გელა ჩარკვიანი: “იქნებ, დროულად სიკვდილი სჯობდეს…”

„იქნებ დროულად სიკვდილი სჯობდეს. სიცოცხლე მყიფეა და, თუ დიდხანს ცხოვრობ, ბევრი უბედურება შეიძლება ნახო“,- ასე ეხმაურება მწერალი და დიპლომატი გელა ჩარკვიანი შატილში მომხდარ ტრაგედიას. ამის შესახებ იგი სოციალურ ქსელში წერს.

„თითქოს პირიქით უნდა იყოს, თუმცა სინამდვილეში, ასაკის მატებასთან ერთად, სულ უფრო მგრძნობიარე და სენტიმენტალური ხდები. ალბათობათა მზაკვრობით დაშინებული, მარად ცუდი ამბის გაგონებას ელი. იქნებ დროულად სიკვდილი სჯობდეს. სიცოცხლე მყიფეა და, თუ დიდხანს ცხოვრობ, ბევრი უბედურება შეიძლება ნახო.

მახსოვს, როგორ განიცდიდა უკვე ღრმად მოხუცებული მამაჩემი ჩემს ყოველ მოგზაურობას საზღვარგარეთ შევარდნაძესთან ერთად. წინათ ასე არ ვიყავიო, მეუბნებოდა. ტრაგიკულად დასრულებული ავტოავარიის ან ავიაკატასტროფის ყოველი შემთხვევა რამდენიმე დღით მოსვენებას მიკარგავს. მტანჯავს ყოველი ცნობა ადამიანის, განსაკუთრებით ახალგაზრდის და, კიდევ უფრო, ბავშვის სიკვდილის შესახებ, მსოფლიოს რომელ კუთხეშიც არ უნდა ხდებოდეს ეს. რაღა ის? რაღა იმ დროს? რაღა იმ ადგილას?

ახალი ამბების საიტებზე თვალს გადავავლებ ინფორმაციებს და თუ რაიმე „საეჭვოს“ შევნიშნავ, გამოვტოვებ, არ წავიკითხავ. არ მინდა კიდევ ერთხელ დავრწმუნდე ადამიანის სიცოცხლის სრულ დაუცველობაში. ვინ გვამასხარავებს ასე დაუნდობლად?!“,- წერს გელა ჩარკვიანი.

  • 4
  •  
  •  
  •  
  •