ბალავაძე-კარტოზიას სახელობის თბილისის გრან პრი გაუქმდა

ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანებას ჯერ-ჯერობით არც მსოფლიო ჩემპიონატი დაუგეგმავს

ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანების ახალი კალენდრის თანახმად, ვახტანგ ბალავაძისა და გივი კარტოზიას სახელობის თბილისის გრან პრი აღარ ჩატარდება.

საერთაშორისო ტურნირი, რომელსაც უკვე მრავალი წელია საქართველო ყოველ წლიურად მასპინძლობს, წელს ივნისში იყო დაგეგმილი, თუმცა კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით, ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანებას კალენდრის კორექტირება მოუხდა და ტურნირიც დღევანდელი მოცემულობით გაუქმებულია.

როგორც მსოფლიო გაერთიანების ვებ-გვერდზე განახლებული კალენდრიდან ვიგებთ, წელს არ ჩატარდება მსოფლიო ჩემპიონატი დიდებში, თუმცა UWW-ს შეცვლილ კალენდარში პლანეტის პირველობის ტიტულისთვის ჟუნიორები, კადეტები, 23-წლამდელები და ვეტერანებიც კი იბრძოლებენ.

სავარაუდოა, რომ ჭიდაობის მმართველი ორგანო უფროსებისთვის მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების თარიღსა და ადგილს მოგვიანებით დააზუსტებს, თუმცა, დღევანდელი მონაცემებით პლანეტის პირველობა დაგეგმილი არ არის.

ერთადერთი საერთაშორისო ტურნირი, რომელიც ქალაქ რუსთავში წელს, 10-12 ივლისს ჩატარდება, თემო ყაზარაშვილის სახელობის იქნება, სადაც მონაწილეობას კადეტები მიიღებენ.

  • 9
  •  
  •  
  •  
  •