ლუხუმ ჩხვიმიანი – ოლიმპიური თამაშები მაშინ არის მაგარი, როდესაც მას იგებ

კორონავირუსმა, ისევე როგორც სხვების, ლუხუმ ჩხვიმიანის დღის წესრიგიც შეცვალა. ევროპის, მეორე ევროპული თამაშების და მსოფლიო ჩემპიონის ერთადერთი საფიქრალი წელს ტოკიოში დაგეგმილი ოლიმპიური თამაშები იყო, თუმცა, ახლა სახლის პირობებში ცდილობს ფორმის შენარჩუნებს.

ქართველი ძიუდოისტი ფიქრობს, რომ ოლიმპიური თამაშების გადადებით ის მუხტი და ინერცია დაკარგა, რაც ამ დიდი ტურნირების მოგების შემდეგ ჰქონდა, თანაც, მსოფლიო ჩემპიონატი ხომ სწორედი იმ დარბაზში მოიგო, სადაც ოლიმპიური თამაშები უნდა გაიმართოს.

ლუხუმ ჩხვიმიანმა ყველა ეს შეჯიბრი მტკივნეული ხელით მოიგო, მას ექიმები ოპერაციას ურჩევდნენ, თუმცა სპორტსმენმა მედიკოსების რეკომენდაცია არ გაითვალისწინა და ახლაც ამბობს, რომ ურჩევნია, გაუძლოს ტკივილს, ვიდრე გარისკოს და არ იცოდეს შედეგი.

როგორ ინარჩუნებს ფორმას  და როგორია მისი ცხოვრება პანდემიის პირობებში – “ოლიმპიური დღიურების”  სტუმარი მსოფლიო ჩემპიონი ლუხუმ ჩხვიმიანია.

მაგდა კლდიაშვილი

– კორონა ვირუსმა სპორტსმენებსაც აურია თავისი გეგმები. იძულებითი დასვენების პირობებში, როგორ ინარჩუნებთ ფორმას და როგორია თქვენი რეჟიმი ახლა?

– ნამდვილად შეგვიშალა ხელი ამ პანდემიამ ყველას და ყველაზე მეტად – სპორტსმენებს. ჩაიშალა და გადაიდო ყველა შეჯიბრი, მათ შორის, ოლიმპიური თამაშებიც და ცოტა იმედგაცრუებულები ვართ. რაც შეეხება ვარჯიშს, ყველა დარბაზი დაკეტილია და სახლის პირობებში, არსებული შესაძლელობების პირობებში რასაც ვახერხებ, ესაა. კმაყოფილი არ ვარ საკუთარი თავით და ვერც ვერაფერს ვაკეთებდი განსაკუთრებულს. იმედი მაქვს, დაიწყება და აღდგება ნელ-ნელა საწვრთნელი პროცესები და შევძლებთ ჩვეულ რეჟიმში ვარჯიშს. იქნება საამისო პირობები და გამოვასწორებთ, ასე ვფიქრობ.

– ეს დარჩენილი დრო საკმარისი იქნება, რომ ეს გაცდენილი დრო აინაზღაუროთ და კვლავ ოპტიმალურ ფორმაში შეხვდეთ ოლიმპიურ თამაშებსა თუ სალიცენზიო ტურნირებს?

– ჩემთვის უკეთესი იქნებოდა და საუკეთესო ვარიანტი, რომ ახლა ჩატარებულიყო ოლიმპიური თამაშები. რამდენიმე თვის მსოფლიო ჩემპიონი ვიყავი და მგონია, რომ უფრო მარტივი იქნებოდა ჩემთვის. ახლა ისევ წელიწადზე ცოტა მეტი დროა დარჩენილი ოლიმპიადამდე და შრომის ხარჯზე შევძლებთ მიზნის მიღწევას. მჯერა, რომ ნებისმიერი ადამიანი, თუ მოინდომებს და მაქსიმალურ ენერგიასა და შრომას ჩადებს საქმეში, ყველაფერს მიაღწევს.

– ზუსტად ეს მინდოდა მეკითხა, ძალიან კარგი წელი გქონდათ შარშან, მოიგეთ ევროპის ჩემპიონატი, მეორე ევროპული თამაშები, მსოფლიო ჩემპიონატი. ყველაფერი, რისი მოგებაც შეიძლებოდა. ეს ინერციაც გექნებოდათ თამაშებზე. მისი გადადებით მუხტი ხომ არ დაგივარდებათ?

– კი, სწორედ ამის თქმას ვაპირებდი. ის მუხტი და ის დინამიკა, რაც მქონდა შარშან, ძნელი ასაკრეფი იქნება ჩემთვის და რთულად მისაღწევი ის ფორმა, რომელშიც შარშან ვიყავი. მსოფლიო ჩემპონატამდე, მსოფლიო ჩემპიონატზე და მას შემდეგ. ვემზადებოდი. ალბათ, ყველას გათვითცნობიერებული აქვს, რომ სპორტი არის რწმენა. როდესაც იგებ ერთ შეჯიბრს, შემდეგ მეორეს, შემდეგ მსოფლიოს, ისე, რომ არ კარგავ ტემპს, პირველ რიგში ეს არის რწმენა და თავდაჯერება, რომელიც სპორტსმენისთვის პირველია.

– გვახსოვს, რომ ხელი გტკიოდა და ამ მტკივნეული ხელით მოიგე მსოფლიო ჩემპიონატი. როდესაც მწვრთნელებს ვკითხეთ, ოლიმპიურ თამაშებამდე ოპერაციას ხომ არ გეგმავდი, მათ თქვეს, რომ რეაბილიტაციას ვერ მოასწრებდი. ახლა რა მდგომარეობაა, გეგმები ხომ არ შეგეცვალათ?

– გეტყვით – ხელი მსოფლიო ჩემპიონატამდეც და ევროპამდეც მტკიოდა. მხარი საოპერაციო მაქვს, ეს ორი წლის წინ მითხრა ექიმმა. არ ვარ იმ ტიპის ადამიანი, რომელსაც ექსპერიმენტები უყვარს და ოპერაციაც სწორედ ექსპერიმენტი მეგონა. შემიძლია, რაღაცის ხარჯზე მაინც ვიჭიდაო ამ ხელით. ოპერაცია გავიკეთო, ამის შემდეგ 8 თვე რეაბილიტაციას მოვანდომო და შემდეგ ისე არ გამომყვეს ხელი, როგორც ახლა მომყვება, არ მინდა გავრისკო. მირჩევნია, ცოტა გავიჭირვო, ტკივილები მქონდეს და გავუძლო, მაგრამ ვიცოდე, რომ მაინც მაჭიდავებს.

– ოლიმპიური თამაშები იაპონიაში, ძიუდოს სამშობლოში ტარდება. ზუსტად იმ დარბაზში, სადაც მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვე. რამდენად კიდევ უფრო რთული იქნება ოლიმპიური ჩემპიონის ტიტული იაპონიაში მხოლოდ თქვენთვის არა, სხვა ქვეყნის მონაწილეებისთვისაც, რადგან იაპონელებს უდიდესი მოტივაცია ექნებათ?

– იაპონიაში, ნებისმიერ ტურნირზე მონაწილეობა ყველა სპორტსმენისთვის ისედაც ძალიან რთულია. ყველა დამეთანხმება ამაში, ძიუდოს ვგულისხმობ. ამ შემთხვევაში, ჩემზე აქცენტი გაკეთდება, რადგან იაპონიაში, იმავე დარბაზში მოვიგე მსოფლიო ჩემპიონატი და ამ წონაში, აქცენტი ჩემზე გაკეთდება. მიუხედავად იმისა, რომ ტოკიოში ტარდება, არ მგონია ამან რამე ფსიქოლოგიური პრობლემა შემიქნას და ამაზე ფიქრში დროს არ დავკარგავ, რომ აი, ჩემზე მეტად არიან მომზადებულები და ჩემს მაქსიმუმს არ შევეცადო. თუმცა, იმასაც ვერავინ იტყვის, რომ ჩავა და ჭიდაობის მაქსიმუმს გამოავლენს, შეიძლება ეს ვერც მოახერხო, თუმცა, მოტივაციის ნაკლებობა ნამდვილად არ იქნება.

– სპორტსმენებს ხშირად ახასიათებთ ცრურწმენები. თქვენ ხომ არ გაქვთ რამე მსგავსი ან ამ ადგილს რამე განსაკუთრებული მნიშვნელობა ხომ არ აქვს მსოფლიოს მოგების შემდეგ?

– არა. ასე არ არის ნამდვლად. აგდებული დამოკიდებულებით ვიჭიდაო, რადგან ამ დარბაზში მსოფლიო მაქვს მოგებული, შეიძლება წავაგო ჩემს წონაში სუსტ მეტოქესთან, რომელთანაც არ უნდა ვაგებდე. არ მაქვს ცრურწმენა, რომ ეს დარბაზი და ეს კედლები მე მიმართლებს. მეც გამიგია, რომ სპორტსმენებს რაღაც შეჯიბრები კარგად აქვთ დაცდილი, ან რომელიმე არენაზე კარგად ჭიდაობენ, ჩემთვის ასეთი რამ არ არსებობს.

– ხშირად გაქვთ შეკრებები იაპონიაში და კარგად იცნობთ იქაურობას. არის მოლოდინი, რომ ტოკიოში ერთ-ერთი საუკეთესო ოლიმპიური თამაშები ჩატარდება ისტორიაში. თქვენ როგორ გგონიათ?

– სიმართლე გითხრათ, ჩატარებაზე, ორგანიზებაზე, სილამაზესა თუ სხვა დანარჩენზე, ისეთი წარმოდგენა მაქვს, რომ ასეთი ოლიმპიური თამაშები ალბათ, არ ჩატარებულა, რაც გველის. აქამდე, არ მიმიღია მონაწილეობა არცერთ ოლიმპიადაზე, მაგრამ წინასწარი მოლოდინი ასეთი მაქვს, რომ ყველაზე მაგარი იქნება, რაც აქამდე ჩატარებულა. თუმცა, მინდა ხაზი გავუსვა, რომ მაგარი ოლიმპიადა მაშინაა შენთვის, როდესაც მას იგებ.

– ასეთი განწყობით მიდიხართ ტოკიოში?

– კი. როგორი შეჯიბრიც არ უნდა ჩატარდეს და ყველაფერი მოწესრიგებული იყოს, თუ არ მოიგებ, რა მნიშვნელობა აქვს. ყველაზე მაგარი ოლიმპიური თამაშები მაშინ იქნება, სადაც არ უნდა ჩატარდეს და როცა არ უნდა ჩატარდეს, როდესაც მას იგებ. ერთეულები არიან ისეთი სპორტსმენები, მაგალითად ტედი რინერი, უსეინ ბოლტი, რომლებსაც რამდენჯერმე აქვთ მოგებული ზაფხულის თამაშები.

– იუმორით რომ შევხედოთ ამ პანდემიას, გრაფიკიდან გამომდინარე, საქართველოში და სახლში ყოფნა თითქმის არ გიწევთ. უკეთ გაიცანით ოჯახის წევრები?

– ოჯახის წევრები მადლიერები იყვნენ. იუმორით რომ ვთქვათ, დედაჩემი გახარებული იყო. ათი წელია, რაც დიდ სპორტში მოვხვდი, ნაკრებში ვარ და ხშირად გვაქვს შეკრებები, მითხრა, რაც სპორტში ხარ, იმის მერე სახლში ერთიანად ამდენი ხანი არ ყოფილხარო. ეცინებოდა.

  • 666
  •  
  •  
  •  
  •