“ამოგშანთავთ! – არ გაგახარებთ!” – შალვა რამიშვილი “TV პირველს” ემუქრება

“POSTV”-ის ხელმძღვანელი შალვა რამიშვილი, “TVპირველს” ემუქრება. “POSTV”-ს ეთერში გასულ  ერთ-ერთ გადაცემაში, რამიშვილი ნოდარ მელაძეს და “TV პირველის” გუნდს უპირისპირდება და ღია ბრძოლას უცხადებს.

“პირდაპირ გეუბნებით, ბატონო ნოდარ და ვიღაცეებო, “TV პირველში’, ვინც დარჩით მანდ, ბოლომდე მივალ, არ გაგახარებთ, მართალი ვარ, მართლები ვართ და აი, როგორც მე, შალვა რამიშვილს მიყურებთ, ამოგშანთავთ! ყველა კანონიერი მეთოდით, ტელეეთერიდან. ასეთი სიბინძურე და ქაქი არ უნდა მოედინებოდეს არცერთი ტელევიზიიდან. გაგექცევათ ხალხი? – ძალიან კარგი, დარჩება? – მით უარესი მათთვის. ხომ იცით რომ ჯიუტობა არ გვაკლია?! – თქვენ ბიჭო ვისთან, სად ბლატაობთ? ვინ ხართ საერთოდ? საიდან მოხვედით, რატომ აღმოცენდით?! – თქვა რამიშვილმა მისივე არხის პირდაპირ ეთერში.

შალვა რამიშვილის მუქარის განცხადება, “TV პირველში” განვითარებულ მოვლენებს მოჰყვა.  არხზე ერთი თვის წინ ჟურნალისტი ნოდარ მელაძე, საკუთარ გუნდთან ერთად მივიდა.  12 ივნისს არხი ტელეწამყვანებმა ვახო სანაიამ, ნინო ჟიჟილაშვილმა და გადაცემა “პოლიტმეტრის” შემოქმედებითმა ჯგუფმა დატოვეს.

შალვა რამიშვილის მუქარამ  “TV პირველის”  პოლიტიკურ თოქ-შოუ “რეაქციის” წამყვანი, ინგა გრიგოლია “გაამხიარულა” –  “დილიდან ვიცინი” წერს ის სოციალურ ქსელში.  რამიშვილის მუქარას გამოეხმაურა არხიდან წამოსული ვახო სანაიაც: “მეგონა, გუშინ ბოლოჯერ ვახსენე ტვ პირველი, მაგრამ ერთხელ კიდევ უნდა ვთქვა რაღაც. შალვა რამიშვილი რომ არის, ეგ წერს ტვ პირველს ამოვშანთავო. გუშინ წამოვედით ტვ პირველიდან, არ ვეთანხმებით ამ არხის მიერ აღებულ მიმართულებას და ჩვენი გზები გაიყო ცივილიზებულად, მაგრამ იქ ბევრი მეგობარი დაგვრჩა მე და ჟიჟის. საუკეთესო მოგონებები. ჰოდა, მოკლედ, ეს სამში გრძელი (ჩავამატე) არარაობა ემუქრება ახლა ტვ პირველს, ამოგშანტავთო :))))))  ესე იგი, სულ ასეა ხოლმე ტელესივრცეში – ვიღაც საიდანღაც მიდის, ვიღაც სადღაც რჩება, მაგრამ ეს შალვა რამიშვილი სულ რატომ რ ჩ ე ბ ა ხოლმე – ყ..დ ?! :)” (სტილი დაცულია)

ამავე თემაზე სოციალურ ქსელში მედიის წარმომადგენელთა არაერთი კომენტარია. სოცქსელის მომხმარებლები რამიშვილს საკუთარ ბიოგრაფიას ახსენებენ.

შეგახსენებთ, რომ 2005 წლის 27 აგვისტოს შალვა რამიშვილი საქართველის პარლამენტის წევრ კობა ბექაურისთვის ფულის გამოძალვის ბრალდებით დააკავეს. გავრცელებულ ოპერატიულ  მასალაში ჩანდა, რომ შალვა რამიშვილმა კობა ბექაურისაგან 30 000 დოლარი აიღო. გამოძალვის ფაქტს რამიშვილის პატიმრობა მოჰყვა.

კიდევ ერთ სკანდალში შალვა რამიშვილი 2016 წელს გაეხვა.  ტელეკომპანია “იმედის” ყოფილმა თანამშრომელმა, თათია სამხარაძემ შალვა რამიშვილს სასამართლოში სექსუალური შევიწროებისთვის უჩივლა.  2018 წლის იანვარში თბილისის საქალაქო სასამართლომ თათია სამხარაძის სარჩელი დააკმაყოფილა და შალვა რამიშვილს მორალური ზიანის – 2 000 ლარის ანაზღაურება დააკისრა. სააპელაციო სასამართლოს კოლეგიამ კი 12 დეკემბერს ძალაში დატოვა სასამართლოს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება. სასამართლომ არ დააკმაყოფილა შალვა რამიშვილის სააპელაციო საჩივარი, რაც  ნიშნავს იმას, რომ სასამართლომ კიდევ ერთხელ დაადგინა შალვა რამიშვილის მიერ თათია სამხარაძის სექსუალური შევიწროების ფაქტი და საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომ თათია სამხარაძე დისკრიმინაციული ქმედების მსხვერპლი იყო.

ვიდეო

  • 643
  •  
  •  
  •  
  •