9/11 – საუკუნის ტერაქტიდან 19 წელი გავიდა

19 წელი საუკუნის ტერაქტიდან – 2001 წლის 11 სექტემბერს, დილით, ალქაიდას 19-მა თვითმკვლელმა ტერორისტმა ამერიკული ავიახაზების 4 თვითმფრინავი გაიტაცა. ერთ-ერთმა მიზნამდე ვერ მიაღწია და გზაში ჩამოვარდა, მეორე – დაეცა პენტაგონის შენობას, დანარჩენი ორი – ნიუ-იორკში, მანჰეტენზე, მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ცათამბჯენებს დაეჯახა. ოთხივე თვითმფრინავის მგზავრები, ეკიპაჟი და ტერორისტები დაიღუპნენ.

2753 დაღუპულიდან იდენტიფიცირებულია მხოლოდ 1641

ტერაქტის დროს დაღუპული 2753 ადამიანიდან 16 წლის შემდეგ იდენტიფიცირებულია მხოლოდ 1641, აქედან 77% იყო კაცი, 23% – ქალი. დაღუპულების საშუალო ასაკი 38,5 წელია. ტერაქტის დროს დაიღუპა 5 წლამდე ასაკის სამი ბავშვი და 80 წელზე მეტის – სამი პენსიონერი. 11 სექტემბრის ყველაზე პატარა მსხვერპლი 2 წლის კრისტინ ჰენსონია, რომელიც მშობლებთან ერთად დისნეილენდში მიფრინავდა. 2001 წლის 11 სექტემბერს 3 051-მა ამერიკელმა ბავშვმა დაკარგა მშობლებიდან ერთი ან ორივე.

ტერაქტს ემსხვერპლა 87 სახელმწიფოს მოქალაქე. მათგან ყველაზე ბევრი დიდი ბრიტანეთის მოქალაქე (67 ადამიანი) აღმოჩნდა. ნანგრევებიდან ცოცხალი მხოლოდ 20 ადამიანი ამოიყვანეს.

ნიუ-იორკის სახანძრო დეპარტამენტმა დაკარგა 343 თანამშრომელი; ქალაქის პოლიციამ – 122 ადამიანი: 23 ოფიცერი უშუალოდ თავდასხმის დროს დაიღუპა, კიდევ 99 – მიღებული ტრავმებისგან.

სამძებრო სამაშველო სამუშაოებში 300-მდე მაშველი ძაღლი მონაწილეობდა. მათგან ბოლო, ოქროსფერმა რეტრივერმა ბრეტანიმ 2016 წლის ივნისამდე იცოცხლა.  ის სპეციალური პატივით, სალუტით და აშშ-ის დროშაში გახვეული დაკრძალეს.

ნანგრევების გატანას 261 დღე, ხანძრის კერების ჩაქრობას – 99 დღე დასჭირდა

მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ცათამბჯენების ნგრევას 2,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოჰყვა. შენობების ნგრევის დროს განადგურდა 1337 სატრანსპორტო საშუალება, მათ შორის სახანძრო სამსახურის 91 მანქანა.

“ტყუპებთან” ერთად დაინგრა 47-სართულიანი შენობა,  რომელიც მსოფლიო სავაჭრო ცენტრის კომპლექსის ნაწილი იყო.

სანაგვეზე გატანილი ლითონის კონსტრუქციები, საბოლოო ჯამში, ჩინეთში და ინდოეთში გაიყიდა. ჩინურმა ფირმა Bაოსტეელ-მა 50 ათასი ტონა ლითონი იყიდა (ერთი ტონა – 120 დოლარად).

დღეს, მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ადგილზე 09/11 ტერაქტში დაღუპულთა მემორიალი და მუზეუმია.

აშშ-ის ხელისუფლებამ 2001 წლის 11 სექტემბრის მსხვერპლთა ოჯახების 97%-ს დახმარების სახით 7 მილიარდი დოლარი გადაუხადა.

  • 18
  •  
  •  
  •  
  •