კორონავირუსის საფრთხე და ბავშვები – ცნობილი პედიატრის რჩევები მშობლებს

თემურ მიქელაძე: მოარიდეთ ბავშვები 5-10 კაციან თავშეყრის ადგილებსაც კი!

საქართველოში, ამ დროისთვის, Covid-19-ით ინფიცირების უკვე 67 დადასტურებული შემთხვევაა. მათ შორის, გამოჯანმრთელდა 9 პაციენტი. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4055 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი რჩება – 252.

ინფიცირებულთა შორის რამდენიმე ბავშვია. ექიმების ინფორმაციით, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ვინაიდან ახალი ტიპის კორონავირუსი სათანადოდ შესწავლილი ჯერ კიდევ არ არის, მასთან დაკავშირებით, განსხვავებული მოსაზრებები ვრცელდება. ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, Covid-19 ბავშვებს ნაკლებად ემართებათ და თუ ისინი ინფიცირებულები მაინც არიან, შედარებით მსუბუქად გადააქვთ. რამდენად საფუძვლიანია ეს მოსაზრება, არსებული ვითარებიდან გამომდინარე? რა შემთხვევაში არის სახიფათო ეს ვირუსი ბავშვებისთვის და როგორ უნდა დავიცვათ ისინი ინფიცირებისგან?

კორონავირუსის საფრთხე და ბავშვები – ამ თემაზე, ინტერვიუ ცნობილ პედიატრს, მედიცინის დოქტორ თემურ მიქელაძეს ვთხოვეთ.

– ბატონო თემურ, საქართველოში ბავშვებს შორის კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა მარტის დასაწყისში დაფიქსირდა. დღეს უკვე რამდენიმე ინფიცირებული მოზარდი გვყავს, რაც, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობასთან შედარებით, მცირე მაჩვენებელი არ არის. დღევანდელი მსოფლიო რეალობიდან გამომდინარე, რა შეიძლება ითქვას ბავშვებში კორონავირუსის გავრცელების შესახებ? არსებობს თუ არა დადასტურებული ინფორმაცია, რამდენად სახიფათოა ეს ვირუსი ბავშვებისთვის და ბავშვთა რა ასაკობრივი ჯგუფი შეიძლება იყოს განსაკუთრებული რისკის მატარებელი?

-ასეთი სტატისტიკა ჯერჯერობით არ არსებობს, სანამ ეპიდემიოლოგები სარწმუნო მონაცემებს არ დადებენ. აღსანიშნავია, რომ ბავშვებს, მოზარდებთან შედარებით, ინფექცია უფრო მსუბუქად გადააქვთ. თუმცა, აღწერილია კრიტიკული შემთხვევებიც. სწორედ უსიმპტომო და მსუბუქად მიმდინარე ინფექციების დროს იზრდება მათი გავრცელებაც. ამდენად, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში, სკოლებსა და უნივერსიტეტებში სწავლის შეწყვეტა მოზრდილებისა და ხანდაზმულების დაინფიცირების პროფილაქტიკის საუკეთესო მეთოდია.

-დღეს, როდესაც ახალი ტიპის კორონავირუსის პარალელურად, აქტიურად ცირკულირებს სხვადასხვა ტიპის ვირუსი, გრიპი, გაციება, როგორ უნდა შევძლოთ იდენტიფიცირება, (ცხადია, სპეციალური ტექსტირების გარეშე), არის თუ არა ბავშვი Covid-19-ით ინფიცირებული? არსებობს თუ არა ბავშვთა ასაკში ახალი ტიპის კორონავირუსით შესაძლო ინფიცირების დროს განსაკუთრებული სიმპტომების თანხვედრა, რის შემდეგაც მშობელმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს და პირიქით, უსაფუძვლო განგაში არ ატეხოს, მაგალითად, ყოველი დახველების ან დაბალი ტემპერატურის დროს?

-დღესდღეობით, საქართველოში ცირკულირებს, პრაქტიკულად, ყველა ტიპის რესპირაციული ვირუსი: გრიპი H3N2, B ტიპის გრიპი, რინოვირუსი, ადენოვირუსი, რესპირაციულ-სინციტიალური ვირუსი, ჩვეულებრივი კორონავირუსი (და არა ახალი კორონავირუსი). მათი დიფერენცირება, კლინიკური ნიშნების მსგავსების გამო, საკმაოდ რთულია. ამიტომ, პირველ რიგში, როდესაც სატელეფონო ან ონლაინ-კონსულტაციას გავდივართ, პაციენტს ან მის მშობელს ვეკითხებით, ხომ არ ჰქონდა კონტაქტი დაინფიცირებულთან, ასევე, ვეკითხებით მოგზაურობის ისტორიას. თუმცა, ვირუსის ფართოდ გავრცელების დროს, აუცილებელია მასობრივი აგრესიული ტესტირება, რასაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია გვთავაზობს.

-თქვენ ცნობილი პედიატრიული კლინიკის – „მზიური მედის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ბრძანდებით, რომელსაც ყოველდღიურად, როგორც წესი, უამრავი ბავშვი და მშობელი სტუმრობს. არსებული ვითარებიდან გამომდინარე, უსაფრთხოების რა წესები უნდა შეიმუშაონ ბავშვთა კლინიკებმა, რათა, თავის მხრივ, ვირუსის გავრცელების წყარო არ გახდნენ?

-დიახ, უსაფრთხოების წესების დაცვა აუცილებელია. ჩვენ მკაცრად ვიცავთ დისტანცირების პრინციპებს – ორ მეტრამდე რადიუსით. რიგების თავიდან ასაცილებლად, პაციენტებს ვიბარებთ 20-30 წთ-იანი ინტერვალით. მკაცრად ვაფრთხილებთ ბავშვებს და მშობლებს, ხშირად არ შეეხონ სახელურებს, სამედიცინო ინვენტარს. რა თქმა უნდა, ყოველ დილა-საღამოს ვალაგებთ სველი წესით და ვატარებთ სადეზინფექციო სამუშაოებს.

-ბავშვების უდიდესი ნაწილი დღეს ონლაინ-სწავლის რეჟიმზე გადაერთო. დიდ დროს ისინი დახურულ სივრცეში ატარებენ, რაც მათ დამოკიდებულებას გაჯეტებზე კიდევ უფრო ზრდის. რას ურჩევდით მოზარდთა მშობლებს, რომ ბავშვების იძულებითმა იზოლაციამ, „კორონავირუსის ეპოქის“ დასრულების შემდეგ, მათი ჯანმრთელობისთვის სხვა, დამატებითი პრობლემები არ გამოიწვიოს?

-ეს მართლაც სერიოზული პრობლემაა. ამიტომ, ვიმედოვნებ, რომ ყველა ერთად, ჩვენი სოციალური პასუხისმგებლობით, მაქსიმალურად სწრაფად დავამარცხებთ კორონავირუსს. სასურველია, ონლაინ-გაკვეთილების შემდეგ, ბავშვი 15 წუთით მაინც ჩაიყვანოთ ეზოში (ჯერჯერობით, ჩვენი ეპიდემიოლოგიური სიტუაცია ამის საშუალებას გვაძლევს). ასევე, სასურველია, ბავშვი დაკავდეს მხატვრული ლიტერატურის კითხვით, მივაღებინოთ მონაწილეობა სხვადასხვა საოჯახო საქმიანობაში, საკვების მომზადებაში, ვუამბოთ სათავგადასავლო ამბები და სხვა.

-და ბოლოს, ახლა, როცა კორონავირუსის გავრცელება ახალ, კიდევ უფრო სახიფათო ფაზაში შედის, რა არის მთავარი წესები, რომლებიც დაგვეხმარება, დავიცვათ ჩვენი შვილები ინფიცირებისგან?        

-დაიცავით სოციალური დისტანცირება და გამოიჩინეთ პასუხისმგებლობა!

საქართველოში დღევანდელი ეპიდემიური სიტუაციის გათვალისწინებით, ბავშვები ეზოში, რეკრეაციულ და ღია სივრცეებში ჩაიყვანეთ 15 წუთიანი ხანგრძლივობით, 2-3-ჯერ დღის განმავლობაში!

არ დატოვოთ ეზოში მარტო, მოზრდილის მეთვალყურეობის გარეშე!

ხშირად დაიბანეთ ხელები გამდინარე წყლით. ხოლო, ასეთის არარსებობის შემთხვევაში, გამოიყენეთ სადეზინფექციო საშუალებები!

არ წაიყვანოთ ბავშვები და არც თქვენ წახვიდეთ ახლობლების, მეგობრებისა და ნათესავების მოსანახულებლად. ეკონტაქტეთ მათ ელექტრონული საშუალებებით!

მოარიდეთ ბავშვები 5-10 კაციან თავშეყრის ადგილებსაც კი!!!

არ წაიყვანოთ მარკეტებში. სასურველია, პროდუქტის შესაძენად იაროს ოჯახის ერთმა და იმავე წევრმა.  არ მოიმარაგოთ მალფუჭებადი პროდუქტები!

დაიცავით პირადი ჰიგიენის ნორმები!

ბავშვები  გაიყვანეთ ქალაქგარეთ, სოფლებში, იზოლირებულ  აგარაკებზე (თავი შეიკავეთ კურორტებისგან)!

არ შეხვდეთ მეზობლებსა და ნათესავებს!

  • 607
  •  
  •  
  •  
  •