რა თანხა დევს ბაჩალიაშვილის ანაბარზე და რა პრობლემებზე მიუთითეს გარდაცვლილის მამას

გარდაცვლილ თამარ ბაჩალიაშვილის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, ბაჩალიაშვილის ანაბრებთან დაკავშირებით მოთხოვნა ყველა ბანკში გაგზავნილია და დეტალებს ექსპერტიზა დაადგენს.

მიხეილ რამიშვილი განმარტავს, მისთვის უცნობია, თუ რა რაოდენობის თანხა ინახებოდა ბაჩალიაშვილის ანაბარზე და კონკრეტულად ვის გულისხმობდა, ის, რომ ეს თანხა გამოეყენებინა.

ამასთან, ადვოკატისთვის უცნობია, კონკრეტულად ვინ უთხრა გარდაცვლილის მამას, რომ მის შვილს პრობლემები ჰქონდა.

„მე ვერ გეტყვით, ეს გამომძიებელია, რიგითი პოლიციელი, თუ თანამდებობის პირი, ამაზე კონკრეტულად მამა გასცემს პასუხს, როცა ის საგამოძიებო ორგანოებში მივა. წარმოდგენა არ მაქვს რა პრობლემაზეა საუბარი, იმ პიროვნებამ მამას დაურეკა და უთხრა – „თქვენი შვილი შარებშიაო“. ამასთან, წერილი არ ყოფილა, ეს იყო ფერად ფურცელზე დაწერილი – ჩემ ანაბარზე არსებული თანხა გამოიყენეთო, ვისი მისამართით არის დაწერილი, ვინ უნდა გამოიყენოს, რომელ ანაბარზეა საუბარი, ვერ გეტყვით, ამას ექსპერტიზა დაადგენს. მოთხოვნა გაგზავნილია ყველა ბანკში და იქიდან როცა პასუხი მოვა, გავეცნობი და გეტყვით“, – აცხადებს რამიშვილი.

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი, რომელსაც სამართალდამცავები ხუთი დღის განმავლობაში ეძებდნენ, 22 ივლისს საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს. ოჯახი თვითმკვლელობის ვერსიას გამორიცხავს.

პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, თამარ ბაჩალიაშვილის მამა დაზარალებულის უფლებამონაცვლედ  ცნეს და საქმის მასალების გაცნობა შესთავაზეს.

ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტში 2020 წლის 19 ივლისს დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, თამარ ბაჩალიაშვილის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. 24 ივლისს, საქმეს დაემატა კვალიფიკაცია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს თვითმკვლელობამდე მიყვანას.

  • 27
  •  
  •  
  •  
  •