საქართველოში COVID-19-ით გარდაცვალების მეორე შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში COVID 19-ით გარდაცვალების მეორე შემთხვევა დაფიქსირდა.

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, გარდაცვლილი 81 წლის ქალია. რატიანის განმარტებით, მეორე გარდაცვლილ პაციენტს, პირველის მსავსად, თანხმლები დაავადებები ჰქონდა. მკურნალობა გაიდლაინების მიხედვით მიმდინარეობდა, თუმცა დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი.

“ქალბატონი, რომელიც გადმოყვანილ იქნა თბილისის ზღვის ჰოსპიტლიდან 3 რიცხვში მისი მდგომარეობა თავიდანვე შეფასდა, როგორც სიცოცხლესთან შეუთავსებელი, გემოდინამიკის რღვევით. ჩატარებული კვლევის შედეგად, გამოვლინდა მწვავე რესპირატორული დისტრესი, ანამნეზში გადატანილი ჰქონდა მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი, მოციმციმე არითმია, გულის ქრონიკული უკმარისობა. პაციენტი მკურნალობის გაგრძელების მიზნით გადაყვანილ იქნა კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში, მკურნალობა მიდიოდა პროტოკოლისა და გაიდლაინების მიხედვით, მაგრამ შედეგი ვერ გამოიღო და დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი. ამ ეტაპზე კლინიკაში 53 პაციენტია, კოვიდ ინფიცირებული გვყავდა 41, რეანიმაციაში გვყავდა 5 პაციენტი, 4 აპარატზე. გუშინ გითხარით, რომ ერთი პაციენტის მდგომარეობა იყო ტერმინალური, ქალბატონი რომელიც გადმოყვანილია თბილისის ზღვის ჰოსპიტლიდან, მისი მდგომარეობა მიმღებშივე შეფასდა კრიტიკულად, სიცოცხლესთან შეუთავსებლად. ვინაიდან, შემოყვანისთანავე მჟავეტუტოვან წონასწორობაში იყო 7 და ნული, რაც იმას მიუთითებდა, რომ პაციენტის მდგომარეობა იყო კრიტიკული, ტერმინალური. პაციენტთან გამოვლინდა ორმხრივი მწვავე პნევმონია, მწვავე რესპირატორული დისტრესი, მწვავე სეფსისი, კლინიკურად გადატანილი იყო მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი, მოციმციმე არითმია, გულის ქრონიკული უკმარისობა არტერიული გიპერტენზიით. ჩატარებული კლინიკური კვლევებით დაისვა აღნიშნული დიაგნოზი პაციენტის მკურნალობის გაგრძელების მიზნით, გადაყვანილ იქნა კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში. ასეთ პაციენტებთან არსებობს სიმპტომური მკურნალობა და არაპათოგენეზური , მკურნალობა მიმდინარეობდა პროტოკოლების და გაიდლაინების მიხედვით და სამწუხაროდ, დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი”, – განაცხადა ლევან რატიანმა.

  • 12
  •  
  •  
  •  
  •