ჩხუბი “შევარდენის” ვარჯიშზე: დავით თარგამაძემ თანაგუნდელი სცემა (ფოტო, ვიდეო)

საფეხბურთო კლუბ შევარდენის ვარჯიშზე, მუხიანში მდებარე სტადიონზე, დღეს ფიზიკური დაპირისპირება მოხდა ფეხბურთელებს შორის.

“რეკორდერის” ინფორმაციით, ინციდენტის ინიციატორი “ცეკვავენ ვარსკვლავების” ფინალისტი, დავით თარგამაძე იყო, რომელსაც თანაგუნდელმა, 19 წლის ბექა ხარშილაძემ ვარჯიშზე ბურთი მოარტყა.

როგორც თვითმხილველი ჰყვება, თარგამაძე გააღიზიანა ბურთის მოხვედრამ და სწორედ ამის გამო დაიწყო ფიზიკური დაპირისპირება ფეხბურთელებს შორის. როგორც წყარო “რეკორდერს” უყვება, ხარშილაძემ აუხსნა თარგამაძეს, რომ ფეხბურთია და შესაძლოა ბურთი მოგხვდეს კიდეც და ეს სათამაშო მომენტი იყო, თუმცა თარგამაძის პასუხი იყო აგრესიული, რომ მან არ იცის ვისთან აქვს საქმე და რომ მის სახელსა და გვარს დააზეპირებინებს.

ამის შემდეგ თარგამაძემ თანაგუნდელს უკვე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

ფიზიკურ დაპირისპირებას ადგილი რამდენჯერმე ჰქონდა. საბოლოოდ, ინციდენტი გუნდის სხვა ფეხბურთელებმა განმუხტეს და თანაგუნდელები გააშველეს.

“რეკორდერმა” ჩხუბის გაშველების ვიდეოც მოიპოვა, რომელიც ფიზიკურ ინციდენტს ადასტურებს.

საფეხბურთო კლუბ “შევარდენში” “რეკორდერს” ინციდენტი დაუდასტურეს, უფრო ზუსტად კი აცხადებენ, რომ ადგილი ჰქონდა სიტყვიერ კამათს.

“მხოლოდ გიდასტურებთ იმას, რომ მოხდა სიტყვიერი შელაპარაკება ვარჯიშის დროს. ასევე გიდასტურებთ, იმას, რომ კლუბი ემიჯნება ყველანაირ ძალადობას.თუ მოხდა ასეთი ფაქტი, აუცილებლად იქმება კლუბის ხელმძღვანელობისგან შესაბამისი რეაქცია”, – განაცხადეს კლუბში.

 

 

  • 476
  •  
  •  
  •  
  •