ლადო გეგეშიძე: მთავარი ლიცენზიები და შედეგია

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი UWW-ს პასუხობს

ტოკიოს ოლიმპიური თამაშები ერთი წლით გადაიდო, შესაბამისად, ერთი წლით გადაიდო სალიცენზიო ტურნირებიც, თუმცა, ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანებამ უკვე გააკეთა თავისი პროგნოზები, თუ ვინ შეავსებს დარჩენილ ლიცენზიებს.

თუკი მსოფლიო გაერთიანება თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ვარაუდობს, რომ ვლადიმერ ხინჩეგაშვილი და ავთანდილ კენჭაძე შეძლებენ თამაშების საგზურის მოპოვებას, საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებზე UWW გათვლებს არ აკეთებს.

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებს, ამ მომენტისთვის ოლიმპიური თამაშების ორი ლიცენზია მძიმე წონებში აქვს. ნურ სულთანის მსოფლიო ჩემპიონატზე, იაკობ ქაჯაიამ (130კგ) და გიორგი მელიამ (97კგ) იაპონიის საგზურები გაინაღდეს, დარჩენილ წონებში კი ვლადიმერ გეგეშიძის გუნდს წელს, მარტსა და აპრილში, ბუდაპეშტსა და სოფიაში უნდა ებრძოლა.

ეთანხმება თუ არა ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანების პროგნოზებს და როგორ ემზადებიან მსოფლიო პანდემიის პირობებში, მასობრივ კარანტინში მყოფი მოჭიდავეები, “რეკორდერი” ლადო გეგეშიძეს ესაუბრა.

“ქვეყანაში და ზოგადად, მთლიანად მსოფლიოში არსებული ვითარების გათვალისწინებით, ჩვენი სპორტსმენებიც, რეგიონებში, სოფლებში კარანტინში იმყოფებიან და ცდილობენ, იზოლირებულად, შესაძლებლობების ფარგლებში ივარჯიშონ და ფორმა შეინარჩუნონ. პანდემიის გამო, გავითვალისწინეთ რეკომენდაციები და მარტის დასაწყისში, შევწყვიტეთ საწვრთნელი შეკრება, დავბრუნდით საქართველოში და ორი თვეა, ამ პირობებში გვიწევს, სხვათა მსგავსად ცხოვრება. ველოდებით რეკომენდაციებსა და გაიდლაინებს, რომლის მიხედვითაც, გვეცოდინება, როგორ და როდის შეგვეძლება ვარჯიშისა და მზადების განახლება.

რაც შეეხება ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანების პროგნოზს, ყველას აქვს თავისი აზრის გამოთქმის უფლება და ვინ რამდენ ლიცენზიას გააკეთებს, ამას ვნახავთ სალიცენზიო ტურნირების დასრულების შემდეგ, რომელიც მომავალ წელს გადაიტანეს. ამის გათვალისწინებით, ახლა ნაადრევი იქნება საუბარი იმ შემადგენლობაზე, რომელიც ლიცენზიებისთვის იბრძოლებს. ჩვენთვის, მწვრთნელებისთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს გვარებს. ის წავა ტურნირზე, ვინც უკეთეს ფორმაში იქნება. მთავარია ლიცენზიები და შედეგი.

ოლიმპიური თამაშების წელს მსოფლიო ჩემპიონატი არ ტარდება, თუმცა თამაშები გადაიდო და ჯერ ახალი კალენდარი დაზუსტებული არ არის. ამაზე საუბარი ახლაც ნაადრევი მგონია. მთავარია COVID 19 დაამარცხოს მსოფლიომ, თუმცა, კარგი იქნება, თუ მოგვიანებით ჩასვამენ ამ ტურნირს და ჩატარდება მსოფლიო ჩემპიონატი”, – განაცხადა ლადო გეგეშიძემ.

ტოკიოს ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ტურნირები, მომავალ წელს, მარტისა და აპრილის ბოლოს, როგორც დაგეგმილი იყო, კვლავ ბუდაპეშტსა და სოფიაში ჩატარდება.

  • 257
  •  
  •  
  •  
  •