ავთო კენჭაძე: გულშიც კი არ გამივლია, რომ ოლიმპიური თამაშების ლიცენზიას ვერ ავიღებ

თავისუფალი სტილით მოჭიდავე ავთანდილ კენჭაძე, ორ თვეზე მეტია რაჭაში, საკუთარ სოფელში, სახლის პირობებში ემზადება.

სხვათა მსგავსად, წელს, მისი მიზანიც ოლიმპიური თამაშების გარშემო ტრიალებდა. მოსაპოვებელი ლიცენზია და შემდეგ უკვე თავის კარიერაში, პირველ ოლიმპიადაზე უნდა ეასპარეზა, თუმცა მსოფლიო პანდემიად გამოცხადებულმა COVID-19-მა მისი გეგმებიც შეცვალა.

რამდენიმე დღის წინ, ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანებამ გამოაქვეყნა პუბლიკაცია და გააკეთა გათვლები, თუ რომელი ქვეყანა შეძლებდა დამატებით, დარჩენილ წონებში ლიცენზიების აღებას. საქართველოდან UWW-მ ასეთი ორი მოჭიდავე დაასახელა – რიოს ტრიუმფატორი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი და ავთანდილ კენჭაძე, რომელმაც ნურ სულთანის მსოფლიო ჩემპიონატი, სადაც ტოკიოს თამაშების პირველი ლიცენზიები გათამაშდა, ტრავმის გამო ჩააგდო.

ბუდაპეშტისა და სოფიას სალიცენზიო ტურნირები მომავალ წელს გადაიტანეს თამაშების მსგავსად.

სწორად მიიჩნევს თუ არა კენჭაძე ოლიმპიური თამაშების გადატანას და როგორ ინაჩუნებს ფორმას პანდემიის პირობებში – “ოლიმპიური დღიურის” სტუმარი ავთანდილ კენჭაძეა.

მაგდა კლდიაშვილი

– Covid 19 ის გამო ყველა ტურნირი, მათ შორის, ოლიმპიური თამაშებიც გადაიდო. ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, ფაქტიურად ნაკრები კარანტინშია გადასული, მზადება შეწყვიტეთ. ახლა სად ხართ და როგორ ინარჩუნებთ ფორმას?

– როგორც ადამიანთა დიდი ნაწილი, მეც კარანტინში ვარ, რაჭაში და ვცდილობ, სახლის პირობებში მაქსიმალურად ვივარჯიშო. რა თქმა უნდა, ამის გაკეთება სრულყოფილად შეუძლებელია, თუმცა, არ ვდუნდები და შეძლებისდაგვარად, ვაკეთებ ყველაფერს იმისთვის, რომ ფორმიდან არ ამოვვარდე. ვაგრძელებ მზადებას ოლიმპიური თამაშებისთვის, რომელიც 2021 წელს დაიგეგმა.

– საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი დიდი ხნის განმავლობაში თავს იკავებდა თამაშების გადადებისკენ. როგორ ფიქრობთ, რამდენად სწორი იყო ეს გადაწყვეტილება და რამდენად ხელს შეგიშლით ხელს, ოპტიმალურ ფორმაში შეხვდეთ თამაშებს?

– ჩემი აზრით, ოლიმპიური თამაშების გადადება სწორი გადაწყვეტილება იყო, რადგან მსოფლიო მოიცვა ამ ვირუსმა და არავინ იცის, თუნდაც გამოჯანმრთელებული ადამიანის ორგანიზმში, რა კვალი რჩება ვირუსისგან განკურნების შემდეგ და რა საფრთხის წინაშე შეიძლება დავდგეთ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ სპორტსმენები ვართ და იმუნიტეტიც უფრო ძლიერი გვაქვს, დაინფიცირების შემთხვევაში, გადავიტანთ ვირუსს, მაგრამ ამდენი მედიკამენტის მიღება, ანტიბიოტიკების და სხვა პრეპარატების, დადებით გავლენას არ მოახდენს ჩვენს ორგანიზმზე და გართულდება ოპტიმალურ ფორმაში დაბრუნება. ამიტომ, მივიჩნევ, რომ გადაწყვეტილება სწორი იყო და იმედია, წლის ბოლომდე ვაქცინაც იქნება. ჩვენ, სპორტსმენები, არსებული რეალობის გათვალისწინებით, ვცდილობთ, სათანადო ფორმა შევინარჩუნოთ. რამდენიმე თვინი ინტენსიური ვარჯიში საჭირო იქნება იმისთვის, რომ სათანადოდ მზად შევხვდეთ როგორც სალიცენზიო ტურნირებს, ისე თამაშებს.

– როდესაც კორონავირუსი პანდემიად გამოცხადდა, მსოფლიო მედია ალაპარაკდა იმაზე, რომ ეს სპორტსმენებში დოპინგის მოხმარების რისკს გაზრდდიდა და იქნებოდა “დოპინგის ცუნამი”, სწორედ ამიტომ, მათ იმაზე ადრე დაიწყეს თამაშების გადადებაზე ლაპარაკი, ვიდრე ეს გადაწყვეტილება სოკ-მა მიიღო. ხედავთ ამ საფრთხეს თქვენ?

– ამ საკითხში ნამდვილად არ ვარ ჩახედული. დოპინგი ყოველთვის მკაცრად კონტროლდება სპორტსმენებში და ასე იქნება ახლაც. არავის ეპატიება აკრძალული პრეპარატების გამოყენება. ჩვენი მედიკოსები, ექიმები ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ამ სიაში ქართველები არ მოხვდნენ. თუნდაც, არ მივიღოთ ის მედიკამენტები, რომელიც პირდაპირ დოპინგი არ არის, მაგრამ აკრძალული პრეპარატების სიაშია, ანტიბიოტიკი იქნება თუ სხვა რამ. სავარაუდოდ, ყველა ქვეყნის მედმუშაკი ჩაიხედავს ამაში და ისეთს არაფერს მისცემენ სპორტსმენებს, რომ დოპინგტესტზე ჩავარდნენ.

– რადგან დოპინგს შევეხეთ, ნურ სულთანის მსოფლიო ჩემპიონატზე ფრანგ მეტოქესთან დამარცხდით, რომელმაც ოლიმპიური თამაშების ლიცენზიის მოპოვება შეძლო. მოგვიანებით კი, ის დოპინგტესტზე ჩავარდა და ლიცენზიაც ჩამოერთვა. ახლა ორმაგად ხომ არ გწყდებათ გული ყაზახეთში ნაჩვენებ რეზულტატზე, რადგან ტოკიოს თამაშების ლიცენზია ჯერ ისევ არ გაქვთ.

– არა, ნამდვილად არ დამწყდა გული, რადგან იმ ტურნირისთვის მზად არ ვიყავი. მსოფლიო ჩემპიონატამდე თვენახევრით ადრე, პირველ შეკრებაზე ტრავმა მივიღე იდაყვე. იოგები მქონდა გაწყვეტილი და მთელი ეს პერიოდი სარეაბილიტაციო ცენტრში გავატარე. მომზადებული რომ ვყოფილიყავი და სათანადო ფორმაში, გაჯიევის დოპინგი ჩემზე არ იმოქმედებდა. შევძლებდი მის დამარცხებას. სხვა დროსაც შევხვედრივარ მას და არ ყოფილა ძალაში სხვაობა იმ მსოფლიო ჩემპიონატსა და დანარჩენ ტურნირებზე. მე არ ვიყავი შესაბამის ფორმაში, რომ მაქსიმუმი გამეკეთებინა.

– სალიცენზიო ტურნირები გადაიდო. თქვენ ელოდებით თქვენ ლიცენზიას, რომელიც მომავალ წელს გათამაშდება. ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანებამ გამოაქვეყნა პუბლიკაცია, სადაც ის საუბრობს, თუ რომელი ქვეყანა რამდენ სავარაუდო ლიცენზიას აიღებს, თავისუფალი სტილით ჭიდაობაში, საქართველოდან ფავორიტებად თქვენ და ხინჩეგაშვილი დაგასახელეს. ავთო კენჭაძეზე გაკეთდა უკვე ფსონი, არის თუ არა ეს თქვენთვის სტიმულის მომცემი?

– არასდროს მიყვარს საუბარი ჩემს შესაძლებლობებზე, მირჩევნია შეჯიბრზე გამოვიდე და დავამტკიცო, თუ რა შემიძლია. ჩემს ფიქრებშიც კი არ დავუშვებდი იმას, რომ შეიძლება ლიცენზია ვერ ამეღო, რადგან ჩემს თავს უკვე წარმოვიდგენ იმ სპორტსმენების სიაში, ვინც ოლიმპიადაზე უნდა მიიღოს მონაწილეობა. იმის შესაძლებლობა მაქვს, რომ ლიცენზია მოვიპოვო და ვფიქრობ, სწორი გათვლა გააკეთა ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანებამ, როდესაც მიიჩნია, რომ მე ვარ ერთ-ერთი კანდიდატურა, ვისაც ლიცენზია ეკუთვნის.

– რაც შეხება ნაკრების შანსებს, ამ დროისთვის 2 ლიცენზია გვაქვს, UWW ფიქრობს, რომ დამატებით კიდევ მხოლოდ ორი ლიცენზიის მოპოვება შეუძლია. საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებს. როგორ ვარაუდობთ, შეძლებს ნაკრები ყველა ლიცენზიის მოპოვებას?

– პირადად მე, თავს შევიკავებ დავასახელო ის ბიჭები, ვინც ლიცენზიას მოიპოვებენ, მაგრამ ამ სიტუაციამდე, როდესაც ჩვენ სალიცენზიო ტურნირები უნდა გვეჭიდავა, ვფიქრობდი, რომ თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებიდან ყველა სპორტსმენს ჰქონდა შესაძლებლობა და შანსი, ლიცენზია მოეპოვებინა. 2021 წლის სალიცენზიო ტურნირებამდე კიდევ დიდი დროა და ვნახოთ, როგორ იქნება. ვინ როგორ შეხვდება სალიცენზიო ტურნირებს, ვინ როგორ მოემზადება და როგორ მოახერხებს ფორმაში შესვლას. ასე წინასწარ თქმა რთულია. დარწმუნებული ვარ, რომ ბიჭები მაქსიმუმს გააკეთებენ და შეეცდებიან, ყველა წონაში ავიღოთ ლიცენზია.

– ოლიმპიური თამაშების გამო, წელს მსოფლიო ჩემპიონატი დაგეგმილი არ იყო, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ თამაშები ერთი წლით გადაიდო, ჭიდაობის გაერთიანება ახალ კალენდარზე მუშაობს. ყველა ასაკობრივ კატეგორიაში, მათ შორის, 23-წლამდელებსა და ვეტერანებში პლანეტის პირველობა დაგეგმილია, გარდა უფროსებისა. არის თუ არა საჭირო მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარება აუცილებელი, რადგან ყველა სპორტსმენი, სხვათა მსგავსად, დამოკიდებულია ხელფასსა თუ პრემიაზე, რომელსაც თუნდაც ამ ტურნირზე ნაჩვენები შედეგი განსაზღვრავს. ფინანსურადაც, იქნება თუ არა რთული მოჭიდავეებისთვის, თუ არ ჩატარდება ესა თუ ის ტურნირები და შეჯიბრებები?

– რა თქმა უნდა, აუცილებელია მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარება, რადგან ერთ წლიანი პაუზა ძალიან დიდია მოჭიდავეებისთვის. გარდა იმისა, რომ ეს გვჭირდება სპორტული კუთხით, როგორც აღნიშნეთ, ამასთან არის ფინანსებიც და ეს ყველაზე ცუდად იმოქმედებს. კარგი იქნება, თუ გვიან შემოდგომაზე ჩატარდება, როდესაც ჩაწყნარდება ეს ვითარება. ლიცენზიების საკითხიც საინტერესო იქნება, ორი წლით ადრე გაკეთებული ლიცენზიით ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობა რამდენად სწორია, არ ვიცი.

– უკვე ითქვა, რომ მოპოვებული ლიცენზიები არ გაუქმდება და ძალაში დარჩება. ის ორი ტურნირი კი, რომელიც ბუდაპეშტსა და სოფიაში უნდა ჩატარებულიყო, მომავალ წელს, იმავე დროს გაიმართება.

– მაშინ, აუცილებელია მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარება, თუნდაც ლიცენზიები არ ამოვარდეს. ფორმის შენარჩუნებისთვისაა საჭირო, როგორც მინიმუმ.

– თქვეს ყველა უშუალო კონკურენტს – სიდაკოვს, ბეროუზს, ჩამიზოს აქვს ოლიმპიური თამაშების ლიცენზია. პრინციპში, ოთხეულიდან მხოლოდ თქვენ დარჩით მის გარეშე ჯერ-ჯერობით. ვის მოიაზრებთ 74 კგ წონით კატეგორიაში იმ ოთხეულად, ვინც ოლიმპიური მედლებისთვის იბრძოლებს?

– სიდაკოვი, ჩამიზო, ბეროუზი, მაინც მათ გამოვყოფდი.

– ოთხეულში არ მოიაზრებთ საკუთარ თავს?

– მეოთხე, რა თქმა უნდა მე ვიქნები (იცინის). ვფიქრობ, თამაშებზე თუ ჯგუფები ისე გადანაწილდა, რომ ეს სპორტსმენები ბადის სხვადასხვა მხარეს მოხვდნენ, არ მგონია, რომელიმე მედლის გარეშე დარჩეს. შესაძლოა, ამ ოთხეულში ვიღაც არ მომიაზრებდეს და ახლა მათ უკან ვიყო, მაგრამ, ჩემი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, ვფიქრობ, თუ ყველაფერს სწორად გავაკეთებ, ნებისმიერი სპორტსმენისთვის შემიძლია კონკურენციის გაწევა და მაღალი საფეხურის დაკავება.

  • 426
  •  
  •  
  •  
  •