მობილობის გაზრდას, განსაკუთრებით აჭარაში მოყვა რაოდენობის მატება. აჭარაში დიდი ძალებია მიმართული სრული ლიკვიდაციისთვის.
კორონავირუსი არ არის მარტივი ვირუსი, საკმაოდ რთულია, ჯერ კიდევ შესწავლის ფაზაშია. მას ახასიათებს მულტისისტემური დაზიანება, შესაბამისად, გართულებების საკმაოდ დიდი ჩამონათვალი. ჯერჯერობით საქართველოში ჯანდაცვის სისტემას შეუძლია ამ ყველაფერს გაუმკლავდეს. შესაბამისი საწოლფონდი არის, მინიმუმ 3000 საწოლი გვექნება, ეს არ არის პრობლემა, თუ საჭირო იქნება საწოლფონდი გაიზრდება. ეს იძლევა სიტუაციის კონტროლს.
მთავრია არ გვყავდეს ბევრი მძიმე შემთხვევა, სიკვდილობის მაჩვენებელი და მძიმე შემთხვევები არ გაიზარდოს. ასეთი წესით მართვა დაავადების არის საწინდარი, რომ მოხდეს დაავადების სიმძიმის პრევენცია, დროული, ადეკვატური მკურნალობის შედეგად, აქედან გამომდინარე, ლეტალობის დაბალი მაჩვენებელი, რომელიც გვაქვს უნდა შევინარჩუნოთ. ამ მძიმე, ვერაგ დაავადებას საქართველო უმკლავდება“,-განაცხადა ეზუგბაიამ.

  • 25
  •  
  •  
  •  
  •