“ეს შენთვის, საქართველო” – აგვისტოს ომი, პეკინის ოლიმპიადა და ატირებული ზურა კახაბრიშვილი

ზურა კახაბრიშვილი: ყველა დილა, ყველა შეძახილი, განწყობა სხვანაირი იყო. ყველამ ულაპარაკოდ იცოდა, რომ ყველა გამარჯვება ეკუთვნოდა საქართველოს

2008 წლის 13 აგვისტო. “ეს შენთვის, საქართველო, შენთვის” – ეს სიტყვები საქართველოს ოლიმპიური ნაკრების აცრემლებულ მთავარ ექიმს, ზურა კახაბრიშვილს ეკუთვნის.

12 წლის წინ, როდესაც საქართველო კიდევ ერთხელ უძლებდა რუსული ჩექმის სიმძიმეს, მის ტერიტორიებს რუსული ჯარი არბევდა, იტაცებდა და ხოცავდა ადამიანებს, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე მანუჩარ კვირკველიამ საქართველოს, პეკინში, პირველი ოლიმპიური ოქროს მედალი მოუტანა.

ზურა კახაბრიშვილი 6 ოლიმპიადაზეა ნამყოფი, მაგრამ დღეს ამბობს, რომ პეკინის თამაშებზე ემოციური არ ახსენდება. მაშინ, როდესაც მათი თანამემამულეები რუსეთთან ომში იხოცებოდნენ და სისხლს ღვრიდნენ, ჩინეთში მყოფმა ქართველმა სპორტსმენებმა, გადაწყვიტეს, რომ იქ გამოეჩინათ გმირობა.

ოლიმპიური ნაკრების მთავარი ექიმის თქმით, პეკინის თამაშებზე, არცერთ ქართველ სპორტსმენს არცერთ რუს სპორტსმენთან არ წაუგია, მათ შორის, ფრენბურთელებსაც კი, რომლებიც ოკუპანტებთან ფავორიტებად არ მოიაზრებოდნენ.

“ყველაზე ემოციურად პეკინის ოლიმპიური თამაშები მახსენდება. პირდაპირ გეტყვით, მაშინ მიდიოდა იმაზე საუბარი, რომ დაგვეტოვებინა პეკინი, დავბრუნებულიყავით სამშობლოში და გვეომა სხვათა მსგავსად, თუმცა, მე, გიორგი ასანიძემ, დავით გობეჯიშვილმა დაჟინებით მოვითხოვეთ, რომ არ უნდა წამოვსულიყავით, რადგან ეს ნიშნავდა პროტესტს თამაშებისადმი. ვიღაცეებს ეს უნდოდათ, მაგრამ ოლიმპიური თამაშები თავის დროზე სწორედ იმიტომ გამოიგონეს, რომ ომები შეწყვეტილიყო და ეს არ იქნებოდა სწორი. ბოლოს, მაღალჩინოსნებმაც გვითხრეს, დარჩით და იომეთო. ფაქტიურად, ყველა რუს სპორტსმენს მოვუგეთ, არ წაგვიგია, ფრენბურთელებმაც კი გაიმარჯვეს. მახსოვს, რა ვიგრძენი მაშინ იქ, უსუსურობის განცდა გვქონდა, რომ რუსეთმა თავისი ჩექმით და ტანკით გადაგვიარა, მაგრამ შემდეგ გაჩნდა მოტივაცია, რომ ჩვენ რუსეთის არ გვეშინია, გებრძვით. ბიჭებსაც და გოგონებსაც ძალიან მაღალი მოტივაცია ჰქონდათ, ყველა დილა, ყველა შეძახილი, განწყობა სხვანაირი იყო. ყველამ ულაპარაკოდ იცოდა, რომ ყველა გამარჯვება ეკუთვნოდა საქართველოს, იმ გმირებს, ბიჭებსა და ოჯახებს. ეს იყო მუხტი, რომელიც ყველაზე ძლიერად სწორედ პეკინში დავინახე და სწორედ ამან განაპირობა ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შედეგი. რაც მოხდა, კვირკველიას გამარჯვების შემდეგ, სპონტანური იყო. მართლა საქართველოსთვის გაკეთდა ყველაფერი – ცრემლები მომდიოდა, ეს შენთვის, საქართველო, შენთვის.

მახსოვს ის დილა, 13 აგვისტო გათენდა. ირაკლი ცირეკიძესთან შევედი და მანუჩარ კვირკველიამ მოითხოვა, ზურა უნდა გამომყვესო. მივედი, შუბლზე ვაკოცე, ლოყაზე ხელი მივარტყი და ვუთხარი, დღეს, შენ ოლიმპიური ჩემპიონი ხდები-მეთქი. რა იციო? – გახდები, იმიტომ, რომ ვიცი-მეთქი.

კვირკველიასთან სხვანაირი ბრძოლა იყო, ფსიქოლოგიური. წინა ოლიმპიადაზე, ათენში, მე და კვირკველია მოგვხსნეს და ნოზაძის გამოსვლას ტრიბუნაზე ვუყურებდით, ამიტომ, მინდოდა, რომ ახლა ბოლომდე მის გვერდით ვყოფილიყავი ბეგი დარჩიასთან ერთად. მანუჩარს ვუთხარი, შენ დღეს მოიგებ და მე მეორე ოქროსაც ავიღებ დღესვე-მეთქი. ასე აგიხდეთ ყველაფერი. ცირეკიძემ, ოცი წუთის შუალედში, მეორე ოქროს მედალი მოიპოვა. სხვა დროს არ მიტირია ოქროს მედალზე, ეს განსაკუთრებული იყო. მთელი საქართველო გვიყურებდა. ვგრძნობდით უსუსურობას, ვკარგავდით ტერიტორიებს, ადამიანებს და პარალელურად, ჩვენ ამ გამარჯვებით ვიყავით ამაყები, რომ საქართველოს დროშა ავაფრიალეთ, შემოვახვიე კვირკველიას მხრებზე დროშა და ამ დროს, ფეხზე იდგა ყველა – რუსიც, მონღოლიც და იაპონელიც”, – “ოლიმპიურ დღიურებთან” 12 წლის წინანდელ თამაშებს იხსენებს ზურა კახაბრიშვილი.

ასევე, ძალიან ემოციური იყო ამავე დღეს ძიუდოისტ ირაკლი ცირეკიძის გამარჯვება. ოქროს ფინალში, რუსი პერიშევი შებოჭა და ამ გამარჯვების შემდეგ, სრულიად მსოფლიოს ზურგისკენ მიანიშნა, სადაც დიდი ასოებით ეწერა – GEO.

პეკინის თამაშები ტრიუმფით დაასრულა თავისუფალი სტილით მოჭიდავე რევაზ მინდორაშვილმაც. ოლიმპიური ნაკრების მთავარი ექიმის თქმით, მინდორაშვილმა ოქრო მოტეხილი თითით მოიგო.

ამ კადრებს რომ ვუყურებ, გულჩვილი ვხდები, ცრემლები მომდისდა როგორ არ უნდა აგეტიროს ზურა კახაბრიშვილის დანახვაზე, რომელიც აცრემლებული იძახის – ეს შენთვის საქართველო, შენთვისმადლობა თქვენ, ყველას, რომ ამხელა სიხარული გვაჩუქეთ! ❤️🇬🇪🇬🇪🇬🇪Anano Kakhabrishvili

Posted by Magda Kldiashvili on სამშაბათი, 26 მაისი, 2020

  • 454
  •  
  •  
  •  
  •