ნელი დოროყაშვილის თქმით, მას ბასილაშვილის მამა დიდ ტარიანი საგნით მისდევდა

ძალადობაში ბრალდებული ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლე ნელი დოროყაშვილი აცხადებს, რომ მას ფიზიკური შეურაცხყოფა ყოფილმა მეუღლემ მიაყენა, მისი მამა კი რაღაც საგნით გაეკიდა, რომელსაც ძალიან დიდი ტარი ჰქონდა და შესაძლოა ნაჯახიც იყო.

ეს განცადება, დოროყაშვილმა “კურიერთან” გააკეთა.

“არანაირ კავშირში არ ყოფილა ამ ინციდენტთან ქონებრივი დავა. დასრულებული გვქონდა ქონებრივი დავის საკითხი დიდი ხნის წინ. მოლაპარაკებით დავასრულეთ.

ბავშვს მივაკითხე წამოსაყვანად. დაპირისპირების მიზეზი ჩემთვის დღემდე გაუგებარია, უბრალოდ მივაკითხე ჩემს შვილს წამოსაყვანად. ექსპერტიზა ჩამიტარდა და ახლაც მიმდინარეობს. გირაოთი რომ გამოუშვებდნენ, არ ველოდი. ჩემს დანახვაზე, როცა მივაკითხე ჩემს შვილს, არ ვიცი რა მოუვიდა, მთვრალი იყო თუ რა სჭირდა, არ ვიცი, გამოგვეკიდა მე და ჩემს შვილს რაღაცა იარაღით. თვითონ იძახის, რომ ეს იყო გიტარა, თუ რაღაც. მე ვერ ვადასტურებ რა იყო, იმიტომ, რომ რაღაც დიდი ტარი ჰქონდა, მე მგონი იყო ნაჯახი. მე არც მახსოვს ეს დეტალები, ბავშვი მეჭირა ხელში და გამოვიქეცი. ერთი ის მახსოვს, რომ რაღაც მანქანაში ჩავჯექი. კონკრეტულად დეტალებს ვერ ვიხსენებ. მამა გამომეკიდა რაღაცა საგნით, რა საგანი იყო არ ვიცი, ჰქონდა ძალიან დიდი ტარი”, – განაცხადა ნელი დოროყაშვილმა.

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკოლოზ ბასილაშვილს 100 000 ლარიანი გირაო შეუფარდა.

საქართველოს პროკურატურამ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც ოჯახის წევრის მიმართ არასრულწლოვნის თანდასწრებით ძალადობას გულისხმობს.

  • 816
  •  
  •  
  •  
  •