COVID19 / საქართველოში ინფიცირებული 91 ადამიანიდან, 18 გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 91 -მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.

კარანტინის რეჟიმშია 4717 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 268 პირი.

ინფორმაციისთვის, 91 ადამიანიდან 18 გამოჯანმრთელებულია.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული ახალი, 91-ე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე მძიმე არ არის.

მისი თქმით, ამჟამად კლინიკაში კვლავ 4 პრობლემური პაციენტი რჩება, რომელთაგან ორის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.

„ჯერჯერობით, კვლავ გვრჩება პრობლემური 4 პაციენტი, აქედან ორის მდგომარეობა კრიტიკულია, ორის კი ძალიან მძიმე პნევმონიით. შემოსული ახალი პაციენტის მდგომარეობა ამჟამად არსებული მონაცემებით მძიმე არ არის“,- აცხადებს ეზუგბაია.

მისი განცხადებით, ინფიცირებული ახალი პაციენტი საქართველოში დაბრუნების შემდეგ თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.

„ჩამოსვლიდან თვითიზოლაციაში იმყოფებოდა“,-განუცხადა ჟურნალისტებს მარინა ეზუგბაიამ.

მისი განმარტებით, კორონავირუსზე 7 პაციენტის ტესტია აღებული და მათი პასუხები ხვალ გახდება ცნობილი.

„დღის მეორე ნახევარში აღებულია დაახლოებით 7 პაციენტზე ტესტირება და ვნახოთ ხვალ დილით ამ 7 პაციენტიდან რამდენს დაუდასტურდება“,-აღნიშნავს ეზუგბაია.

  • 86
  •  
  •  
  •  
  •