“გუდ მესიჯ, ბედ მესენჯერ”! _ რა ვქნათ, რეიგანი (ტეტჩერი) ერთი იყო და ისიც მკვდარია – ჯიმი კენედი

– ამერიკის შეეთებულ შტატებში სისტემური რასიზმი არ არსებობს. რასიზმი როგორც ცალკე აღებული “ფენომენი”არსებობს და იარსებებს, სანამ არსებობენ განსხვავებული კანის ფერის ადამიანები დედამიწაზე. ისევე როგორც ჩვენთან ყოველთვის იქნებიან “გოიმები” და “სვეწკები”, სოფლელები და ქალაქელები და ა.შ.

რაც შეეხება სისტემურ რასიზმს, რომელიც მოიცავს როგორც კანონმდებლობას ასევე ინსტიტუციებს, მსგავს ხარვეზებს ამერიკაში ვერ ნახავთ. პირიქით, უამრავი საკანონდებლო ინიციატივა და აქტია გამოცემული, რომლითაც ეთნიკური უმცირესობა პრივილიგირებულია, როგორც სამსახურში დაქირავებისას, ასევე საგანმანათლებო ინსტიტუტებში მოსახვედრად. მაგალითად, თუ თეთრი ხარ, საშუალო ან დაბალი ქულებით ვერ მოხვდები ჰარვარდში, მაგრამ თუ ხარ აფრო ამერიკელი, ან ლათინო ამერიკელი, ან ადგილობრივი ინდიელი, მსგავსი ქულებით შეიძლება მოხვდე ჰარვარდში, პრინსტონში, იელში და ასე შემდეგ.

თუ ხარ ბიზნესი და ქირაობ 10 ადამიანზე მეტს, ძალიან მალე შეგამოწმებს ქალაქის ან შტატის შრომის დეპარტამენტი, თუ რამდენად არის ეთნიკური თუ რასობრივი უმცირესობა წარმოდგენილი დაქირავებულ მომსახურე პერსონალში.
სხვათაშორის მსგავსი ქვოტით გახდა თავის დროზე, დემოკრატი სენატორი ელიზაბეთ ვორენი ჰარვარდის პროფესორი, რომელიღაცა ბებიის ბებია ინდიელი იყოო და ინდიელი ვარ მეცო, მაგიტომ ეძახის ტრამპი დღემდე პოკაჰანტას.

რაც შეეხება პოლიციის აგრესიას, კვლევებისას (“ვაშინგტონ პოსტი”) დადგენილია რომ გასული უახლესი წლების განმავლობაში, პოლიციის მიერ მოკლულია დაახლოებით 1000 ადამიანი,

500 აქედან თეთრი, დიახ თეთრი, ნამდვილად! თეთრი!

250 აფრო ამერიკელი და დანარჩენი 250 სხვადასხვა რასის წარმომადგენელი. გასულ წელს პოლიციის მიერ მოკლულია 8 აფრო ამერიკელი და 18 თეთრი. ამერიკაში ყველა აფრო ამერიკელის გვარს ჩამოგითვლიან, მაგრამ ვერ გეტყვიან ვერც ერთი თეთრკანიანი მსხვერპლის სახელს, ვერც ერთის!

რაშია საქმე, რატომ არის ამდენი ხალხი უკმაყოფილო, რატომ არის ამდენი პროტესტი ?

პასუხი არის მარტივი – პოლიტიკა და დემოკრატიული პარტია.

90 პროცენტი შავკანიანი მოსახლეობის ხმას აძლევს დემოკრატიულ პარტიას, 5 პროცენტის გადასვლაც კი რესპუბლიკელების მხარეს, სავალალო შედეგს იწვევს დემოკრატებისთვის და ტრამპის პრეზიდენტობისას სამკვდრო სასიცოცხლო ბრძოლაზე არიან გადასულები. რატომ ? იმიტომ რომ ტრამპს ფანტასტიკური შედეგები აქვს ეკონომიკის თვალსაზრით; სამ მილიონ ნახევარი შავკანიანი ჩაეხსნა ე. წ. სასურსათო ბარათებს, ისტორიულ მაქსიმუმზეა როგორც შავკანიანი, ასევე ლათინო ამერიკელების დასაქმების პროცენტი. ტრამპის მკაცრი საემიგრაციო პოლიტიკა პოზიტიურად აისახება რასობრივი უმცირესობის დასაქმების კოეფიციენტზე და ა.შ.

დემოკრატიულ პარტიას, რომელსაც სიღარიბის დაძლევის თუ სოციალური კეთიდღეობისთვის გაწეული სახელმწიფო პროგრამებით, ხელ გაშვერილი და მათხოვრად ჰყავს ქცეული ამომრჩეველთა ფართო მასები, თაობები რომ ჰყავს გამოკეტილი ე.წ. გეტოებში. რასიზმი და მასთან ასოცირებული კონფლიქტები, მსხვერპლის სინდრომის კულიტივიზაცია, წაუგებელ თამაშად არის ქცეული გულუბრყვილო ამომრჩეველის დასარაზმად.

ცნობისთვის, 1940 წელს შვაკანიანი ოჯახების მხოლოდ 25 პროცენტი იყო მარტოხელა. დღეს ეს რიცხვი 80 პროცენტზეა ასული. ახლად დაბადებული შავკანიანი ბავშვების 78 პროცენტი იბადება “დაშლილ” ოჯახში. მარტოხელა დედების მრავალ შვილიან ოჯახებში დაბადებული ბავშვები, უმრავლეს შემთხვევაში სხვადასხვა მამებისგან იბადებიან. ხშირია შემთხვევა, როცა 8 ბავშვიდან რვასვე სხვადასხვა მამა ჰყავს. მარტოხელა ოჯახში გაზრდილი ახალგაზრდის შანსი, დარჩეს გაუნათლებელი, მოხვდეს ციხეში, გახდეს ნარკოდამოკიდებული, სტატისტიკურად ძალიან მაღალია. შავკანიანი მამაკაცების რაოდენობა წარმოადგენს ამერიკის მთლიანი მოსახლეობის 6 პროცენტს. ამ 6 პროცენტზე მოდის ამერიკაში ჩადენილი კრიმინალის ნახევარი. კრიმინალური ძალადობით გარდაცვლილი შავკანიანების 90 პროცენტი მოკლულია ისევ შავკანიანის მიერ.

60 იან წლებში ე.წ. ველფეარ პროგრამებმა ჩაანაცვლა მამა, რამაც სავალალო შედეგები მოუტანა როგორც შავკანიან, ასევე რასობრივად – მთლიან სპექტრს. 26 ტრილიონი დოლარია დახარჯული მას შემდეგ და უარესი შედეგებია ვინემ 1940 წელს.

ერთი კვიზის ფორმის კითხვაც უნდა დაგისვათ:
აბა რომელი რასის წარმომადგენლები არიან ყველაზე მდიდარი ფენა ამ გათახსირებულ, რასისტ, დამპალ კაპიტალისტურ ამერიკაში ?
-თეთრი ხო ალბათ ?
– მაინც თეთრი?
– სხვა რასას ვერ ფიქრობთ ხომ ?
– თეთრი ?
არა !
აზიელი ამერიკელები (ჩინეთი/კორეა/იაპონია) არიან ყველაზე მდიდარი რასა ამ “სისტემურად რასისტულ”ამერიკაში.

სამწუხაროდ, ლიბერალი და ლიბერალიზმი სალანძღავი გახდა შეერთებულ შტატებში და ძალიან არასწორად – მემარცხენე პოლიტიკური მიმდინარეობის თიკუნად. ეს ფანტასტიკური იდეა და იდეოლოგია სოციალიზმითა, მარქსიზმით, პოლიტკორექტულობით შენიღბული, დემოკრატების სახელს ამოფარებული პოლიტიკანების და იდეოლოგების ასპარეზად იქცა, რომელსაც არაფერი საერთო ლიბერალიზმთან არ აქვს.

ახლად განვითარებული მოვლენებით თუ ვიმსჯელებთ, დემოკრატიულ პარტიას, არც ხედვა, არც ლიდერშიპი არ ჰყავს და ვაზელინამოსმული, გადაკუზული პოლიტიკანების არენად იქცა, რომელიც ამომრჩევლის ხმის სანაცვლოდ ყველაფერზეა წამსვლელი.

ჩემი იდეოლოგია ცენტრისტულია, რომელიც უფრო ხშირად მარჯვნივ იხრება, თავს უფრო ლიბერტანიელად ვთვლი, ინდივიდუალიზმი, პირადი პასუხისმგებლობა, შრომის მოყვარეობა, სიტყვისა და პიროვნების თავისუფლება, პატარა მთავრობა, რომელიც ძალიან ნაკლებად ჰყოფს ცხვირს ინდივიდის ყოველდღიურ ცხოვრებაში.

არ მომწონდა ტრამპი და სიმართლე ითქვას რესპუბლიკელების “ნევერ ტრამპ” ფრთას ვეკუთვნი. მაგრამ ნოემბრის არჩევნებზე კაპიტულაცია გამოცხადებულ, უხერხემლო, თვალმაქც, ჩამოშლილ, ლიბერალიზმს ამოფარებულ სოციალისტებს, ისევ მიზოგენი, “ბული”, ნარცისი ტრამპი მირჩევნია… ის მანც ვიცი სად დგას.

“გუდ მესიჯ ბედ მესენჯერ” !  – რა ვქნათ, რეიგანი (ტეტჩერი) ერთი იყო და ისიც მკვდარია.

 

პ.ს.  მაქსიმალურად შევამოკლე, თემა დიდია და ამოუწურავი. იმედია მოვახერხე იმის მოკლედ გადმოცემა და გაზიარება რასაც ვფიქრობ.

 

ჯიმი კენედი – პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი

  • 732
  •  
  •  
  •  
  •