საქართველოში საყოველთაო კარანტინი გამოცხადდა

საკომენდანტო საათი 21:00- დან 06:00 საათამდე მოქმედებს

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საყოველთაო კარანტინი გამოცხადდა. განცხადება ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში, ბრიფინგზე გააკეთა.

გიორგი გახარიას განცხადებით, საყოველთაო კარანტინი ხვალ დილის 8 საათიდან დაიწყება. ამასთან ცხადდება ე.წ. საკომენდანტო საათი, მოქალაქეებს ქუჩაში გადაადგილება 21:00 საათიდან, დილის 6 საათამდე  აეკრძალებათ.

ახალი გადაწყვეტილებით,  70 წელს გადაცილებულ საქართველოს მოქალაქეებს სახლიდან გასვლა ეკრძალებათ იმ შემთხვევაში თუ ისინი არ მიდიან უახლოეს სასურსათო მაღაზიაში, აფთიაქსა და სამედიცინო დაწესებულებაში.

ასევე, აკრძალულია 3 პირზე მეტის შეკრება. როგორც გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ეს აკრძალვა არ ეხება სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქებს, სადაც სოციალური დისტანცია უნდა იყოს დაცული. მისივე თქმით, საწარმოები გააგრძელებენ მუშაობას და თუ საჭირო გახდება, მათთვის ცალკე პროტოკოლი გაიწერება.

“კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის მეტროთი გადაადგილება. დასაშვებია მხოლოდ მსუბუქი ავტომობილებით, მათ შორის ტაქსით მგზავრობა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გათვალისწინებული იქნება ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაცია და ავტომობილში იქნება მხოლოდ სამი ადამიანი, მათ შორის მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ორი ადამიანი განთავსდება უკანა სავარძელზე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რეკომენდაცია, რომლის არ გათვალისწინების შემთხვევაშიც შესაბამისი სახელმწიფო ორგანოები მიიღებენ შესაბამის გადაწყვეტილებებს. ასევე მგზავრთა გადაყვანა დასაშვებია მხოლოდ სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების თანამშრომელთა ორგანიზებული და უსაფრთხო გადაყვანის მიზნით”, – განაცხადა პრემიერმა.

 

  • 89
  •  
  •  
  •  
  •