პაატა ღუდუშაურს სამუდამო სასჯელი წლის ბოლომდე დისკვალიფიკაციით შეეცვალა

ღუდუშაურის ადვოკატი: გადაწყვეტილება შეიცვალა და ის სფფ-ს მაღალჩინოსანთან შეთანხმდა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დავების განმხილველმა ტრიბუნალმა, 10 თვიანი ლოდინის შემდეგ, “ვიტ ჯორჯიას” ყოფილი ფეხბურთელის, პაატა ღუდუშაურის აპელაცია განიხილა და მას, სამუდამო დისკვალიფიკაცია სეზონის ბოლომდე დისკვალიფიკაციით შეუცვალა.

ტრიბუნალის ხელმძღვანელმა, ზურა ბიწაძემ სხდომა მხოლოდ მას შემდეგ დანიშნა, რაც საქართველოს პროკურატურამ თებერვლის დასაწყისში, ფეხბურთელს საქმიდან განრიდების დოკუმენტი გაუკეთა და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობიდან გაათავისუფლა.

საქმე ეხება 2019 წლის 20 მაისს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ, პროფესიული მოსყიდვის ფაქტზე დაკავებული ფეხბურთელების საქმეს, რომლის სასამართლო პროცესიც დღემდე გრძელდება. საქმის მასალების შესწავლის შემდეგ, რასაც თან ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნაც დაერთო, რომლის თანახმადაც, 21 წლის მოთამაშე, თანაგუნდელებისგან მძიმე ფსიქოლოგიურ ზეწოლას განიცდიდა, სახელმწიფო ბრალდებამ ღუდუშაურთან განრიდების აქტი გააფორმა და მასთან საქმე დაასრულა.

“რეკორდერი” რამდენიმე თვის წინ ამ საქმეზე წერდა და კონტაქტი ჰქონდა ზურა ბიწაძესთან, რომელიც აცხადებდა, რომ პროცესი გონივრულ ვადაში ჩაინიშნებოდა, თუმცა, გონივრული ვადა 10 თვე გაგრძელდა. თუ რატომ, ამას ტრიბუნალის ხელმძღვანელი არ განმარტავდა.

რა უძღოდა წინ დავების განმხილველ ტრიბუნალში სხდომის დაწყებას:

“რეკორდერმა” ზურა ბიწაძეს მიმართა თხოვნით, სხდომაზე დაესწრო ჟურნალისტი, რაზეც უარი მიიღო.

სხდომის დაწყებამდე, “მიხეილ მესხზე” სფფ-ს სამართლიანი თამაშის კომიტეტის ხელმძღვანელმა, ვახტანგ ბზიკაძემ მედიას უთხრა, რომ ჟურნალისტებს დაასწრებდნენ, რადგან დასამალი არაფერი ჰქონდათ და სტადიონის დაცვაც გააფრთხილა, რომ მედიის წარმომადგენლები შეეშვათ, თუმცა, განხილვის დაწყებამდე, ბზიკაძე ჟურნალისტებთან აღარ ჩამოსულა, დაცვამ კი გვამცნო, რომ აღარ გვიშვებდნენ.

როგორც პაატა ღუდუშაურის იურისტი და უფლებადამცველი, ნიკა სადრაძე აცხადებს, პროცესის დაწყებიდან მალევე, ტრიბუნალის ხელმძღვანელმა, მისი და ღუდუშაურის მოსმენის შემდეგ, მხარეებს ფეხბურთელის ორ წლიანი პირობითი მსჯავრი შესთავაზა, რაზეც ფედერაციაც და ფეხბურთელიც დათანხმდნენ. იქვე გაკეთდა შეთანხმების აქტიც, რომელსაც ხელმოწერაღა აკლდა.

სადრაძე ამბობს, რომ ამ შეთანხმების შემდეგ, ზურა ბიწაძესთან ზარი განხორციელდა, რომელსაც მან სხდომაზევე უპასუხა და მას სავარაუდოდ, ფედერაციის მაღალჩინოსანმა დაურეკა. ზარის შემდეგ, ტრიბუნალის ხელმძღვანელი ოთახიდან გავიდა და შემოსვლის შემდეგ, მხარეებს განუცხადა, მორიგების პირობებზე თუ შეთანხდნენ, რაზეც სადრაძემ გაკვირვებულმა იკითხა, რომ ორ-წლიან პირობით მსჯავრზე ისედაც თანხმა იყო ორივე მხარე. ამის შემდეგ, ბიწაძე და ფედერაციის წარმომადგენლები დაახლოებით ორი საათის განმავლობაში ცალკე ოთახში თათბირობდნენ, სხდომათა დარბაზში დაბრუნების შემდეგ კი განაცხადეს, რომ ორ წლიან პირობით მსჯავრზე თანახმა არ იყვნენ. თუმცა, მანამდე, იყო მზაობა, რომ ღუდუშაური ფეხბურთს დღეიდანვე დაბრუნებოდა. თუმცა, ერთმა ზარმა ყველაფერი შეცვალა…
პროცესზე, ვახტანგ ბზიკაძემაც მიმართა ფეხბურთელს და აღნიშნა, რომ მისი საწინააღმდეგო არაფერი ჰქონდა და მხარს უჭერდა, რომ ის ფეხბურთს დაუყოვნებლივ დაბრუნებოდა. სწორედ ბზიკაძე იყო ერთ-ერთი ინიციატორი, რომ 2019 წლის მაისში, უკლებლივ ყველა ფეხბურთელს, სამუდამო დისკვალიფიკაცია მისცემოდა.

პაატა ღუდუშაური სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილების შემდეგ საფეხბურთო კლუბ “გარეჯთან” ფორმის შესანარჩუნებლად ვარჯიშობდა. გარეჯში ჩავიდა ბზიკაძე და მან ფეხბურთელს ვარჯიშის დატოვება მოსთხოვა, რის შემდეგაც ღუდუშაურმა ინდივიდუალური მზადება განაგრძო.

6 საათიანი მსჯელობის შემდეგ, ზურა ბიწაძემ გადაწყვეტილება გამოაცხადა.

გადაწყვეტილების გამოცხადებისას, ტრიბუნალის ხელმძღვანელს ყურადღება არ გაუმახვილებია სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნაზე.

“ვაცხადებთ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილს, რომელიც ძალაში შედის დღეიდან, ანუ გამოცხადების მომენტიდან.

ვიმსჯელეთ, გავითვალისწინეთ ერთის მხრივ ბატონი პაატას ასაკიც, მდგომარეობაც, გავითვალისწინეთ განრიდების ოქმიც, გავითვალისწინეთ, რომ ყველა ეს მოცემულობები სადისციპლინო კომიტეტს ანუ პირველ ინსტანციას არ ჰქონდათ ხელთ, მაგრამ ვერც იმას ვერ ავუარეთ გვერდი, რომ უმძიმესი შემთხვევა იყო, ფეხბურთში ყოველშემთხვევაში, ამაზე მძიმე დანაშაული არ არის, რაც აბსოლუტურად უკარგავს აზრს სპორტის სამართლიანობას და სამართლიანი შეჯიბრების პრინციპს. ყოველივე აქედან გამომდინარე, გადაწყვეტილება ჩამოვაყალიბეთ შემდეგი სახით:

სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილება ნომერი 01/04-06-19 შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით: სანქცია, 1000 ლარი რჩება ძალაში, სანქცია, ფეხბურთთან დაკავშირებული ყველანაირი საქმიანობის აკრძალვას სამუდამოდ იცვლება და იცვლება მოთამაშის დისკვალიფიკაციით 2020 წლის სეზონის ბოლომდე. სანქციად დამატებით გიწესდებათ პირობით გამოსაცდელ ვადად, რომელიც იმოქმედებს მხოლოდ და მხოლოდ 2021 წლის სეზონის ბოლომდე. გადაწყვეტილება საბოლოოა, შედის ძალაში და გასაჩივრებას არ ექვემდებარება. ყველაფერი ამის გათვალისწინებით, მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. იმედი გვაქვს, რომ განმეორებით აღარ მოგვიწევს ამ საკითხზე შეხვედრა. წარმატებულ კარიერას გისურვებთ, სხვა შემთხვევაში არ შეგვეძლო სხვა სანქციის დაკისრება”, – განაცხადა ზურა ბიწაძემ.

პაატა ღუდუშაურის უფლებადამცველი ნიკა სადრაძე ფიქრობს, რომ პროცესზე მხარეები თანახმა იყვნენ, ფეხბურთელს თამაში დღეიდანვე დაეწყო, თუმცა, საქმის ვითარება და მსვლელობა ფეხბურთის ფედერაციის მაღალჩინოსნის ზარის შემდეგ შეიცვალა.

სადრაძისთვის ასევე გაუგებარი იყო სფფ-ს წარმომადგენელი იურისტის პოზიცია განრიდების აქტთან დაკავშირებით, როდესაც ნანა გომართელი ამტკიცებდა, რომ ეს აქტი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას არ ითვალისწინებდა. სადრაძემ განუმარტა განრიდების აქტის მნიშვნელობა, რომლის შემდეგაც გომართელმა დააზუსტა, რომ ეს არ ნიშნავდა გამამართლებელ განაჩენს. ნიკა სადრაძემ კვლავ განუმარტა სფფ-ს წარმომადგენელს, რომ პროკურატურა არ არის სასამართლო და ფეხბურთელის ნასამართლეობა, განრიდების აქტის შემდეგ, საერთოდ არ დამდგარა.

ნიკა სადრაძის განცხადებით, ტრიბუნალზე ბოლომდე არ გაუთვალისწინებით არც პროკურატურის გადაწყვეტილება განრიდების თაობაზე და არც სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვითაც, 21 წლის ფეხბურთელი მძიმე ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ იმყოფებოდა.

“ბოლომდე არ გაუთვალისწინებიათ პროკურატურის გადაწყვეტილება პროკურატურის მ ხრიდან პაატა ღუდუშაურის საქმიდან განრიდების გაფორმების თაობაზე, მაგრამ ამ შემთხვევაში მთავარი ის არის, რომ სადისციპლინო კომიტეტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება – სამუდამო დისკვალიფიკაცია შეცვლილია, გაუქმებულია, და პაატა ღუდუშაურს დისკვალიფიკაცია მხოლოდ სეზონის ბოლომდე. თუმცა, მიუხედავად ამ გადაწყვეტილებისა და მიუხედავად იმისა, რომ სეზონის ბოლოს შემდეგ პაატა ღუდუშაური შეძლებს ფეხბურთის თამაშს, და ამით პირველ რიგში ბევრს მოიგებს ქართული ფეხბურთი, მე ვთვლი, რომ ეს არ არის მაინც სამართლიანი გადაწყვეტილება. ხვალიდანვე უნდა ჰქონოდა პაატა ღუდუშაურს შესაძლებლობა, რომ დაბრუნებოდა ქართულ ფეხბურთს.

– ჩვენთვის როგორც ცნობილია, იყო ამაზე საუბარი სხდომაზე. იყო შემოთავაზება ტრიბუნალის ხელმძღვანელის მხრიდან ორ წლიან პირობით სასჯელზე. რა მოხდა სხდომაზე?

– კი, იყო შემოთავაზება ორი წელი პირობითი, რაც ავტომატურად გულისხმობდა იმას, რომ დღევანდელი დღიდანვე შეძლებდა პაატა ფეხბურთის თამაშს. ბუნებრივია, ჩვენ თანახმა ვიყავით ამაზე. ის როლი, რა როლიც პაატას ჰქონდა კონკრეტულ საქმეში, არასდროს უარჰყვია, და ჩვენ თანახმა ვიყავით ამ ორ წლიან პირობით მსჯავს დავთანხმებოდით, მაგრამ ფედერაციის წარმომადგენლებიც თანახმა იყვნენ ამაზე და უნდა შემდგარიყო მორიგების აქტი, ტექსტი გამზადებული იყო, ხელმოსაწერად მზად იყო და შემდეგ, ორ თუ სამ საათიანი ლოდინის შემდეგ გვეუბნებიან, რომ მორიგების აქტი ვერ შედგება.

– რას ფიქრობთ, რა მოხდა?

– არ ვიცი, თუ ფედერაციის წარმომადგენელი პროცესზე აცხადებს, რომ თანახმაა მორიგების აქტზე, შემდეგ ორი საათი ველოდებით, ელემენტარული, ერთ გვერდიანი დოკუმენტის შევსებას, მერე გვეუბნებიან, თანახმა არ ვართო, სავარაუდოდ, მე ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი შეთანხმდა.

– ვისთან შეთანხმდა?

– ვფიქრობ, ფეხბურთის ფედერაციის მაღალჩინოსნებთან და შემდეგ მივიღეთ უარი. გასაჩივრება არ შეიძლება და მნიშვნელობა არ აქვს ჩემთვის, ვისთან რა თანხმდება. თუ ტრიბუნალი არსებობს და ტრიბუნალი არის სამართლიანი, მაშინ ტრიბუნალისთვის მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს ფედერაციის მაღალჩინოსანი ვინ არის და მხარე ვინ არის.

– პაატა ღუდუშაურმა გადაიხადა მოსაკრებელი ათი თვის წინ, რომ ტრიბუნალს განეხილა მისი აპელაცია, თუმცა, ზურა ბიწაძემ სხდომა მხოლოდ 10 თვის შემდეგ ჩანიშნა. რამდენად გონივრული იყო ეს ვადა?

– 9-10 თვე იყო, გონივრულ ვადაზე როცა მსჯელობენ, არ არის კონკრეტულად განსაზღვრული, რა არის გონივრული ვადა, მაგრამ 9-10 თვე ვერცერთ სამართალწარმოებაში ვერ ჩაითვლება გონივრულ ვადად. არ ვიცი, იმ მასალების შესწავლას 50-60 გვერდია, რატომ სჭირდება 9 თვე, ეს გაუგებარია ჩემთვის.

– განრიდების აქტთან დაკავშირებითაც უნდა გკითხოთ. როგორც ვიცით, ფეხბურთის ფედერაციის იურისტს, ამ საკითხზე პირადი მოსაზრება ჰქონდა და განაცხადა, რომ ეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას არ ნიშნავს. განგვიმარტეთ;

– კი, ზუსტად მახსოვს. განრიდების დოკუმენტი ნიშნავს პირის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას და ის აღარ ითვლება ნასამართლევ პირად, თუმცა ფედერაციის წარმომადგენელს ჰქონდა განსხვავებული პოზიცია და ამბობდა, რომ განრიდება არ ნიშნავს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობიდან გათავისუფლებას. არ არსებობს ასეთი რაღაც არსად საერთოდ.

  • 92
  •  
  •  
  •  
  •